ნიკო ნიკოლაძის რალისტური ხედვა და ფილოსოფია


მაია დარსაველიძე – “ნიკო ნიკოლაძე დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის სათავეებთან”

დროსგასწრებული მოაზროვნე”, ნიკო ნიკოლაძე დიდი ენთუზიაზმით ეხმიანებოდა მსოფლიოში მიმდინარე ყველა პროცესს და მყის ებმებოდა მასში, სწავლობდა და სწორად, ხშირად კრიტიკულად აშუქებდა ყველა პოლიტიკურ მოვლენას. ის ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, 21 წლის, ჩაება საფრანგეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაზეც შემდეგ წერდა: მე უფრო მეტი მეგონაო ფრანცუზული სოციალიზმი”.

ნიკოლაძე მაქსიმალისტი იყო, თუმცა ყველაფერში ზომიერებას ანიჭებდა უპირატესობას, განსაკუთრებით ქვეყნის ეროვნული და პოლიტიკური პრობლემების მოგვარების საქმეში. ქართველობის მიზნები მარტო ზომიერების გზით მიიღწევნება” გვმოძღვრავდა დიდი დემოკრატი და იმასაც ამატებდა, რომ გადაჭარბებული რადიკალიზმი დამღუპველი იყო და იქნება ქვეყნისათვის: გონიერი კაცი და ერი თავისუფლებას თუ ავტონომიას მით იძენს, რომ ანგარიშიანი მართვით ჯერ თავის შინაურ, მერე სამრეწველო, შემდეგ საზოგადო, ბოლოს პოლიტიკური საქმეების საშუალებით იგვარებს უმაღლეს სახელმწიფო საკითხს”.

თავის პუბლიცისტურ წერილებში ნ. ნიკოლაძე წერდა და აშუქებდა საფრანგეთსა და ინგლისში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარდაქმნებზე იმ იმედით, რომ თავის სამშობლოში გათვალისწინებული იქნებოდა ის შედეგები, რაც ფრანგული და ინგლისური დემოკრატიული საზოგადოების შენებას მოჰყვა. მას საქართველოსთვის ევროპული განვითარების კურსი მიაჩნდა იდეალურ ვარიანტად, რასაც ასე ხსნიდა:

“ერთი და იგივე ძალა მართავს ქვეყნიერების ფიზიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებას, ის, რომელიც მთვარეს აბრუნებს დედამიწის ირგვლივ და მათ ორივეს მზის გარშემო,… ორიენტაცია შთაგონებით არ ხერხდება, ხალხი, როგორც ყოველი ცოცხალი არსება, თავისთავად მუდამ იქეთ იქცევს პირს, საიდანაც მზე სხივს ჰფენს და ღვივის. საქართველო წარსულში ორიენტაციას ყოველთვის იქეთ მიმართავდა ხოლმე, საიდანაც სინათლე და მოძრაობა მოდიოდა. შემცდარია, ვინც ფიქრობს, ვითომც რომელიმე მეფეს, წოდებას ან თაობას თავის ნებაზე შეძლებოდეს საქართველოს აქეთ და იქეთ მიბრუნება. სანამ განათლება და ცხოვრება ბიზანტიაში ენთო, საქართველოსაც მზესუმზირასავით თვალი იქეთ ეკავა, როცა სპარსეთი აყვავდა ინდოეთის კულტურაზე დაწაფებით, ჩვენი აღორძინებაც მისკენ მიიმართა, აზრი მისკენ გვქონდა, პეტრე დიდისა და ეკატერინე მეორის ამაგმა რუსეთი რომ გააჩაღა, საქართველოც ძალაუნებურად მან წარიტაცა ფიზიკის კანონით. როცა სხვადასხვა ძალა ერთ და იმავე საგანს თავისკენ უქაჩავებს, ამ საგნის მდებარეობას სწყვეტს მებრძოლი ძალების უძლიერესობა, საგანს, უნდა თუ არ უნდა, ყოველთვის მომრევი გადითრევს.”

ნიკო ნიკოლაძეს მუდამ აწუხებდა კითხვა: როგორი ადამიანი სჭირდება ახალ დროს?” XX საუკუნემ ახალი რეალობის, საზოგადოებრივ, სოციალურ_პოლიტიკურ, კულტურულ სიახლეთა რეალობის წინაშე დააყენა ქვეყანა, ხალხი. ახალ ქვეყანას ახალი მაჯისცემა გაუჩნდა: “როგორი ადამიანი სჭირდება ახალ დროს? ვინ უნდა აღზარდოს საზოგადოებამ? დროა შეიგნონ, რომ პატიოსნება, გულწრფელობა, გატაცება, ერთგულება, მაგრამ არა ოქროსადმი, არამედ კაცობრიობის მაღალი იდეალებისადმი. დანაშაული კი არა, არამედ ძალაა აუცილებელი სახელმწიფოსათვის, სასარგებლო საქმეა ხალხის.

ნიკო ნიკოლაძე ახალი თაობის იდეური მეთაური და გზის გამკვალავი იყო. ახალმა დრომ ახალი ამოცნები დააყენა ქვეყნისა და ხალხის წინაშე. “ხალხმა და საზოგადოებამ იგრძნო და დაინახა, რომ საზოგადოებრივი წესი და წყობა ადამიდამ შეუცვლელი და ხელუხლებელი კი არ ყოფილა, ის, თურმე, კაცის ხელით შექმნილა და კაცის ხელითვე შეიცვლება.”

ქართული პოლიტიკური აზროვნების ისტორიაში ნიკო ნიკოლაძე ქართული ბურჟუაზიული ინტელიგენციის მეთაურად და წინამძღოლად არის მიჩნეული.. ქართულ ჟურნალისტიკაში ის ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც ვაჭრობა აღებ-მიცემობის განვითარების პროპაგანდას ეწეოდა. ვაჭრობა იმ ბერკეტად მიაჩნდა, რასაც უნდა შემოებრუნებინა მრეწველობა, განევითარებინა ადგილობრივი სოფლის მეურნეობა, წინ წაეწია საზოგადოება და გაეძლიერებინა ეკონომიკა. სამარცხვინო და სათაკილო ქვეყანაზე მარტო უსაქმურობა და მუქთა პურის ჭამაა. ვაჭრობა შრომაა და ისევე პატივსაცემია, როგორც ყოველნაირი შრომა”. იცოდა შრომოს ფასი და ის, თუ რა გადაარჩენდა ქვეყანას. სანამ ჩვენ არ მოვარხებთ ისე მოვაწყოთ საქმე, რომ მეტი ღირებულების საქონელი გავიტანოთ, ვიდრე შემოვიტანოთ, მანამდე ჩვენი ვალუტა იქნება სუსტი და დაცემული.” ყველაფრისადმი მეცნიერული მიდგომა ჰქონდა, იცოდა დემოკრატიის ფასი და ქვეყნის პრიორიტეტად დემოკრაკრატიული მენტალიტეტის მასაზრდოებელ ძალად მეცნიერების გამოცხადება მიაჩნდა. ამტკიცებდა, რომ დემოკრატია შექმნა ბურჟუაზიამ… ყველაფერი, რაც არსებობს რესპუბლიკის საფუძვლებში, ეს შექმნა ბურჟუაზიამ თავისი შენაძენი უფლებების დასაცავად”.

ქართველ მოაზროვნეთაგან იგი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც წინა პლანზე წამოსწია პრაქტიკული საკითხები, ერის განვითარებაში საკუთარი წარმოების აღორძნების აუცილებლობა, ეროვნული ვაჭრობისა და ეროვნული მრეწველობის განვითარება, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის აუცილებლობა, მეზობელ ქვეყნებთან კავშირის გაუმჯობესება, საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის გადამწყვეტ ფაქტორად ნ. ნიკოლაძე სამამულო მაღალგანვითარებული ეკონომიკის ჩამოყალიბებას ასახელებს. “ამ გასაჭირში, როცა არ გვაბადია წარმოება და არც შემოსავალი, ვერ გვიხსნის ვერავითარი გადასახადი, წარმოების გაჩაღება არის ერთადერთი ჩვენი ხსნა, უნდა მოვახერხოთ გარეთ მეტი გავიტანოთ გასაყიდი, ვიდრე უცხოეთს ვთხოვდეთ საყიდ საქონელს”. ამტკიცებდა, რომ “ფინანსურმა სამრეწველო კაპიტალი უნდა შეცვალოს, გაიხსნას უამრავი ფაბრიკა_ქარხანა.”

განსაკუთრებულია ნიკო ნიკოლაძის ღვაწლი ბანკის დაარსებისათვის ბრძოლაში. ვაჭრობის განვითარების მეხოტბე ბანკს ანიჭებს პრიორიტეტს და სხვადასხვა ტიპის ბანკების პროგრამებს აცნობს თანამედროვეთ. “1871_1873 წლებში რამდენიმე ყმაწვილს, რამდენი მეცადინეობა დაგვჭირდა, რომ ილია ჭავჭავაძისათვის სახელმწიფო სამსახურისათვის ხელი აგვეღებინებინა, ბანკის დაარსება იერიშით აგვეღო, ბანკი განახლების ბანკად გვექცია და შიგ ჭავჭავაძე ძალდატანებით ქართული საქმის სათავეში ჩაგვეყენებინაო”. იგონებდა ნიკო მოგვიანებით. ეროვნული საქმის გამოცოცხლებით აღფრთოვანებულმა ილია ჭავჭავაძემ დაწერა ლქსი ჩემო კარგო ქვეყანავ”, რომელიც შემდეგ საქართველოს არაოფიციალურ ჰიმნად იქცა. ნიკო ნიკოლაძეს აწუხებდა ის აზრი, რომ “ახალი თაობა” არ ცნობდა ხალხის პრაქტიკულ საჭიროებას, არ იცოდა და ვერც ეჩვეოდა ერთად, შეერთებულ შრომას, ერთ რაზმში მხარდამხარ დგომას. მან ილია ჭავჭავაძეს ურაზმო გენერალი უწოდა, რომელსაც ბევრად მეტი სასარგებლო საქმის გაკეთება შეეძლო ქვეყნისათვის ამ რაზმის ყველა წევრის გვერდით დგომით. ილია ჭავჭავაძისა და მისი მცირე, მაგრამ ძლიერი რაზმის “თერგდალეულთა” მიერ დაწყებული დიდი საქმე ნიკომ თავისი პოლიტიკური სამიანობით განამტკიცა. სწორედ მან  თერგდალეულთა” “უკანასკნელმა მოჰიკანმა” მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს გათავისუფლებასა და თავისუფალი რესპუბლიკის დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში, როგორც დეპუტატმა როგორც დიპლომატმა, როგორც ფინანსისტმა და ეკონომისტმა, როგორც მებრძოლმა ჟურნალისტმა, როგორც მეწარმემ და როგორც ახალი, დიდი და მასშტაბური პროექტების ავტორმა და შემოქმედმა.

ნიკოლაძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა თურქეთთან და გერმანიასთან მოლაპარაკებაში, რასაც მოჰყვა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება დემოკრატიულ რესპუბლიკად და ამ სახელმწიფოებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება.

ნიკოლაძე წარმოდგენილი იყო საქართველოს მაშინდელ პარლამენტში, როგორც ილიას მიერ 1905 წელს ეროვნულ-დემოკრატიულ მოძრაობად ჩამოყალიბებულ (სხვათა შორის, ილიასვე რეკომენდაციით ამ საზოგადოების პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკო ნიკოლაძის სიძე ცნობილი იურისტი და მრავამხრივი საზოგადო მოღვაწე ივანე ზურაბიშვილი) და 1917 წელს სპირიდონ კედიას მიერ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიად გარდაქმნილი ეროვნულ-დემოკრატების საპატიო თავმჯდომარე და 12 კაციან ოპოზიციურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. იგი ხმალამოღებული იბრძოდა ქვეყნის გადარჩენისათვის. ამისთვის მას თავისი ხედვა და გეგმა ჰქონდა. ნიკოლაძეს კარგად ესმოდა, რომ სოციალისტური წყობა, რომელიც დემაგოგიურ პრინციპებს ეფუძნებოდა, განწირული იყო დასაღუპად. დიდი მოაზროვნე ამტკიცებდა, რომ ყოველ დროს თავისი საქმე და საჭიროება აქვს, ნაადრევი ყველაფერი დღენაკლულია!.. სანამ არ შეიქმნება დემოკრატიის ეკონომიკური და პოლიტიკური წანამძღვრები, მანამ მდგომარეობა არ შეიცვლება და არ გაუმჯობესდება, …”. ნიკო ნიკოლაძე ეჭვქვეშ აყენებდა სოციალისტური საზოგადოებრივი წყობის ჩამოყალიბების შესაძლებლობებს. მისთვის მიუღებელი და არარეალური, ქვეყნისათვის დამღუპველიც კი იყო სოციალ-დემოკრატების ყველაზე თამამი და დღემდე არსად არ განხორციელებული იდეალი სიმდიდრის კოლექტიური წარმოება, როგორც კაპიტალიზმის წინააღმდეგ მიმართული საშუალება…” მას მიაჩნდა, რომ საზოგადოებრივი წყობილების შეცვლა, ხალხის პოლიტიკური კულტურის დონის ამაღლებით, მისი ზნეობრივი და გონებრივი განვითარების წყალობით უნდა მოხდეს.”

ჯერ კიდევ XIX საუკუნის 80-იან წლებში ნიკო ნიკოლაძე ამტკიცებდა, რომ ქვეყნის გადარჩენისათვის აუცილებელი იყო ქვეყანაში მრავალპარტიული მმართველობის არსებობა. იქნებოდა ეს თბილისის, ქუთაისის, ფოთის თუ სხვა დიდი ქალაქების თვითმმართველობის სხვადასხვა ფორმა მუნიციპალიტეტი, სარებულო, დუმა და სხვა. ერთსულოვანი, ერთფეროვანი საკრებულო კამათისა და პარტიათა ბრძოლის გარეშე სხვა არაფერია, თუ არა ცარიელი ქაღალდის ფურცელი, რომელზეც, ვაი, რომ არავის აქვს საწერი.” ერთფეროვანი, ერთპარტიული, ცალსახა დუმა(საკრებულო) არაფერს წარმოადგენს, სრულიად არაფერს ქიმერისა და უნაყოფობის გარდა. მასში არაა ცოცხალი მუშაობა და სასარგებლო, ნაყოფიერი შრომა ჯან_ღონით, ცოდნითა და იდეებით, ენერგიითა და მტკიცე რწმენით სავსე ადამიანებისათვის”, მხოლოდ დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნების შედეგად მმართველობის სათავეში მოსულ საკრებულოსა თუ მსგავს ხელმძღვანელ ორგანოს, უწყებას შეუძლია აზრთა ჭიდილში შობილი ჭკვიანური, ქვეყნისა და ხალხისათვის მისაღები, სასარგებლო საქმეები აკეთოს, მიიღოს ასევე საჭირო და სასარგებლო დადგენილებები და კანონები და გაატაროს ისინი ნიკო ნიკოლაძე ხელისუფლებისაგან საქართველოს სუვერენიტეტის მეტი სიმტკიცით დაცვას მოითხოვდა, ზოგჯერ ეჭვიც ეპარებოდა მთავრობის უნარსა და შესაძლებლობებში. ის ურჩევდა მმართველ პარტიას მჭიდროდ ეთანამშრომლა კაპიტალისტურ ქვეყნებთან და გაეთვალისწინებია მათი გამოცდილება.

ნიკო ნიკოლაძეს კარგად ესმოდა სიტყვის თავისულების ფასი, მისი გამოსვლები დამფუძნებელ კრებებზე ყოველთვის საქმიანი და კონსტრუქციული იყო: “ბატონებო, ჩვენს ფრაქციას სულ სხვანაირად ესმის თანამშრომლობა დამფუძნებელ კრებაში, ვიდრე თქვენს ფრაქციას. ჩვენ გვგონია, რომ როდესაც ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ არა იმიტომ, რომ გითხრათ, ჩამოდექით და ჩვენ დავსხდებით თქვენს სკამებზეო, ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი მამულის და თავისუფლების განმტკიცება, ჩვენ მტრულად კი არ ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ ძმურად!..”

დიდ რეფორმატორს საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობა და გაძლიერება მიაჩნდა უპირველეს პრიორიტეტად. ის გამუდმებით ფიქრობდა ქვეყანაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და საზღვარგარეთ გატანის საქმეზე, რკინიგზებისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე. “… როგორც დაარსდა ჩვენი ქვეყანა, როგორც გამოცხადდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, უნდა დაგვეწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ შევქმნათ ნამდვილი დამოუკიდებლობა ჩვენი რკინიგზის, მიმოსვლის, ჩვენი მრეწველობისა და მეურნეობის განვითარებით!..”

მას მიაჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი ჰიდრორესურსების წყალობით და მათი გეგმაზომიერი ათვისებით შესაძლებელი იქნებოდა “აუცილებელი რევოლუცია ეკონომიკურ წეს-წყობაში, რევოლუცია ფინანსებში, მრეწველობაში…”

“დღესასწაული მოელის ჩვენს მთიან ქვეყანას!..”  წერდა იგი ჯერ კიდევ XIX საუკუნის 80-იან წლებში,  “აი, მაშინ გაუთენდება აღდგომა ჩვენს მთებს! რამდენი მთის მდინარე, რამდენი ჩანჩქერი, რამდენი მოძრავი ძალა გვაბადია! ეს ყველაფერი გამოიყენება. ეს აუარებელ ჩარხებს, დაზგებს, მანქანებს აამოძრავებს. მილიონ ოჯახში, რომელნიც შინაურ ხელობას, შინაურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან…

აქამდის ხალხი ჩვენი წინაპრების სადგომიდან მთებიდან ძირს მიელტვოდა ვაკეს დასაკავებლად, სადაც ხვნა-თესვა უფრო უადვილდებოდა. ეხლა კი პირიქით, ვაკედან მთებისკენ, მოძრავ ძალისკენ ავა.”

ამავე ჰიდრორესურსების წყალობით შესაძლებელი გახდება რკინიგზის დამოუკიდებელი დენის წყაროთი უზრუნველყოფაც. ნიკოლაძე თვლიდა, “… როცა ის გვექნება ხელში, მაშინ ჩვენ გვექნება ნამდვილი ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობა…”

ნიკო ნიკოლაძე ამტკიცებდა, რომ ქვეყნის გაძლიერებისათვის აუცილებელია ბაქო-ბათუმისა და გროზნო-ფოთის ნავთობსადენის მშენებლობა ისე, რომ ორივე ნავთობსადენმა აუცილებლად გაიაროს საქართველოს ტერიტორიაზე. მისი სიტყვით: “ჩვენ უნდა გავაკეთოთ მილი გროზნომდის იმისთვის, რომ ბაქოს სათამაშონი არ გავხდეთ, როგორც დღესა ვართ.” ნ. ნიკოლაძის ამ და სხვა პრაქტიკულ პროექტებს სკეპტიკურად და ირონიულადაც კი უყურებდნენ მთავრობის წარმომადგენლები, მაგრამ ის მაინც დაუღალავად შრომობდა და ეძებდა უცხოელ ინვესტორებს.

1920 წლის ოქტომბერში ნიკო ნიკოლაძემ საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარეს ლონდონიდან წერილი გამოუგზავნა და დეპუტატობისაგან გათავისუფლება ითხოვა (რადგან ჭიათურის შავი ქვის გადამზიდი საზოგადოების დავალებით მუშაობდა ქართული წიაღისეულის ექსპორტის საქმეზე): “ვეთხოვები რა კრებას, რომლის წევრობა ჩემთვის უაღრეს პატივს და სიამაყეს შეადგენდა, სულით და გულით ვუსურვებ სრულ წარმატებას!” მანამდე კი, 1918 წლიდან 1921 წლამდე იგი იმყოფებოდა დასავლეთ ევროპაში საქართველოს პირველი დემოკრატიული მთავრობის დელეგაციების წევრად და აწარმოებდა მოლაპარაკებებს ევროპის ქვეყნების მთავრობებთან და პოლიტიკურ წრეებთან.

საფუძვლიანი გამოდგა ნიკო ნიკოლაძის შიში 1921 წლის თებერვალ_მარტში საბჭოთა რუსეთმა იარაღით დაიპყრო საქართველო, მოახდინა მისი ხელახალი ოკუპაცია და ანექსია. დაიწყო სისხლიანი რეპრესიები… ნიკოლაძე ძალიან განიცდიდა ქვეყანაში შექმნილ გაუსაძლის სიტუაციას: სული მიდგას და ჯანმრთელად ვარ, ვმუშაობ თავაუღებლად, რათა თავდავიწყებაში ჩავახშო უნუგეშო დარდი, რომელიც ძილს მიკრთობს,” ხელისუფლების შეცვლამ თავდაყირა დააყენა ქვეყანა, რის გამოც განუხორციელებელი დარჩა ნიკო ნიკოლაძის ბევრი პროექტი და იდეა, რომლებიც გააძლიერებდა და თითქმის საუკუნის წინ მსოფლიო ბაზარზე გაიყვანდა ქართულ ეკონომიკას.

ნიკო ნიკოლაძეს დროსგასწრებულ მამულიშვილს” და XXI საუკუნის ადამიანს უწოდებენ ერთდროულად ეროვნულ-პატრიოტულ და ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე გლობალური აზროვნების, უტყუარი ლოგიკის, ღრმა და მრავალმხრივი, უკომპრომისო პუბლიცისტური ნაშრომებისა და მიზანსწრაფულობის გამო, რაც აისახა მის მასშტაბურ, საუკუნის პროექტებში, მის შესახებ თანამედროვენი წერდნენ: ნიკო ნიკოლაძე სულით და გულით ევროპელია, ევროპაში ნასწავლი, ევროპის იდეებით გამსჭვალული, ინიციატივიანი კაცი, პრაქტიკი და საქმიანი… იგი რეალისტია, ცხოვრების მცოდნე, მის ქარ-ტეხილში ჩავარდნილი. იგი იქცევა ისე, როგორც უკარნახებს მას ცხოვრების სასტიკი სინამდვილე.”

მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის დევიზი კი “დიდმა ნიკომ” ასე გამოხატა: მხოლოდ ის, ვისაც თავისი საზოგადოება მიჰყავს წინ სიკეთისა და პროგრესის გზით, დემოკრატიული იდეალების გამარჯვებისაკენ, იპოვის ადგილს თავის თანამემამულეთა გულსა ხსოვნაში.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: