აპოკალიფსის 4 მხედარი


ახალი აღთქმის ბოლო წიგნი “იოანეს გამოცხადება” დაწვრილებით აღწერს, თუ რა მოხდება მაშინ, როცა იესო ახსნის 7 ბეჭედს იმ წიგნს, რომელიც მამისგან მიიღო. პირველი 4 ბეჭდის ახსნისას გამოვლენ მხედრები – თითო ბეჭედზე თითო – და მათი გამოჩენა იქნება მეორედ მოსვლის მომასწავებელი.

იმის მიუხედავად, რომ ამ მხედრებს უწოდებენ ომს, შიმშილს, ეპიდემიასა და სიკვდილს, ბიბლიაში მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის სახელი წერია – სიკვდილი. დანარჩენი სამის სახელწოდებები ბიბლიის სხვადასხვა სახის განმარტებების შემდეგ დამკვიდრდა. მათი თანმიმდევრობა ასეთია: თეთრი ცხენი, წითელი (მეწამული) ცხენი, შავი ცხენი და ჩალისფერი (მწვანე) ცხენი. ეს ადგილი ბიბლიის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო და იდუმალებით მოცული მონაკვეთია.

თეთრი ცხენი

1. კვლავ ვიხილე, რომ კრავმა ახსნა ერთი შვიდ ბეჭედთაგანი, და მომესმა ოთხ ცხოველთაგან ერთ-ერთის მგრგვინავი ხმა: მოდი!

2. და, აჰა, თეთრი ცხენი, და ზედ მჯდომარე მხედარი მშვილდოსანი, რომელსაც მიეცა გვირგვინი, და გამოვიდა მძლეველი, რათა სძლიოს.

იოანეს გამოცხადება, თავი VI

თეთრი მხედარი გამოხატავს ყალბ მშვიდობას, რადგან მას მშვილდი უჭირავს და გვირგვინი ადგას. ის ცრუ რელიგიის სიმბოლოა. ზოგიერთი მკვლევარი და ქრისტიანული განხრა უფრო შორსაც მიდის და ამბობს, რომ ეს მხედარი იგივე ანტიქრისტეა. თეთრმა მხედარმა უნდა დაიპყროს და დაიმორჩილოს ყველაფერი დედამიწის ზურგზე, გააჩენს შინაომებს.

იმის მიუხედავად, რომ ეს მხედარი მშვილდოსანია, ისრები არ აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროს მბრძანებელი იარაღისა და ძალის გამოყენების გარეშე გახდება. ამის გამო ზოგიერთი სწავლული მიიჩნევს, რომ ის შეიძლება ანტიქრისტე კი არა, პირიქით უფალი იესოა. ასევე არის მოსაზრება სულიწმინდაზეც. თუმცა ეს აზრები უმცირესობაშია მოქცეული. გამოცხადების მე-19 თავში აღწერილი იესოც თეთრ ცხენზე ზის, მაგრამ მას ბევრი გვირგვინი აქვს და აღწერილობითაც განსხვავდება.

წითელი ცხენი

3. და როცა ახსნა მეორე ბეჭედი, მომესმა ხმა მეორე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი!

4. გამოვიდა მეორე ცხენი, წითელი, და მასზე მჯდომს მიეცა მიწიდან მშვიდობის აღხოცის ძალა, რათა მუსრს ავლებდნენ ერთმანეთს: და მიეცა მას მახვილი დიდი.

იოანეს გამოცხადება, თავი VI

მას უწოდებენ ომს, წითელი ფერი სისხლსა და ბრძოლას გამოხატავს. ზოგ თარგმანში ცეცხლოვანი ან ალისფერი ეწოდება. ამ მხედრის გამოჩენა ნგრევისა და კატასტროფების მომასწავებელია. ხელში მახვილი უჭირავს და სადაც ფეხს დაადგამს, უბედურებას მიიტანს. პირველი მხედრისგან განსხვავებით, წითელი ერებსა და სახელმწიფოებს დააპირისპირებს ერთმანეთთან. შეიძლება გააღვივოს შუღლი რელიგიებს შორისაც.

შავი ცხენი

5. და როცა ახსნა მესამე ბეჭედი, მომესმა ხმა მესამე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი! გავიხედე და, აჰა, შავი ცხენი, და მასზე მჯდომს ხელთ ეპყრა სასწორი.

6. და მომესმა ხმა ოთხ ცხოველს შორის, რომელმაც თქვა: საწყაო პური დინარად და სამი საწყაო ქერი დინარად, ხოლო ღვინოსა და ზეთს ნუ ავნებ.

იოანეს გამოცხადება, თავი VI

პოპულარულ ენაზე შიმშილი ჰქვია. შავი ფერი უნაყოფობისა და გაჭირვების სიმბოლოა. მისი გამოჩენით გავრცელდება თაღლითური ვაჭრობები და მასიური შიმშილობა. მეექვსე მუხლი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ პურისა და ქერის ფასი აიწევს და საშოვნად ძნელი გახდება, ღვინო და ზეთი კი უცვლელად დარჩება. ამის ერთ-ერთი ახსნა ისაა, რომ შიმშილისა და კალიების მასიური შემოსევის დროს ყველაზე დიდ ზარალს მარცვლეულის ნათესები იღებენ, ვაზი და ზეთისხილი კი შედარებით უვნებელი რჩება. სხვა ვერსიით, ზეთი და ღვინო იესოს უკავშირდება, ანუ მისდამი ერთგულების შენარჩუნების სიმბოლოა.

ჩალისფერი ცხენი

7. და როცა ახსნა მეოთხე ბეჭედი, მომესმა ხმა მეოთხე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი!

8. შევხედე და, აჰა, ჩალისფერი ცხენი, ხოლო სახელი მისი მხედრისა – სიკვდილი; ჯოჯოხეთი მოსდევდა მხედარს და მიეცა მას ხელმწიფება მეოთხედზე დედამიწისა, რათა მუსრი გაავლოს მახვილითა და შიმშილით, სიკვდილითა და მიწიერ მხეცთა პირით.

იოანეს გამოცხადება, თავი VI

უძველეს ბერძნულ მანუსკრიპტებში ფერის აღმნიშვნელი სიტყვა არის χλωρός (ქლოროს), რაც მწვანეს ნიშნავს. უფრო ფართო მნიშვნელობით ეს სიტყვა აღნიშნავს ავადმყოფურ, ფერმიხდილ მწვანეს, რომელიც დაავადებულ, დასუსტებულ ადამიანს აქვს სახეზე, ასევე გარდაცვლილსაც. სხვა ენებში სიტყვა “მწვანე” არ გამოხატავს იგივე აზრს, ამიტომ ავტორიტეტულ თარგმანებში ძირითადად ფერმკრთალი ან ნაცრისფერი წერია (თუმცა წმინდა გიორგი მთაწმინდელის თარგმანში ‘მწვანედ’ არის ნათარგმნი).

მეოთხე და უკანასკნელი მხედარი ბიბლიაში იწოდება სიკვდილად, ასევე ცნობილია, როგორც ფერმკრთალი’. სიკვდილის გარდა, უწოდებენ ჭირსა და ეპიდემიას, რაც ალტერნატიული თარგმანებიდან გავრცელდა (მაგალითად, იერუსალიმის ბიბლია). ამ მხედარს მოაქვს მასიური სენი. ხელში არაფერი უჭირავს, თუმცა უკან ჯოჯოხეთი მოჰყვება, რაც მასშტაბური სიკვდილიანობის მოახლოებას მოასწავებს. ზოგიერთ ილუსტრაციაზე ცელი უჭირავს სიკვდილთან ასოცირების გამო, ზოგზე კი მახვილი. იშვიათად მას მიიჩნევდნენ უკვდავად, ანუ წინამორბედებისგან განსხვავებით, მისი მეფობა თითქოს სამუდამო იქნებოდა. თუმცა ქრისტიანი სწავლულები ამ აზრს ეწინააღმდეგებიან.

4 მხედარი ბიბლიის სხვა მონაკვეთებში

მხედრებზე ხილვა ჰქონდა ზაქარია წინაწარმეტყველსაც, ძველი აღთქმის პერსონაჟს:

1. კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, ოთხი ეტლი, ორ მთას შორის გამომავალი; მთები კი სპილენძისა იყო.

2. პირველ ეტლში წითელი ცხენები იყო, მეორე ეტლში შავი ცხენები;

3. მესამე ეტლში თეთრი ცხენები, მეოთხე ეტლში ამლაყები, ნისლისფერნი.

4. ხმა გავიღე და ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მლაპარაკობდა: რა არის-მეთქი ესენი, ჩემო ბატონო?

5. მომიგო ანგელოზმა და მითხრა: ცის ოთხი სულია ესენი, იმ ადგილიდან გამომავალნი, სადაც მთელი ქვეყნის უფლის წინაშე დგანან.

6. მათგან შავი ცხენები ჩრდილოეთის ქვეყნისკენ არიან გამოსულნი, თეთრები მათ უკან გამოვიდნენ და ამლაყები სამხრეთის ქვეყნისკენ მიდიან.

7. ნისლისფერნი გამოვიდნენ და ქვეყნის შემოვლა მოინდომეს. უთხრა: წადით, მოიარეთ ქვეყანა! და მოიარეს ქვეყანა.

8. დამიყვირა და ასე და ელაპარაკა: შეხედე, ჩრდილოეთის ქვეყნისკენ გასულებმა დააცხრეს ჩემი სული ჩრდილოეთის ქვეყანაში.

ძველი აღთქმა, წიგნი ზაქარია წინასწარმეტყველისა, თავი VI

განსხვავებული მოსაზრებები

პრეტერისტული მოსაზრებები იოანეს გამოცხადებას მიაწერს პირველ საუკუნეში მომხდარ მოვლენებს. ამ ვერსიით, აპოკალიფსური წინასწარმეტყველებები უკვე ახდა. მაგალითად, თეთრ ცხენს უკავშირებენ პართიელებს: პართიულ იმპერიას მშვილდოსანთა გაწვრთნილი არმია ჰყავდა და ისინი უპირატესობას თეთრ ცხენებს ანიჭებდნენ. თეთრი ცხენოსნის გამარჯვება კი შეიძლება პართიელების მიერ რომაელებზე ძლევას მიანიშნებდეს.

უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში, ანუ მორმონებში მიიჩნევა, რომ 7 ბეჭდის ახსნა მიანიშნებს აზიის ისტორიის განსაკუთრებულ ათასწლოვან პერიოდებზე. პირველი ბეჭდის ახსნა არის ძვ.წ. 4000-3000 წლები, ხოლო მხედარი თეთრ ცხენზე იგივე ღმერთია. “დაპყრობა” კი ზნეობრივ გამარჯვებას ნიშნავს და არა პირდაპირი მნიშვნელობით გაბატონებას. მეორე ბეჭდის ახსნა არის ნოეს პერიოდი, ძვ.წ. 3000-2000 წლები. მესამე მხედრის გამოჩენა აბრაამის პერიოდია, ძვ.წ. 2000-1000 წლები, ხოლო ბოლო – ძვ.წ. 1000-0 წლები იესოს მოლოდინისა და შობის პერიოდი. მორმონების ვერსიით, თითოეულ პერიოდში მძვინვარებდა ის, რასაც მხედრებს უწოდებენ: ომი, შიმშილი, ავადმყოფობები და სიკვდილი.

არსებობს პარალელებიც უახლოეს ისტორიასთან მიმართებაში. წითელი მხედარი კომუნიზმის ანალოგიად მიიჩნევა, შავი კაპიტალიზმისა, მწვანე კი ისლამის აღზევებასთან ასოცირდება.

არის ვერსიაც, რომ ეს მხედრები მთავარანგელოზები არიან: მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი და ურიელი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: