საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის დასასრული(1921წ. 25თებერვალი)


25 თებერვალს –  საქართველოს გასაბჭოების” დღეს, საქართველოში ტრადიციულად კოჯორსა და ტაბახმელაში დაცემული ქართველი იუნკრების ხსოვნით აღნიშნავენ. მათი თავდადება ამ ომის გამორჩეულად გმირული, თუმცა მხოლოდ ცალკეული ეპიზოდია. 1921 წლის თებერვლის მოვლენები ბევრად მასშტაბური იყო და მხოლოდ იუნკერების ბრძოლასთან მათი გაიგივება სწორ წარმოდგენას არ ქმნის. საზოგადოებისათვის ამ მოვლენების მრავალი დეტალი დღემდე უცნობი რჩება.

საქართველოზე შეტევისათვის საბჭოთა რუსეთი 1920 წლის გაზაფხულიდან, აზერბაიჯანის ოკუპაციის შემდეგ ემზადებოდა. სხვადასხვა მიზეზებით განზრახვის განხორციელება რამდენიმეჯერ გადადო.

მე-11 წითელი არმიის ნაწილები ბოლშევიკური აჯანყების მხარდასაჭერად საქართველოში 1921 წლის 11 თებერვალს შემოიჭრნენ. 16 თებერვალს სოფელ შულავერში საქართველოს რევკომმა საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა და დახმარებისთვის საბჭოთა რუსეთს მიმართა. იმავე დღეს მდინარე ხრამთან წითელი არმია ქართულ ძალებს ზურგში მოექცა და მძიმე დარტყმა მიაყენა. ქართველებმა თბილისისკენ უწესრიგოდ დაიხიეს. ამავე დღეს მე-11 არმის ნაწილებმა საქართველოს საზღვარი ზაქათალის ოლქშიც გადმოლახეს.

მე-11 არმიის სარდალმა ანატოლი გეკერმა მოსკოვისაგან ბრძანება მიიღო – თბილისი 19 თებერვლამდე აეღო. მისი დაჯგუფება  36 ათასამდე ქვეით მებრძოლს, 4 ათასამდე კავალერისტს, 200-მდე ქვემეხს, 7 ჯავშანმატარებელს, 50-მდე თვითმფრინავს, რამდენიმე ერთეულ ტანკს და ჯავშანმანქანებს ითვლიდა.

ნოე ჟორდანიას მთავრობამ თბილისის თავდაცვა გენერალ გიორგი კვინიტაძეს ჩააბარა. მის განკარგულებაში მცირე ძალები იყო – 10 ათასამდე ქვეითი, 400 ცხენოსანი, 46 ქვემეხი, 4 ჯავშანმატარებელი, რამდენიმე ერთეული ჯავშანმანქანა და თვითმფრინავი. გენერალმა ჯარები სამად დაჰყო: მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ორხევის მიმართულება სახალხო გვარდიას ეკავა გენერალ ჯიჯიხიას მეთაურობით. მარჯვენა სანაპიროზე, სოღანლუღის ფრონტზე, გენერალ მაზნიაშვილის სარდლობით ძირითადი ძალები განლაგდა, ტაბახმელა-კოჯრის მონაკვეთზე – სამხედრო სკოლის 160 იუნკერი და 300-მდე კადეტი გენერალ ანდრონიკაშვილის მეთაურობით.

მიღწეული წარმატებებით გათამამებულმა წითელმა არმიამ პირველი შეტევა თბილისზე 18 თებერვლის საღამოს  სოღანლუღის მიმართულებით მიიტანა. ყველაზე მასშტაბური ბრძოლაც იქ გაიმართა.  გენერალ მაზნიაშვილის სამხედრო ნაწილები მტერს მთელი ღამის განმავლობაში იგერიებდნენ, გამთენიისას კონტრშეტევა განახორციელეს და მტერი უკუაგდეს. გაქცეულ წითელარმიელებს ქართული არტილერია და ავიაცია ანადგურებდა. ქართველებმა ათასზე მეტი წითელარმიელი ტყვედ ჩაიგდეს.

19 თებერვალს მოწინააღმდეგემ მთელი ძალებით ტაბახმელას შეუტია, თუმცა, იუნკრებისა და კადეტების მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა. წითელმა არმიამ ქართულ პოზიციებს გვერდი აუარა და კოჯორი დაიკავა. ამ ამბავმა კვინიტაძე შეაშფოთა – კოჯრიდან თბილისის თავისუფლად დაბომბვა იყო შესაძლებელი. მან ბრძანება გასცა კოჯრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ. 20 თებერვალს დილით რამდენიმე ათეულმა იუნკერმა კოჯორს შეუტია და დამხმარე ძალის მოსვლამდე მნიშვნელოვანი სიმაღლე დაიკავა. ეს საბოლოოდ კოჯრის გათავისუფლებით დასრულდა. ამ ბრძოლაში იუნკერთა რაზმის  ნახევარზე მეტი დაიღუპა. ქართველებმა წითელი არმიის 4 ქვემეხი და ასამდე ტყვე ჩაიგდეს ხელში და თბილისს საფრთხე ააცილეს.

21 თებერვალს რუსულმა ძალებმა დედაქალაქის ლილოდან შემოვლა სცადეს. სახალხო გვარდიის ნაწილებმა და კავალერიის ბრიგადამ მტერი უკუაგდო და 10 კილომეტრით წინ წაიწია.

24 თებერვალს გამთენიისას საბჭოთა რუსეთის ძალებმა, ხანგრძლივი  საარტილერიო მომზადების შემდეგ ყველა მიმართულებით გადამწყვეტი მანევრები დაიწყეს. ბაქოდან ჩამოყვანილმა წითელ კურსანტთა ბრიგადამ კოჯორ-ტაბახმელაში გამაგრებულ 90 იუნკერს  შეუტიეს, მთელი დღის განმავლობაში კურსანტები მტერს ხელჩართული ბრძოლებით იგერიებდნენ და უკან ნაბიჯითაც არ დაუხევიათ.

სოღანლუღის მიმართულებით რუსებმა საღამოსთვის შავნაბადის მთის დაკავება შეძლეს. ქართულმა ძალებმა ბრძოლაში უკანასკნელი რეზერვი ჩართეს და სიმაღლე დაიბრუნეს.

ფოილოს სარკინიგზო ხიდის აღდგენის შემდეგ რუსებს ბრძოლაში მძიმე ტექნიკის ჩართვის საშუალება მიეცათ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ქართულ პოზიციებს რუსებმა ჯავშანმატარებლების, ტანკებისა და ჯავშანმანქანების დახმარებით შეუტიეს, ქართულ პოზიციებს რუსული თვითმფრინავები ბომბავდნენ. ქართულ სახალხო გვარდიის ნაწილებს პოზიციების დათმობა მოუხდათ.

მძიმე მდგომარეობა ლილოს მიმართულებითაც შეიქმნა. წითელმა კავალერიამ ქართულ პოზიციებს გვერდი აუარა და დედაქალაქის ალყაში მოქცევას შეეცადა. მცირერიცხოვანი ქართული კავალერიის ძალებით მისი შეჩერების მცდელობა მარცხით დასრულდა. რუსები მამკოდასა და გლდანის გავლით ავჭალაში შევიდნენ. ერთი ჯავშანმატარებლისა და მოხალისეთა რაზმის ძალებით ქართველებმა რუსების ავჭალის სადგურიდან გაძევება შეძლეს. ამით ქალაქი სრულ ალყას დროებით გადარჩა.

დედაქალაქის ალყაში მოქცევის საფრთხის გამო კვინიტაძემ 24 თებერვალს, საღამოს მთავრობას თბილისის დატოვების აუცილებლობის შესახებ მოახსენა. გენერალი მიიჩნევდა, რომ თბილისის დაცემით ომის ბედი არ წყდებოდა. მთავრობამ ქალაქი დატოვა, 25 თებერვალს კი თბილისში წითელი არმია შემოვიდა.

მცხეთასთან თავდაცვის მოწყობის გეგმა არაორგანიზებულობისა და ჯარის დემორალიზების გამო ჩაიშალა. შეიარაღებული წინააღმდეგობა თბილისის დაცემის შემდეგაც გაგრძელდა. ქართული ჯარი ებრძოდა მე-9 არმიას, რომელიც 17 თებერვალს აფხაზეთში შეიჭრა. მათ 28 თებერვალს, ფრანგული ფლოტის დახმარებით, ქალაქი გაგრა დაიბრუნეს. თუმცა, მეორე დღესვე იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ. 4 მარტს აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა.

4 მარტს სურამის უღელტეხილთან ქართულმა ძალებმა რუსების შეტევა მოიგერიეს. თუმცა, მტერი დასავლეთ საქართველოში მამისონის უღელტეხილის მხრიდანაც მოიწევდა და დროებითი მთავრობა იძულებული გახდა ქუთაისიც უბრძოლველად დაეტოვებინა. წითელი არმია ქუთაისში 10 მარტს შევიდა.

იმავდროულად, დროებითი მთავრობა იძულებული გახდა თურქეთის ულტიმატუმი შეესრულებინა და მისთვის ართვინისა და არდაღანის ოლქები გადაეცა. თურქულმა ჯარებმა, ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის დაცვის საბაბით, ბათუმიც დაიკავეს.

ბათუმის საბოლოოდ დაკარგვის საფრთხემ საქართველოს მთავრობა აიძულა, 17 მარტს ბოლშევიკებთან ზავი დაედო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაცია არ გამოუცხადებია და არც უფლებამოსილებაზე უთქვამს უარი. რუსებთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, 18 მარტს მაზნიაშვილის მეთაურობით ქართულმა ძალებმა ბათუმის თურქებისგან გაწმენდა დაიწყეს. მთავრობამ ქვეყანა დატოვა, 19 მარტს მაზნიაშვილმა ბათუმი წითელ არმიას ჩააბარა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია ამით დასრულდა.

საბრძოლო მოქმედებები საბჭოთა რუსეთსა და დამოუკიდებელ საქართველოს შორის ერთ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. დანაკარგების შესახებ დაზუსტებული მონაცემები არ არსებობს, თუმცა, ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, მსხვერპლი ქართული მხრიდან  3 200, რუსეთის მხრიდან –  5 500 ადამიანი იყო. საბჭოთა რეჟიმმა მომდევნო წლებში საქართველოს ათეულ ათასობით მოქალაქე იმსხვერპლა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: