ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღატაკი რაინდები


ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღატაკი რაინდები

(ნარკვევი რელიგიურ-რაინდული ორდენების  ისტორიიდან)

   მსოფლიოს ისტორია მდიდარია მრავალი ისტორიული ფაქტითა და მოვლენით, რომელთა შემოქმედებმაც, კონკრეტულმა ქარიზმატულმა პირებმა, უზარმაზარი კვალი დაამჩნიეს მის მიმდინარეობას და საბოლოო ჩამოყალიბებას. პირველადი და მეორედი წყაროების დეტალური და შესწავლა-ანალიზის მიუხედავად, თანამედროვე საზოგადოების ინტერესი ზემოხსენებული ისტორიული ფაქტების, მოვლენებისა და გამოჩენილი პირებისადმი განუხრელად იზრდება. ერთ-ერთ ამგვარ მიმზიდნელ ფენომენს ტამპლიერთა – ტაძრის რაინდთა ორდენი და მასთან დაკავშირებული ისტორიული პერიპეტიები წარმოადგენენ. საინტერესოა, რომ XIX – XXI საუკუნეებში რელიგიურ-რაინდული ორდენების  ისტორიულმა კვლევამ განსაკუთრებით მაღალ  დონეს მიაღწია, რასაც ადასტურებს უმდიდრესი სამეცნიერო ლიტერატურა. ამ მიმართულებით დიდი პროდუქტიულობით გამოიჩევიან ევროპის, რუსეთის, სომხეთისა და საქართველოს ისტორიული სკოლები. მაგალითისათვის საკმარისია დავასახელოთ ისეთ მკვლევართა სახელები როგორებიც იყვნენ გერმანელი ბიზანტინისტი ფრანც დოლგერი, ფრანგი ჟორჟ გარიტი, რუსი პეტრე უსპენსკი, სომეხი ნიკოლოზ ადონცი, ქართველები ზურაბ ავალიშვილი და გრიგოლ ფერაძე და კიდევ მრავალი სხვა.

ტამპლიერთა – ტაძრის რაინდთა ორდენის ისტორიის კვლევამ საგულისხმო შედეგებამდე მიგვიყვანა, რასაც, ეძღვნება წინამდებარე მოხსენება, თუმცა ვიდრე ჩვენი კვლევის შედეგებზე ვისაუბრებდეთ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ძალზე მოკლედ წარმოვადგინოთ ის ისტორიული ფონი, რომელზეც გაიშალა ჩვენთვის საინტერესო ორდენის საქმიანობა.

  • ორდენის დაარსების წინაპირობები

IX-Xსს-ში არაბთა არმია ერთი მეორეზე მიყოლებით წარმატებას ზეიმობს ბრძოლის ველზე. ყოფილმა მხედარმთავარმა, ბიზანტიის იმპერატორმა ნიკიფორე II ფოკამ (963–969წწ, ბარდა ფოკას შვილი, რომელსაც მხარი დაუჭირა დავით III კურაპალატმა 961-1001წწ ბიზანტიის კეისრის, ბასილი II-ის წინააღმდეგ წამოწყებულ  987-989 წლების აჯანყებაში. დავითის მისწრაფებამ სამემკვიდრეოდ შემოერთებინა არზრუმისა და ბასიანის ოლქები კრახი განიცადა) გადაწყვიტა, რომ ყველაფრის მიზეზი არაბთა რელიგიის სულისკვეთებაა – ყოველ შახიდს (ბრძოლის ველზე რწმენისათვის დაღუპულს) რელიგია სანაცვლოდ პირდება მუსულმანურ სამოთხეს, სადაც საშუალება ექნება სხვა უამრავ სიამოვნებასთან ერთად, მიეცეს ქალიშვილებსა და ვაჟიშვილებთან განცხრომას– იმპერატორი თვლის, რომ საჭიროა მსგავსი რწმენათ მისი მეომრებიც აღიჭურვონ, რის გამოც კონსტანტინეპოლის პატრიარქ პოლიევკისაგან ითხოვს, არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის ველზე დაეცემულთა წმინდანად აღიარებას.

პატრიარქი არამარტო უარით პასუხობს, არამედ დამატებით უცხადებს:

– გადარჩენილი მეომრები მხოლოდ და მხოლოდ მოწყალების გამო დაიშვებიან წმინდა საეკლესიო საიდუმლოებების მისაღებად, რადგან წესით 5 წლით უნდა განიკვეთონ, როგორც სისხლის დამღვრელნი.

პატრიარქის მოტივი გასაგებია – შეუძლებელია ბრძოლა სიძულვილის გარეშე, ხოლო სიძულვილი კი სულს აკნინებს.

ჯვაროსნული ომები იყო დასავლეთ ევროპული ქრისტიანული სამყაროს რელიგიურად და ეკონომიურად მოტივირებული ომები, რომელთაც საფუძველი ჩაეყარა მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში, როცა ბიზანტიის კეისარმა, ალექსი  I კომნენოსმა(1081-1118წწ), სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის მიმართა ევროპას, მან ითხოვა გარკვეული რაოდენობის რაინდების გამოყოფა. სამწუხაროდ იმპერატორი შორსმჭვრეტელი ვერ გამოდგა და არასწორი ნაბიჯი გადადგა როდესაც ეს თხოვნა შეადგინა რომის პაპისადმი. მას მხოლოდ ორასამდე კარგად მომზადებული და აღჭურვილი რაინდი სურდა, რათა გზებზე მიმოსვლის უსაფრთხოება დაეცვა. ამას მოჰყვა რომის პაპის ურბან II-ის  გადაწყვეტილება, რომელიც 1095 წელს წმინდა მიწის, იერუსალიმის, ურწმუნოთა ხელიდან გათავისუფლებას მოითხოვდა.

ამ პერიოდში ევროპაში ქაოსი სუფევდა და ეკლესიის პრესტიჟი ნელ-ნელა ეცემოდა, ამიტომ რომის პაპისთვის ალექსი კომნენოსის თხოვნა ძვირფასი საჩუქარი გამოდგა, მან კლერმონში ჯვაროსნული ლაშქრობისკენ მოუწოდა მოსახლეობას, რათა დაეხსნათ ქრისტეს საფლავი, რისთვისაც აღუთქვა, რომ მთელ ცოდვებს მიუტევებდა. I ლაშქრობა სწრაფად ამოქმედდა და კონსტანტინოპოლისკენ დაიძრა, რათა იქიდან მცირე აზიაში გადასულიყო და იერუსალიმისკენ მიმავალ გზას დადგომოდა. თავდაპირველად პაპის მიმართვა მხოლოდ საფრანგეთის  რაინდებს გაეგზავნა, თუმცა შემდეგში ლაშქრობა სრულმასშტაბიან სამხედრო კამპანიად გადაიქცა, ხოლო ამ იდეამ მთელი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები მოიცვა. ყველა ეროვნების რაინდები უბრალო ხალხთან ერთად აღმოსავლეთისკენ დაიძრნენ ხმელეთითა და ზღვით და 1099 წლის  ივლისში იერუსალი აიღეს. ამ ლაშქრობისას დაარსდა იერუსალიმის სამეფო და სხვა ქრისტიანული სახელმწიფოები მის გარშემო.

  • „ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღატაკი რაინდები“(ლათ. Pauperes Commilitones Christi Templique Solomonici)

რელიგიურ-რაინდული ორდენების ჩამოყალიბება (ტამპლიერები, იოანიტები ანუ ჰოსპიტალიერები და ტევტონები და ა.შ.) ჯვაროსნულ ომებს უკავშირდება. თუმცა, იოანიტების ორდენი მანამდეც არსებობდა, ოღონდ არა ასეთი ფორმატით. მათი მემკვიდრეა მალტის ორდენი, რომელიც XVIII ს-ში დაარსდა და დღემდე არსებობს. ტევტონთა ორდენი ამ სამთაგან ყველაზე გვიან შეიქმნა და მისი წესდება მთლიანად იმეორებდა ტამპლიერთა ორდენისას. ტამპლიერების მემკვიდრეებად კი თავს თვლიდნენ როზენკრეიზერები, თუმცა ისეთი ცალსახა კავშირი, როგორიც იოანიტებსა და მალტის ორდენს შორისაა, არ არსებობს.

ჯვაროსნულ ომებამდე შექმნილსა და მერე დაარსებულ ორდენებს (ბენედიქტელები, ფრანცისკანელები, დომინიკანელები, იეზუიტები…) სხვა დატვირთვა და ფუნქციები ჰქონდა. ეს იყო ერთგვარი მცდელობა ერთ ადამიანში გაეერთიანებინათ ბერი და სამხედრო მოღვაწე.

სწორედ ამ პერიოდში, XI საუკუნის მიწურულისთვის, ცნობილმა დიდებულმა, გოდფრუა დე ბუიონმა(გოტფრიდ ბულონელმა) სამხრეთ საფრანგეთის რაინდებთან საიდუმლო მოლაპარაკება დაიწყო, რის შემდეგაც 9 ფრანგი, “ხმლისა და შუბის” მეომარი გაერთიანდა, რათა ამ წმინდა ქალაქში ჩამოსული მომლოცველები სარაცინებისაგან (არაბები) დაეცვა. მეომრებმა ღმერთის წინაშე დაიფიცეს, რომ ამას ისინი უანგაროდ გააკეთებდნენ და თავად სიღარიბეში იცხოვრებდნენ. სწორედ ამიტომ მათ თავიანთ ბეჭედზე სიმბოლოდ ერთ ცხენზე მჯდომი ორი მხედარი გამოსახეს, როგორც თავშეკავებისა და სიღარიბის სიმბოლო.

სხვა ვერსიით, ტამპლიერთა ბეჭედზე გამოსახული სიმბოლო ორდენის წევრთა სიღარიბეს კი არ გამოხატავს დაარსების დროს, არამედ ერთ ცხენზე ამხედრებულ ბერსა და რაინდს (ჰუგო დე პაიენი და გოტფრიდ სენტ-ომერი), ანუ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთგვარ მცდელობას ინდივიდში გაეერთიანებინათ ბერი და სამხედრო მოღვაწე.

ცხრა ნარჩევი რაინდი იერუსალიმისკენ გაემართა, რომელთაც ჰუგო დე პეინი და გოდფრუა დე სენტ-ომერი ხელმძღვანელობდნენ. 1099 წელს (იერუსალიმის აღება ჯვაროსების მიერ) მათ იერუსალიმში ტაძრის ორდენი შექმნეს.

პირველი დიდი მაგისტრად ითვლება ჰიუგ დე პეინი (ფრანგ. Hugues de Payns ან Hugues de Payens დ. 1070, პეიანი, საფრანგეთი — გ. 24 მაისი, 1136), მისი სავარაუდო დაბადების ადგილედ მიიჩნევენ ტრუადან ათიოდე კილომეტრით დაშორებულ დასახლებულ პუნქტ პეიანს. მის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ჰიუგი ფრანგული არისტოკრატიის საშუალო წრიდან უნდა იყოს გამოსული და მონტინი-ლაჟესის სენიორი იყო. მას მამულები ჰქონდა ტონერის მიდამოებშიც. ჰიუგ დე პეინმა მონაწილეობა მიიღო პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობაში, 1099წელს იყო ორდენის დაარსების ერთ-ერთი თანამონაწილე, დაახლოებით 1100 წელს კი საფრნაგეთში დაბრუნდა. 1104—1114 წლებში გრაფ ჰიუგ დე შამპანს ახლდა პილიგრიმად იერუსალიმში, სადაც საბოლოოდ დამკვიდრდა კიდეც. ჰიუგ დე პეინს ჰყავდა ერთადერთი ვაჟი ტიბო, რომელიც მოგვიანებით სენ-კოლომბის აბატი გახდა.

ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღატაკი რაინდები (ლათ. Pauperes Commilitones Christi Templique Solomonici), ასევე ცნობილი როგორც ტამპლიერები ან ტამპლიერთა ორდენი (ფრანგ. Ordre du Temple ან Templiers), იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ორდენი დასავლეთ ევროპაში არსებულ სამხედრო-რელიგიურ ორდენებს შორის. ორგანიზაცია არსებობდა ორი საუკუნის მანძილზე შუა საუკუნეებში.

ტამპლიერები ეწოდათ ორდენის დამაარსებელთა თავდაპირველი რეზიდენციის სახელწოდების მიხედვით. ეს რეზიდენცია მდებარეობდა ეკლესიის მახლობლად, რომელიც გადმოცემით სოლომონის ტაძრის ადგილას იყო აგებული.

როგორც წესი მათი მოვალეობა გზებზე მომლოცველთა დაცვა და პალესტინასა და სირიაში ჯვაროსანთა სახელმწიფოების განმტკიცება-გაფართოება უნდა ყოფილიყო, თუმცა რადგან ისინი მხოლოდ ცხრანი იყვნენ, ამიტომ წმინდა ქალაქში დარჩნენ და რაიმე მნიშვნელოვანი მოვალეობა არ შეუსრულებიათ. ჯვაროსნულ ომებს რომის პაპები ტამპლიერებს იყნებებდნენ, არა მარტო “ურწმუნო” მუსულმანების წინააღმდეგ, არამედ მოგვიანებით “არასწორი ქრისტიანების”, მართლმადიდებლების წინააღმდეგაც.

მალევე ტემპლერთა რიგები ივსება და ხდება განხეთქილება. რამოდენიმე გავლენიანი რაინდი, ესქუენ დე ფლორიანს მეთაურობით ქმნის მონფოკონსკის პრიორიტატს და უპირისპირდება მთავარ მაგისტრს, საპასუხოდ ისინი გაირიცხნენ ორდენიდან. ამის შემდეგ ტემპლერებში იქმნება რჩეულთა საძმო – როზენკრეიზერები, რომლებიც მთავარ ბირთვს გამმოეყვნენ და დამოუკიდებლად მოქმედება დაიწყეს.( Rosenkreuzer, rosicrucians)

იერუსალიმის მეფემ, ბალდუინ II-მ(იოანე ბატონიშვილის ცნობით, ეს ის ბალდიუნ მეორეა, რომელიც დავით IV აღმაშენებლის გვერდით იბრძოდა, 1121წლის 12აგვისტოს, დიდგორის ველზე) გადაწყვიტა ღარიბი ტაძრელებისთვის სოლომონის ტაძრის ნანგრევები და მასთან განთავსებული სხვა ნაგებობები ჩაებარებინა. საინტერესოა, მაგრამ როგორც კი რაინდებმა ეს მიწა ხელში ჩაიგდეს, მაშინვე გათხრები წამოიწყეს. XIX საუკუნეში ინგლისელმა მეცნიერებმა სოლომონის ტაძრის გვერდით აღმოაჩინეს XI-XII საუკუნეების პერიოდში ჩატარებული გათხრების კვალი და დაამტკიცეს, რომ ეს სწორედ ჯვაროსანი ტამპლიერები იყვნენ, რასაც იქ აღმოჩენილი ნივთები და სამუშაო იარაღებიც ამტკიცებს.

თუმცა საინტერესოა, რას თხრიდნენ ისინი? და რატომ გააგზავნეს გათხრების დამთავრების შემდეგ ბერნარდ კლერვოელთან ორი დელეგატი ცნობებით და აღმოჩენილი “ნივთებით”? როგორც ცნობილია, ეს უძველესი ტექსტები იყო, რომლის წაკითხვა ვერცერთმა ტაძრელმა ვერ შეძლო, ხოლო უცხოებს ისინი თავიანთ საიდუმლოს არავითარ შემთხევაში არ გაუზიარებდნენ, ამიტომ ტექსტები სამხრეთ საფრანგეთში აფრინეს, სადაც ბევრი ებრაელი ემიგრანტი ცხოვრობდა, რომლებიც უკვე თითქმის ასიმილირებულები იყვნენ ფრანგებში. სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა მოახერხა ტექსტის გადათარგმნა, რის შემდეგაც დელეგატებმა წაიღეს მისი თარგმნილი ტექსტი დაბრუნდნენ უკან პალესტინაში, რის შემდეგაც ტამპლიერებმა ორმაგი ძალით განაახლეს არქეოლოგიური მუშაობა. რას მიაგნეს სოლომონის ტაძრის ნანგრევებში ტაძრელმა არქეოლოგებმა XX საუკუნეში ნაწილობრივ გახდა ცნობილი, ეგვიპტელი ახალგაზრდის წყალობით. წარწერები გაიშიფრა და აღმოჩნდა, რომ იქ დიდ სიმდიდრეზე და ძალიან ფასეულ ნივთებზე ყოფილა საუბარი. ამხელა სიმდიდრე როგორიც ტექსტში იყო აღწერილი, სწორედ სოლომონის ტაძარში ყოფილა დამარხული. თუ ეს სიმდიდრე რაინდებმა აღმოაჩინეს და გამოიყენეს, რატომღაა გასაკვირი, რომ ისინი ასე სწრაფად გამდიდრდნენ და წარმოუდგენელი გავლენა მოიპოვეს იმ დროინდელ მსოფლიოზე?!

მაგრამ სოლომონის ტაძარში იყო რაღაც უფრო ძვირფასიც, ეს გახლდათ უძველესი გრაგნილები, რომელზეც ებრაული ჩანაწერები იყო გაკეთებული. ტამპლიერებმა სასწრაფოდ შეკრიბეს ეს ხელნაწერები და საფრანგეთში გაატანეს ორდენის ყველაზე სანდო წევრებს. ამის შემდეგ ჰუგო დე პეინმა ორდენი იერუსალიმის პატრიარქის მორჩილებიდან გამოიყვანა, რის შემდეგაც რომის პაპის გარდა ისინი აღარავის ემორჩილებოდნენ. საინტერესოა ეს რატომ მოხდა, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი ცხადია, რომ სოლომონის ტაძრის გათხრების შედეგად მიღებული ჩანაწერებია.

ამავე დროს საფრანგეთში ბერნარდ კლერვოელმა და ჰუგო შამპანმა ვენდევრის ჭაობებში ყველასთვის უნცობ ადგილას კოშკი ააგეს, რომლისკენ მიმავალი გზა გასაიდუმლოებული იყო და მასთან მისვლა მხოლოდ საიდუმლო ორდენის წევრებს შეეძლოთ. ითვლება, რომ ტამპლიერთა აღმოჩენილი ნივთები სწორედ აქ ინახებოდა. ეს არ იყო მხოლოდ სიმდიდრე და უთვალავი განძეულობა, არამედ უძველესი ცოდნა, რომელიც წარსულის გრაგნილებმა შემოინახეს. ცოდნა, რომელიც მსოფლიოზე დიდ გავლენას მოახდენდა და რომელზეც აქამდე არაფერი იყო ცნობილი. რაინდებმა ტექსტების დიდი ნაწილი გაშიფრეს და საიდუმლოს ეზიარნენ, მაგრამ ისინი ისევ ფარულად მოქმედებდნენ და არავის არაფერს უმხელდნენ.

  • ტაძრელების წესდება და რიტუალები

ორდენის წევრები სამ ფენად იყოფოდნენ: რაინდებად, მღვდლებად, და სერჟანტებად (მსახურები, პაჯები, საჭურველმტვირთველები, ხელზე მოსამსახურენი, ჯარისკაცები, მცველები და სხვა). ტევტონური ორდენისგან განსხვავებით, ბერული აღთქმა ტამპლიერთა ყველა ფენისთვის იყო აუცილებელი, რაც მკაცრად უნდა დაეცვათ. აღქმის დადების შემდეგ ორდენის წევრს საძმოდან გასვლა აღარ შეეძლო. თავდაპირველად, ორდენის რაინდის წოდება მხოლოდ კეთილშობილი ფრანგების პრივილეგია იყო. მხოლოდ მათ შეეძლოთ მაღალი თანამდებობების (დიდი მაგისტრის, სამფლობელოს მაგისტრის, კაპიტულიერის, კაშტელანის, დრაპიერის) დაკავება. თუმც, ამ კანონს არცთუ მკაცრად იცავდნენ. რაინდებს შორის მრავლად იყვნენ ინგლისელები, იტალიელები, ესპანელები, ფლამანდიელები.

ორდენის წევრი რაინდი მორჩილების, სიღარიბისა და უქორწინობის აღთქმას დებდა. როგორც ამბობენ, ორდენის წესდება თავად წმინდა ბერნარმა შეადგინა, ხოლო 1128 წელს საფრანგეთის ქალაქ ტურში რომის პაპმა ჰონორიუს II-მ(1124-1130წწ) დაამტკიცა. ტამპლიერთა ორდენის წესდება ცისტერიანული ორდენის, ყველაზე მკაცრი და სასტიკი წესდების, გავლენით შეიქმნა. ეს უკანასკნელი არა სამხედრო-ბერული, არამედ კათოლიკურ-ბერული ორდენი იყო.

1128 წელს შემუშავებული წესდებით, ქალაქ ტრუაში ორდენი მკაცრ ცენტრალიზებულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და ოფიციალურად მიიღო ორდენის წესდება.  მალე ტამპლიერები ინგლისში პირველ მამულებსაც იღებენ. 1139 წელს პაპმა ინოკენტი II-მ ტამპლიერებს დიდი პრივილეგიები უბოძა, როდესაც გამოსცა „პაპის ბულა“, ამ ფაქტიდან ოციოდე წლის შემდეგ ისინი ფრანგთა მეფის ფინანსურ მრჩევლებად გვევლინებიან(დახ.1060წ).

ტამპლიერები აქტიურად მონაწილეობდნენ XII-XIII სს ჯვაროსნულ ლაშქრობებში, ორდენი თანდათანობით მდიდრდებოდა და მძლავრი პოლიტიკური ძალა ხდებოდა, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში ტამლიერების ორდენი უდუდესი ფეოდების მფლობელი გახდა. ორდენის გამდიდრების წყაროს ვაჭრობა, უმთავრესად მევახშეობა, წარმოადგენდა. ტამპლიერთა სახლი პარიზში ფართო საბანკო ოპერაციების ცენტრი ხდება.

წესდების თანახმად, ტამპლიერების ორდენის წევრი რაინდი საწურთოს მთლიანად უნდა განდგომოდა,  უარი უნდა ეთქვა ოჯახსა და ნათესავებზე. საკვებად მხოლოდ პური და წყალი უნდა ეხმარა. აკრძალული ჰქონდა ხორცი, რძის პროდუქტები, მწვანილი, ხილი და რა თქმა უნდა ღვინო. მხოლოდ უბრალო, ხამი ქსოვილისგან შეკერილი სამოსი უნდა ცმოდა.

თუ სიკვდილის შემდეგ რაინდ-ბერის ნივთებში ოქროს ან ვერცხლის ნაკეთობას, ან ფულს აღმოაჩენდნენ მას განწმენდილ მიწაში (სასაფლაოზე) არ დამარხავდნენ. თუ ასეთი ნივთები დასაფლავების შემდეგ აღმოჩნდებოდა, გვამს ამოთხრიდნენ და ძაღლებს საჯიჯგნად მიუგდებდნენ.

მათ ჰქონდათ ორი განსაკუთრებით ყურადსაღები რიტუალი. ეს იყო ორდენში მიღების რიტუალი და ბრძოლაში წასვლის წინ რიტუალი. ორდენში მიღების წინ რაინდი იფიცებდა რომ ის არასდროს არ უღალატებდა ორდენს და თუ უღალატებდა მისი საგვარეულო მთელი არსებობის მანძილზე ღმერთისგან წყეულიც ყოფილიყო. ხოლო ომში წასვლის წინ ყველა ისერავდა ხელს და ერთმანეთს აჭერდა ანუ ძმობას იფიცებდნენ და ყველა ისე იყო როგროც ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის.

ტამპლიერი რაინდები თეთრი მოსასხამებით იყვნენ მოსილი, რომლებზეც ალისფერი მალტური ჯვრები იყო გამოსახული. მათი საბრძოლო ყიჟინა იყო “ბოსენ!” შავ-თეთრ დროშაზე (შტანდარტი) ეწერა დევიზი: “ნონ ნობის ომინე” – 113 ფსალმუნის დასაწყისი სიტყვები: “ ნონ ნობის ომინე, ნონ ნობის სედ ნომინი ტუო და გლორიან”… – “არა ჩვენ, უფალო, არა ჩვენ, არამედ შენ სახელს მოჰფინე დიდება…”

  • ტამპლიერების შეიარაღება და საბრძოლო აღჭურვა, XII-XIV ს

ორი ასწლეულის განმავლობაში ტამპლიერთა აღჭურვილობა იცვლებოდა და უფრო და უფრო იხვეწებოდა. რაინდი-ძმები შემოსილები იყვნენ ჯაჭვის პერანგით, ტყავის ფეხსაცმლით და რკინის მუზარადით, რომელსაც სახის დასაფარი ჩაფხუტიც მიმაგრებული ჰქონდა. შეიარაღება შედგებოდა რაინდული ხმლის, შუბის, ფარის, თურქული ხანჯლისა და დანისაგან. ჯაჭვის პერანგის შიგნით ხშირად მტკიცე რკინის ბეგთარი ეცვათ, ხოლო ჯაჭვისა და ბეგთრის ზემოდან თეთრი (რაინდებს) ან შავი (სერჟანტებს), წითელი ჯვრით მოხატული ლაბადა ემოსათ.

ყოველ სერჟანტს თუ რაინდს ორი ასეთი ლაბადა ჰქონდა, ორი წყვილი ფეხსაცმელი, უხეში ტყავისგან დამზადებული სამოსელი და ორიც მოსასხამი (ერთი საზამთრო, ერთი საზაფხულო). ტამპლიერთა შეიარაღებაზე გავლენა იქონიეს არაბებმა და თურქებმა, ვისთანაც რაინდებს მუდმივი ომები ჰქონდათ გაჩაღებული ჯვაროსნული ლაშქრობებს პერიოდში. შუა საუკუნეების რაინდების უმეტესობა ჯაჭვის პერანგს ატარებდა, რომელიც ათასობით რკინის რგოლისგან იყო გაკეთებული და ძალიან მტკიცე ერთიან პერანგს ქმნიდა. თავდაპირველად ასეთი პერანგები ძალიან გრძელი იყო და რაინდს მუხლებამდე იცავდა, შემდეგ კი შედარებით შეამოკლეს. ჯაჭვის პერანგის შიგნით ზოგჯერ რბილი ნაჭრის პერანგს იცმევდნენ, რათა რკინას კანი არ დაეზიანებინა და რაინდი არ შეეწუხებინა. ჯაჭვის პერანგის ზემოდან ტყავის ან ტილოს სამოსს იცმევდნენ. ორდენის სერჟანტები და რიგითი ქვეითები მოკლემკლავებიან ჯაჭვის პერანგს ატარებდნენ, რომელიც ხელის მტევანს და მკლავს არ იცავდა, თუმცა შემდეგ ხელების კარგად დასაცავად რკინის ხელთათმანები შემოიღეს. თავს ჯაჭვის პერანგის კაპიუშონი ან სპეციალური ჯაჭვის თავსაბურავი იცავდა, რომლის ზემოდანაც ხშირად რკინის ზუჩს ჩამოიცმევდნენ, რომლითაც სახესაც იცავდნენ. უფრო გვიანდელ პერიოდში დიდი მუზარადების ხმარება დაიწყეს. ასეთი მუზარადი მთელ სახეს და თავის ქალას ფარავდა და მხოლოდ ორგან იყო ამოჭრილი, თვალების ადგილას, რათა რაინდს კარგად დაენახა ყველაფერი. ხშირად მეომრები ასეთი მუზარადის დახურვამდე, ტყავის ან ნაჭრის რბილ ქუდს იხურავდნენ, რათა რკინის ჩაფხუტს არ გაეკაწრა და დაეზიანებინა თავი. ასეთი ქუდის დახურვის შემდეგ მუზარადიც უფრო მტკიცედ და მჭიდროდ დგებოდა თავზე, რაც რაინდს უადვილებდა თავისუფლად მოქმედებას. ზოგიერთ შედარებით ღარიბ რაინდს და ტამპლიერების ორდენის სერჟანტებს ეხურათ უბრალო მუზარადები, რომელიც მხოლოდ ცხვირს და თავის ქალას იფარავდა.

XI-XII საუკუნეში ევროპაში შემოვიდა სამკუთხედის ფორმის ფარები, რომლებსაც უმთავრესად რაინდები იყენებდნენ. სამკუთხა ფარი ცხენზე მჯდარ რაინდს კისრიდან ბარძაყებამდე უნდა ჰქონოდა. ქვეითები უფრო მსუბუქ ფარებს იყენებდნენ, რომელსაც მრგვალი ან მართკუთხედი ფორმა ჰქონდა. დროთა განმავლობაში ქვეითის და რაინდის ფარი უფრო და უფრო მცირდებოდა და მსუბუქდებოდა. ფარზე ჩვეულებრივ მფლობელის გერბი იყო გამოსახული, მაგრამ ტამპლიერებს თავიანთი ორდენის კანონები უკრძალავდათ ფარის გემოვნებით მოხატვას, ამიტომ მათ თავიანთ ფარზე ერთ ცხენზე მჯდარი ორი რაინდის ან ორდენის ჯვრის გამოსახვა შეეძლოთ, რაც ტამპლიერთა სიმბოლოები იყო.

ხმალი რაინდის ყველაზე მთავარ იარაღს წარმოდგენდა და მისი ტარება ჩვეულებრივ გლეხ მეომრებს არ შეეძლოთ. ამ იარაღის ძალა მისი პატრონის მოხერხებაზე, ღონეზე და სამხედრო წვრთნაზე იყო დამოკიდებული. ასეთი ხმალი დაახლოებით 2-3 კილოგრამს იწონიდა და მზადდებოდა მტკიცე რკინით, რომლის გამოჭედვა შუა საუკუნეების მჭედლებმა კარგად იცოდნენ, თუმცა მაინც იყო ადგილები სადაც სხვასთან შედარებით უკეთეს ნაწარმს ამზადებდნენ, მაგალითად ევროპაში მილანი და ფლორენცია, ხოლო აზიაში დამასკო. ტამპლიერი რაინდის მთავარი იარაღიც სწორედ ხმალი იყო. ორდენის წევრები ატარებდნენ როგორც მსუბუქ, მოკლე მახვილებს, ასევე ორსახელურიან მძიმე ხმლებს.

რაინდისთვისაც კი ხელჩართულ ბრძოლაში ყოველთვის ხმლის გამოყენება არ იყო მართებული, განსაკუთრებით როდესაც მოწინააღმდეგის პირისპირ ძალიან ახლოს იმყოფებოდა. ასეთ დროს ტამპლიერებს, როგორც სხვა რაინდებს ჰქონდათ საბრძოლო ცულები და ჩუგლუგები. თურქული ჩუგლუგი ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ხელჩართული ბრძოლის იარაღად ითვლებოდა, რადგან ამ იარაღით აბჯრის დამსხვრევა საკმაოდ ადვილი იყო.

ტამპლიერთა ორდენის დაბალი რანგის მეომრები იყენებდნენ არბალეტებსაც, რომელიც იმდენად ეფექტური გამოდგა და იმდენი მსხვერპლი მოიტანა შუა საუკუნეების ომებში, რომ XI საუკუნეში ეკლესიამ აკრძალა მისი ხმარება ქრისტიანების წინააღმდეგ. არბალეტი საკმაოდ რთულად სახმარი იარაღი იყო და დიდ ენერგიას საჭიროებდა, ამიტომ ყველა მეომარს მისი გამოყენება არ შეეძლო და ისინი გრძელ, ინგლისური ტიპის მშვილდებს ხმარობდნენ.

ტამპლიერი ცხენოსანი რაინდების მთავარი იარაღი, როდესაც ცხენზე ამხედრებულები მტერს უტევდნენ, შუბი იყო. ორდენის მეომრებიც სწორედ ისეთივე შუბებს ატარებდნენ, როგორც მაშინდელი ევროპელი რაინდები. ასეთი მძიმე შუბები ნორმანდიელებმა შემოიღეს XI საუკუნეში და მას შემდეგ უაღრესად პოპულარული გახდა, განსაკუთრებით კი ტურნირებში, სადაც რაინდები ერთმანეთს ასეთი იარაღით ეჯიბრებოდნენ.

ევროპელი რაინდები იმისათვის, რომ ცხენზე საიმედოდ მჯდარიყვნენ, ამზადებინებდნენ სპეციალურ, მაღალ უნაგირებს, რომელიც თავსა და ბოლოში ძალიან იყო ამოზნექილი, რათა მეომარი მასზე მკვიდრად მოთავსებულიყო. ცხენებს ხშირად გარედან ჯაჭვის პერანგს ან ფირფიტოვანი აბჯრის ნაწილებს უმაგრებდნენ და ზემოდან ლაბადით ფარავდნენ, რომელიც პატრონის დროშისფრად იყო შეღებილი (ამ შემთხევაში ტამპლიერთა ფერებში, ანუ თეთრსა და წითელში). ასე დაცული ცხენი იშვიათად ხდებოდა მოწინააღმდეგის იარაღის მსხვერპლი და რაინდს მეტ სიმშვიდეს მატებდა, რადგან მან იცოდა, რომ ცხენის სიკვდილის შემთხევაში მალე შეიძლება მისი ბედი გაეზიარებინა, რადგან მძიმე აბჯრის გამო ძირს დაცემული მეომრები სხვისი დახმარების გარეშე ფეხზე ვეღარ დგებოდნენ.

  • ტემპლართა მიღწევები

მალე ტამპლიერთა საქმეებმა და დამსახურებებმა საქვეყნოდ გაითქვა სახელი. ორდენში უკვე 30 ათასი რაინდი გაერთიანდა და მას შემდეგ, რაც რომის პაპმა მათ პრივილეგიები მიანიჭა(1139წ.), ისინი უკვე ნებისმიერი ამქვეყნიური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელნი გახდნენ. ტამპლიერთა ისტორია ძალზე გრძელი და ბობოქარია. ორდენმა მანამდე უჩვეულო ძალაუფლებას, გავლენას და სიმდიდრეს მიაღწია. დიდი მაგისტრები მეფეებთან და პაპებთან, როგორც თანასწორთან, ისე საუბრობდნენ.

მათ დააფუძნეს საერთაშორისო საბანკო სისტემა და, არცთუ იშვიათად, ძლიერნი ამა ქვეყნისანი სწორედ მათ ანდობდნენ თავიანთ საგანძურს გარკვეულ პროცენტად. ორდენი ფულს არ იშურებდა გეოდეზიის(მეცნიერება, რომელიც სწავლობს დედამიწის ფორმებსა და ზომებს), კარტოგრაფიისა და ნაოსნობის გასავითარებლად.

ცოდნა/ინფორმაცია ეს არის ის, რამაც ტამპლიერებს განსაკუთრებული ძალა მისცა. საფრანგეთში, ტემპლარები წარმოადგენდნენ განსაკუთრებულად ძლიერ ძალას, ისინი დაკავებული იყვნენ ფინანსებით და ფაქტიურად შექმენს პირველი კორპორაცია მსოფლიოს ისტორიაში. ტამპლიერებმა მოახდინეს იეზუიტების ინფილტრაცია (შეგზავნა/გადმობირება) შემდეგ კი იეზუიტმა ადამ ვაისჰაუპტმა დაარსა ილუმინატების ორდენი, რომელმაც დაიმორჩილა ყველა მასონური ლოჟა გარდა საფრანგეთის დიადი აღმოსავლეთისა.

მაგრამ მალე მათმა დიდმა ქონებამ მოშურნეთა ყურადღება მიიპყრო. მათ შორის საფრანგეთის მეფისიც. ქონების გარდა, ისინი იმითაც გახდნენ საზოგადოების დაინტერესების ობიექტი, რომ ისტორიაში პირველად ტამპლიერებმა შექმნეს საკუთარი სახელმწიფო, რომელსაც არც საზღვრები გააჩნდა და არც რაიმე იდეოლოგიური ბარიერები. სამეფო კარის მხრიდან მათ თვალში ამოღებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ სამეფო ხაზინა ამ დროს უკვე დაცარიელებული იყო.

  • ტაძრის რაინდების დევნა იწყება

XIV საუკუნის დამდეგს საფრანგეთის მეფე ფილიპ IV ლამაზი იწყებს ორდენის წინააღმდეგ ბრძოლას. ტამპლიერებს ბრალი დასდეს მწვალებლობაში, მრავალ სხვა მანკიერებაში და 1307 წლის 13 ოქტომბერს ორდენის თითქმის ყველა წევრი დააპატიმრეს. 1314 წელს ორდენის დიდი მაგისტროსი ჟაკ დე მოლი და ყველა ტამპლიერი დაწვეს. ორდენის ქონებას სამეფო ხაზინამ კონფისკაცია უყო, ხოლო ავინიონის პაპმა კლემენტ V-მ  1312 წელს ორდენი საბოლოოდ გააუქმა. ამის მიზეზი მათი მართლაც რომ ზღაპრული სიმდიდრე იყო, მეფეს იმედი ჰქონდა მათი ქონებით ქვეყნის ვალებს გაისტუმრებდა. მან წამების შედეგად, მათ აღიარებინა მამათმავლობა კერპთაყვანისცემა და სხვა მძიმე ცოდვები (გაითვალისწინეთ: წამების შედეგად).

ორდენის უკანასკნელი ბრწყინვალე მაგისტრი ჟაკ დე მოლე იყო, სწორედ მას მოუწია ყველაზე დიდი გამოცდის ჩაბარება ტაძრელების რიგებიდან. მეფის ერთგული ჯარი, 1307 წლის 13 ოქტომბერს, პარასკევს გამთენიისას შეიჭრა ორდენის პარიზის რეზიდენციაში და სხვებთან ერთად დაატუსაღა დიდი ტაძრელების 23-ე მაგისტრი ჟაკ დე მოლი. შვიდი წლის განმავლობაში აწამებდნენ რაინდებს, რომ შეეტყოთ სად ინახებოდა მათი სიმდიდრე. რაინდებს დასწამეს უამრავი მოგონილი ბრალდებულობა, რის გამოც არქიეპისკოპოსი (ნარბონსკი) და სხვა სასულიერო პირები პროტესტის ნიშნად მეფეს განუდგნენ. მეფე არქიეპისკოპოსის ადგილას ნიშნავს გამცემ რაინდთა უფროს – გიიომა დე ნოგარეს.

ხანგრძლივი უშედეგო, ენით აუწერელი წამების შემდეგ, დასაწვავად მოედანზე მიიყვანეს დიდი მაგისტრი ჟაკ დე მოლიც. ბრალდებები მოგონილი და სრული სიყალბეა – ყვიროდა იგი – „თქვენ ვერასდროს ჩაიგდებთ ხელში ღვთის საიდუმლოებას! ჩვებ ვიცავთ მას, ქრისტეს რაინდები!“ ამ სიტყვებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფილიპე ასეთი გაფაციცებითა და მძვინვარებით მხოლოდ სიმდიდრისთვის კი არა, არამედ რაღაც უფრო მნიშვნელოვანის მოსაპოვებლად იბრძოდა და ანადგურებდა ყველას, ვინც გაბედავდა წინ გადადგომას.

დიდი მაგისტრი და მისი თანაშემწე დაწვეს ზუსტად სამეფო სასახლის პირდაპირ, პარიზში – ებრაულ კუნძულზე, ფილიპე ფანჯიდან ტკბებოდა სანახაობით. სულ ბოლო მომენტში, როდესაც ცეცხლი მოხუცი მაგისტრის სხეულს მოედო მან სასახლისაკენ გაიხედა და დაიყვირა: „- პაპა კლიმენტ! მეფე ფილიპ! გიიომ დე ნოგარე! წელიც არ გაივლის და გიხმობთ ღვთის სამსჯავროზე! წყეულიმც იყავით თქვენი მოდგმით!“

ტამპლიერთა ორდენის ხელმძღვანლემა, ჟაკ დე მოლემ დაწყევლა მეფე და მისი ცამეტი თაობა, მანამ სანამ იგივე ფაქტი არ განმეორდებოდა. ეს წყევლა მაშინ დასრულდა როცა კოცონზე დაწვეს ჟანა დარკი. აქედანაც კარგად ჩანდა თუ რა სიძლიერის იყო ეს ორდენი და რა გავლენა შეიძლება მოეხდინა ქვეყნის მმართველობაზე. ტამპლიერთა ლიდერის დაწვისას მეფემ მოისმინა ეს წყევლა და თქვა: “სანამ დავწვავდი ჯერ ენა უნდა ამომეგლიჯაო”.

ერთ თვეში, გამცემი პაპი გარდაიცვალა დიზენტერიის მოულოდნელი შეტევით – კლიმენტ V-მ სული განუტევა სისხლის გამონადენებში. კიდევ ერთ თვეში გაუგებერ ვითარებაში გარდაიცვალა ნოგარე(1313წ.). წლის დასასრულს კი მოულოდნელად მეფე ფილიპიც მოკვდა, მიუხედავად იმისა რომ არასდროს უჩიოდა ჯამრთველობას. რამოდენიმე წელიწადში დარდაიცვალა მეფის ყველა მემკვიდრე: სამი ვაჟი და შვილიშვილი.

რეიმსში, რუანში, კარკასონში და მთლიანად საფრანგეთში, ასევე ცოცხლად დაწვეს სხვა მეორეხარისხოვანი რაინდები, მაგრამ არავის სიტყვა არ დაუძრავს გადამალული განძეულობის შესახებ. ორდენის მოწინააღმდეგეებმა  საქმეში ჩართეს ვატიკანიც. პაპა კლიმენტ V(1305-1314წწ.) მთლიანად გაამართლა მეფე ფილიპეს მოქმედებანი. ვენის XV მსოფლიო ტაძრის სხდომაზე გადაწყდა საერთად განადგურებულიყო ტამპლერების ორდენი. დადგენილებას 140 კარდინალიდან 4-მა დაუჭირა მხარი. ფილიპე და მისი რაინდები დაუყონებლივ შეიჭრნენ სხდომაზე და კარდინალების მუქარით, პაპს ერთპიროვნულად მიაღებინეს გადაწყვეტილება.

გარდაცვალებამდე დაუღალავი ძებნის მიუხედავად, ფილიპემ მაინც ვერსად მიაკვლია ვერც ორდენის არქივს და ვერც მის აურაცხელ სიმდიდრეს. არადა, მათი განძეული მართლაც ეყოფოდა იმდროინდელი საფრანგეთის ბიუჯეტის “ორმოების” ამოვსებას. ტამპლიერების დასჯის წინა დღეებში საზღვაო პორტ ლა როშელის ახლო-მახლო მცხოვრებლებმა დალანდეს პორტიდან გასული 18 მძიმედ დატვირთული გალერა, რომელიც გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.

საით წაიღეს ორდენის მთავარი საგანძური? როგორც ჩანს, ამ კითხვაზე პასუხი ჟაკ მოლესთან ერთად ცეცხლში ჩაიწვა. როგორ არ ტანჯეს, აწამეს ორდენის წევრები, მაგრამ ამ საკითხზე კრინტიც ვერ დააძრევინეს. იქნებ არ იცოდნენ? როგორც ჩანს, ეს გამორიცხულია, რადგან ციხეებში ორდენის მხოლოდ რიგითი წევრები როდი ჰყავდათ გამომწყვდეული. მრავალ სავარაუდო ადგილას ეძებდნენ და ძებნას დღესაც განაგრძობენ, მაგრამ ამაოდ.

ახლა კი რაც შეეხება იმას თუ როგორ შეძლო 15 ათასამდე ტამპლიერის ერთად დაკავება ფილიპემ. ოპერაცია კი მართლაც კარგად იყო ორგანიზებული, ფილიპემ საიდუმლო წერილები დააგზავნა ყველა პროვინციაში, რომელიც დათქმულ დღეს ერთსა და იმავე საათზე უნდა გახსნილიყო. პირველი გასათვალისწინებელი ფაქტორი ისაა, რომ ისტორიას  რიცხვების გაზვიადება განსაკუთრებით უყვარს, მეორე რიგში გავითვალისწინოთ მაშინდელი კომუნიკაციები, ასე რომ ცალ-ცალკე ჯგუფების იზოლირება ადვილი იყო. სოციალური ქსელებითა და სხვა საშუალებებით ერთმანეთს ვერ დაუკავშირდებოდნენ  და მოსალოდნელ საფრთხეზე ვერ გააფთხილებდნენ. მესამე ფაქტორი კი ისაა, რომ ნებისმიერ ორგანიზაციაში მთავარია ლიდერების ნეიტრალიზება ხოლო დანარჩენები, იქნებიან ეს უბრალო აქტივისტები თუ სერიოზული ფიგურები, ბილიარდის ბურთებივით თავისით დაიშლებიან.

აქვე უნდა გავითვალისწინოთ ეკლესიის ფაქტორი, რომელიც იმდროინდელ უწიგნურ მასებში პოლიტინფორმაციის მიწოდების ერთადერთი საშუალება იყო. ეკლესია იყო პროპაგანდაც, აგიტაციაც, რეკლამაც, ტელევიზიაც, რადიოც, გაზეთიც და თან ეს ყველაფერი ეგზომ ცენტრალიზებული და მოქცეული ერთი პიროვნების -რომის პაპის ხელში. პაპობის ისტორიაში ეს პერიოდი “ავინიონის ტყვეობის” სახელითაა ცნობილი, ეს გულსიხმობს იმას, რომ რომის პაპი იჯდა არა ვატიკანში არამედ ავინიონში, საფრანგეთის მეფის ყურისძირში და იძახოდა იმას რასაც ფილიპე უბრძანებდა. ხოლო თუ გაჯიუტდებოდა, საკადრისი პასუხიც არ დააყოვნებდა. ამის ნათელი მაგალითია ნოგარე, რომელიც რომის პაპს ურჩობისთვის აპარტამენტებში შეუვარდა და სილაქები ურტყა, რის შემდეგაც პაპი ჭუაზე შეირყა.

ამბობენ, რომ ჟაკ დე მოლემ სანამ მას კოცონზე დაწვავდნენ, საკანში საიდუმლო ვითარებაში მოახერხა და ხელდასხმა მისცა ოთხ მასონურ ლოჟას რომლებიც მომავალში იატაკქვეშეთში ამუშავდნენ. რაც მთავარია, ტამპლირების ოქრო ფილიპეს მაინც არ დარჩა, ის საიდუმლო გზებით გაიტანეს, არავინ იცის რა მიზნების ხორცშესხმისთვის იბრძოდა იგი მის მოსაპოვებლად.

ფილიპე ლამაზმა მათი ქონების მხოლოდ მცირე ნაწილის მიტაცება შეძლო, თუმცა ამ მცირედით ქვეყანა 7 წლით ააცილა ეკონომიკურ კრიზისს. (წარმოიდგინეთ რა განუზომელ სიმდიდრეზეა საუბარი)

ევროპაში გადარჩენილმა რაინდებმა, მკაცრი საიდუმლოების ქვეშ დაარსეს ვარდისა და ჯვრის საძმო (Order of the Rosy Cross). ორდენის ძირითადი მიზანი ტემპლერ რაინდთა დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა იყო. დროთა განმავლობაში მათ მიერ არსდება რამოდენიმე საიდუმლო ორგანიზაცია, განსაკუთრებით აღსანიშნავია მალტიის ორდენი და გერმანიაში აღმოცენებული ილუმინატები, მათ შორის კი SKULL AND BONES (თავის ქალა და ძვლები) რომელიც შემდგომში შეერთებული შტატების ყველაზე გავლენიან საიდუმლო საზოგადოებად იქცა.

როგორც ვარაუდობენ ტაძრელები იყვნენ ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის მცველები, საწმისის მცველები, რომლითაც ქრისტემ ღვინო დაალევინა თავის მოსწავლეებს საიდუმლო სერობაზე, ასევე ამბობენ, რომ მათ ეკუთვნოდათ წმინდა გრაალიც. ტამპლიერების განძი დიდი საიდუმლოს მოიცავს და დღეისთვისაც ბურუსით არის მოცული. ისინი ამ განძს დიდი მოწიწებით უფრთხილდებოდნენ, რადგან თითოეულისთვის ძვირად ფასობდა. თქმულებით, ტამპლიერების იგი კერძოდ მიუნხენში ერთ-ერთი სახლის ეზოში არის საგულდაგულოდ შენახული. მეცნიერებმა და მაძიებლებმა ბევრი სახლის ეზოში ეძებეს მაგრამ ამაოდ. ცხადია, რომ ტამპლიერებს არ სურდათ ვინმეს მათი განძი ეპოვათ.

  • ორდენის დაცემის მიზეზები

ტამპლიერების ორდენის დაცემის მიზეზი “დათა თუთაშხიასი” არ იყოს  ფუნქციის დაკარგვა იყო. იერუსალიმის სამეფოს დაცემის შემდეგ ტამპლიერების უზარმაზარი და უმდიდრესი ორდენი უსაქმოდ დარჩა და თავისი მზერა საფრანგეთს მიაპყრო. ბავშვისთვისაც ნათელი იყო რომ, სანამ ამ ბერებს წმინდა მიწის დარაჯობა ევალებოდათ ყველა კმაყოფილი იყო, მაგრამ როცა ეს ბრძოლებში ნაწაფი ხალხი ევროპაში დაბრუნდა და თავისი წესების გატარება დაიწყო ეს არავის არ მოეწონა. ნათელი გახდა, რომ ისინი პოლიტიკურ და რელიგიურ ასპარეზეც ზედმეტები იყვნენ, დაუმორჩილებელი სული ყველაზე სახიფათო იყო შუა საუკუნეების დოგმატირებული ცხოვრებისთვის. ფილიპე ლამაზი კიდევ არა მარტო ლამაზი არამედ ჭკვიანიც იყო (რაც დიდი იშვიათობაა საერთოდ ) და ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ მათთვის ძალაუფლების ხელში ჩაგდების საშუალება არ მიეცა. მან ძალიან ოპერატიულად იმოქმედა და მანამ დაარტყა ტამპლიერებს ვიდრე ისენი გარდასული დამარცხებებისაგან ნაიარევებს მოიშუშებდნენ და დაქსაქსულ ორგანიზაციას გაამთლიანებდნენ.

ტამპლიერებს წმინდა მიწის დაკარგვაშიც სდებდნენ ბრალს და არც თუ მთლად უსაფუძვლოდ, თუ ისტორიკოს გუმილიოვს დავუჯერებთ, როცა მონღოლებმა ხულაგუ ხანის მეთაურობით (რომელიც ნესტორიანელი ქრისტიანი იყო და მის ჯარშიც ნესტორიანელები ჭარბობდნენ) იერუსალიმზე ლაშქრობა და უფლის საფლავის განთავისუფლება დააპირეს, ტამპლიერებმა მუსულმან მამლუქებთან შეკრეს კავშირი და ერთიანი ძალებით შეუტიეს მონღოლებს. ნესტორიანელების მოცილების შემდეგ მამლუქებმა თავისთავად კათოლიკეებისთვისაც მოიცალეს… ასე გახდა ტამპლიერთა ორდენი უმიწაწყლო და უფუნქციო ორგანიზაცია, რაც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენდა იმდროინდელი ისედაც დაულაგებელი ევროპისთვის. ცეცხლის გარეშე კვამლი არ არსებობს, ეს ყველაფერი საბაბი იყო, ხოლო მიზეზი, რა თქმა უნდა პოლიტიკური მოტივები და ისტორიული კანონზომიერება იყო. იგივე დაემართათ მოგვიანებით ტევტონებს როცა პოლონელებმა ერთ დღეში გაანადგურეს ევროპაში უძლიერესი ორდენი(ამ ფაქტსა და მანამდე განვითარებულ მოვლენათა ჯაჭვს მშვენივრად ასახავს პოლონელი მწერალი ჰენრიკ სენკევიჩი, ნაწარმოებში-„ჯვაროსნები“). ჯვაროსნების არსებობის გამართლება ჯვაროსნული ომები იყო, როცა ჯვაროსნული ომები დამთავრდა,(9 ჯვაროსნულ ომს ჰქონდა სულ ადგილი 1095-1272წწ) უკან მიყვნენ ჯვაროსნებიც და ტამპლიერებიც(1312წ).

ტამპლიერთა ორდენის დიდი მაგისტრების სია:

  1. ჰიუგ დე პეინი – Hugues de Payens (1118-1136)
  2. რობერ დე კრაონი – Robert de Craon (1136-1147)
  3. ევერარ დე ბარი – Everard des Barres (1147-1174, გადადგა 1151)
  4. ბერნარ დე ტრომელე – Bernard de Tromelai (1151-1153)
  5. ანდრე დე მონბარი – André de Montbard (1153-1156)
  6. ბერნარ დე ბლანკეფორი – Bertrand de Blanquefort (1156-1169)
  7. ფილიპ დე მიი – Philippe de Milly (1169-1171)
  8. ოდ დე სენტ-ამანი – Eudes de Saint-Amand (1171-1179)
  9. არნო დე ტოროგა – Arnaud de Toroga (1179-1184)
  10. ჟერარ დე რიდფორი – Gérard de Ridefort (1184-1189)
  11. რობერ დე საბლე – Robert de Sablé (1189-1193)
  12. ჟილბერ ერე – Gilbert Erail (1193-1200)
  13. ფილიპ დე პლეზიე – Philippe de Plessiez (1201-1209)
  14. გიიომ დე შარტრი – Guillaume de Chartres (1210-1218)
  15. პედრო დე მონტეგიუ – Pedro de Montaigu (1219-1232)
  16. არმან დე პერიგორი – Armand de Périgord (1232-1244)
  17. რიშარ დე ბიური – Richard de Bures (1244-1247)
  18. გიიომ დე სონაკი – Guillaume de Sonnac (1247-1250)
  19. რენო დე ვიშიე – Renaud de Vichiers (1250-1252)
  20. ტომა ბერარი – Thomas Bérard (1252-1273)
  21. გიიომ დე ბოჟო – Guillaume de Beaujeu (1273-1291)
  22. ტიბო გოდენი – Thibaud Gaudin (1291-1292)
  23. ჟაკ დე მოლე – Jacques de Molay (1292-1314)

გამოყენებული ლიტერატურა:

  • Tony Koorlander-Day Of The Knights Templar
  • Stephen Howarth-Knights Templar: The Essential History
  • Николай Адонц, Армения в эпоху Юстиниана, СПб, 1908
  • Петр Успенский, История Афона, Киев, 1877
  • ზურაბ ავალიშვილი, ჯვაროსანთა დროიდან, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1989
  • შოთა ბადრიძე, საქ ევროპასთან ართველოს ურთიერთობები ბიზანტიასა და დასავლეთ ევროპასთან. (X-XIIIსს)
  • Franz dolger. Der bulgaren herrscher als geisicher sohn der byzantinischen kaiser. Byzanz und europa ischen staatwelt. Ettal. 1953
  • George geritte, documents pour l’etude du livre d’Agatange. Gitta dei vaticano, 1946
  • Николай Адонц, Армения в эпоху Юстиниана, СПб, 1908
  • Петр Успенский, История Афона, Киев, 1877
  • Anna comnena, “The alexiad”    http://www.fordham.edu/halsall

ავტორი: ლუკა ეხვაია

One comment

  1. ცოტა მისტიკურიად არის გამოყვანილი ტამპლიერთა ორდენი,თუმცა ფაქტი ფატქად რჩება რომ მათ ჰქონდათ რაღაც რაც ჯერ კიდევ ვერ უპოვნიათ.

    ჯვაროსნულ ომებს რაც შეეხება კომნენოსის წერილები აღმაშენებლის წაქეზებით იწერებოდა ღრმად მწამს ეს ჩემ პოსტშიც მაქვს ნახსენები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: