დრუიდები დასაბამიდან დღევანდელობამდე


დრუიდები ძველ გალიაში – ირლანდიასა და ბრიტანეთში კელტი ხალხის ტრადიციების და წეს-ჩვეულებების მატარებელ ქურუმთა კარჩაკეტილ კასტას წარმოადგენდნენ, რომლებსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ სამეფო ძალაუფლებასთან.

მათზე ძალიან მწირი ცნობები მოიპოვება, მითუმეტეს, რომ დრუიდები საკუთარ ცოდნას ზეპირად, თაობიდან თაობას წერილობითი წყაროების გარეშე გადასცემდნენ. მათზე წარმოდგენა მხოლოდ თქმულებების, ლეგენდებისა და ასევე ბერძნული თუ რომაული წყაროების მიხედვით გვექმნება.

სიტყვის “დრუიდის” წარმომავლობის თაობაზე დიდი ხნის განმავლობაში გაცხარებული კამათი და აზრთა სხვადასხვაობა იყო გამართული – კლასიკური ტექსტებში სახელი დრუიდი მხოლოდ მრავლობით რიცხვში გვხვდება. ფორმა “dryadae” ბერძნული ძირის უნდა იყოს რაც ხისა და წყლის ნიმფების სახელს დრიადებს უკავშირდება. თუმცა ბოლო დროს მეცნიერთა ნაწილი ძველ ავტორებს ესესხება სიტყვის წარმოქმნის ვერსიას, მაგალითად ბლინიუსი ამბობს, რომ სიტყვა დრუიდი ძველბერძნული “დრუს”-დან მოდის, რაც ორიგინალში მუხას ნიშნავს, სიტყვის მეორე მარცვალს კი ინდოევროპულ წარმომავლობას უძებნიან ძირიდან “wid”, რაც ცოდნას უკავშირდება. ასეთ სიტყვებთან სიახლოვე სავსებით ლოგიკურია, რადგან დრუიდთა დიდი ნაწილი ევროპის მუხნარებში სახლობდა, სადაც ტაძრები ჰქონდათ აგებული და მუხა დრუიდებისთვის წმინდა ხედ ითვლებოდა (თუმცა ასევე არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვით დრუიდების სახელი მათ ლეგენდარულ გრძნეულ დედოფალს დრუიდესს უკავშირდება. ამ ვერსიას ემხრობა ფრანგი მწერალ-მისტიკოსი ედუარდ შიურე (XIX-XX ს.ს.).

დრუიდი ქურუმები იყოფოდნენ სამ საფეხურად (კასტად) – ოვატებად, ბარდებად და საკუთრივ დრუიდებად.

ოვატები სწავლულები იყვნენ, რომლებიც იმ დროის ზუსტ მეცნიერებებს ფლობდნენ – მედიცინას, არითმეტიკას, გეომეტრიას, ვარსკვლავთმრიცხველობას (სადაც შედიოდა ასტრონომია და ასტროლოგია).

ბარდები იყვნენ პოეტები, რომლებიც ლექსებს თხზავდნენ და მათ განსაკუთრებული რიტმული რეჩიტატივით (წამღერებით) ასრულებდნენ. მთლიანობაში ეს იყო ინდური მანტრების მსგავსი პოეზია (შემდგომში სიტყვა”ბარდი” სხვა ენებშიც გავრცელდა).

რაც შეეხება დრუიდებს – ისინი ცოდნით, მორალითა თუ სულიერებით ოვატებზეც და ბარდებზეც მაღლა იდგნენ. დრუიდებს ევალებოდათ კელტთა რელიგიური ცხოვრების წარმართვა, რიტუალების ჩატარება, ღვთიური კანონების დაცვა. ესენი იყვნენ ღვთისმსახური ქურუმები.

დრუიდები გმირული თქმულებებისა და მითოლოგიური პოემების შემნახველნი იყვნენ, რომელთაც ახალგაზრდობას ზეპირად გადასცემდნენ. თუმცა შემდგომ ეტაპობრივად დრუიდებმა ირლანდიელებსა და ბრიტებში შერევის შედეგად ფუნქცია მალევე დაკარგეს, ხოლო IV-V საუკუნეებში, ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ისინი ასე ვთქვათ, სოფლის ექიმბაშებად იქცნენ.

შემონახულია, ცნობები დრუიდების ასტროლოგიური ცოდნის შესახებაც, რომელიც ხეებს უკავშირდებოდა. მათი ზოდიაქო შედგებოდა 22 ნიშნისგან და მათ ხეების სახელები ერქვა. დრუიდები ტყეს წმინდა ადგილად თვლიდნენ, ამიტომ, ყველა რიტუალს სწორედ ტყეში ასრულებდნენ, ხოლო კალენდრის თვეებს ასევე ხის სახელები ერქვა.

დრუიდები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ზამთარ-ზაფხულის პირისპირდგომასა და გაზაფხულ-შემოდგომის ბუნიობას. ამ დღეებში ისინი აწყობდნენ საზეიმო მსვლელობებს და თავიანთ ღმერთს მსხვერპლად თეთრ ხარებს სწირავდნენ.

დრუიდული ასტროლოგიის საფუძველი დედამიწის მიმართ მზის მდებარეობაა. ადამიანს ბედს, მის მომავალს, ხასიათსა და უნარს განსაზღვრავს ის, თუ რამდენად არიან დაშორებულები მზე და დედამიწა ერთმანეთისგან. სწორედ ამიტომ, თითოეულ ნიშანს მოქმედების ორი პერიოდი ჰქონდა და როგორც უკვე ვთქვით ეს ნიშნები ხეებია.

დრუიდები ყველაზე წმინდა ხედ მუხას თვლიდნენ, თუმცა მათთვის ასევე წმინდა იყო ფითრი (ნახევრადპარაზიტული ბუჩქი, რომელიც ხეზე იზრდება).

დრუიდები თვლიდნენ, რომ თითოეული ადამიანი, ისევე როგორც ხე, დადებითი ან უარყოფითი თვისებების მატარებელია და ყოველი მათგანი მოითხოვს ცხოვრების განსაკუთრებულ პირობებს. მათ კალენდარში და ასტროლოგიურ ციკლში სულ 22 ხე იყო და აქედან ოთხი ხე უკავშირდებოდა ბუნიობებსა და პირისპირდგომებს:

21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობას მართავს – მუხის ხე (რომელიც ძველ საქართველოში ასევე წმინდა ხედ ითვლებოდა).

24 ივნისის, ზაფხულის პირისპირდგომის დღეს – არყის ხე მართავს

23 სექტემბერს, შემოდგომის ბუნიობის სიმბოლოა – ზეთისხილის ხე.

21 დეკემბერი, ზამთრის ბუნიობის ხეა – წიფელი.

დანარჩენი თვრამეტი ხე წლის დარჩენილი პერიოდს მართავს.

სხვათა შორის, ჩვ. წ. აღ-ით I საუკუნეში ალექსანდრიელი სწავლულები არა მხოლოდ აღტაცებულნი იყვნენ დრუიდებით, არამედ მათ ადარებდნენ ბერძენ ფისოლოფოსებს, სპარსელ მოგვებსა და ინდოელ ჰიმნოსოფისტებს (იოგებს). მართალია შუასაუკუნეებში ინტერესი დრუიდების შესახებ გარკვეულწილად მინავლდა, თუმცა XVII საუკუნიდან ისევ ახალი ძალით დაიწყო დრუიდული ცოდნის კვლევა-ძიება.

ანტიკური პერიოდის ცნობილი მკვლევარი ჯონ ობრი (XVII ს.) პირველი იყო, ვინც წამოაყენა ვერსია, რომ ცნობილი სტოუნჰენჯის ამშენებლები სწორედ დრუიდები იყვნენ. ამ იდეას მხარი დაუჭირა უილიამ სტიუკლიმ (XVII-XVIII ს.ს.). იგი თვლიდა, რომ “დრუიდები არა მხოლოდ მეგალითური ეპოქის შესანიშნავი არქიტექტორები, არამედ ძველი აღთქმის ჭეშმარიტი პატრიარქალური შემსრულებლებიც იყვნენ”.

სხვათა შორის დრუიდებს მიაჩნდათ, რომ ადამიანის სული უკვდავია და ის გარდასხეულებას განიცდის, ანუ დრუიდები საუბრობდნენ იმ მოვლენაზე რასაც მეცნიერებაში მეტემფსიქოზი, ხოლო აღმოსავლურ რელიგიებში კი რეინკარნაცია ეწოდება. ამის შესახებ ცნობებს ცნობილი რომაელი მხედართმთავარი გაიუს იულის კეისარი გვაწვდის თავის წიგნში “გალიის ომის კომენტარები”.

პირველი კონფერენცია დრუიდების ცივილიზაციის შესახებ ლონდონში 1717 წელის ინგლისელი ჯონ ტოლანდის თაოსნობით გაიმართა, რომელმაც დრუიდების “ახალი დაბადების” შესახებ განაცხადა. პირველი დრუიდული ორდენი კი, რომელსაც ეწოდებოდა “ანტიკური დრუიდების ორდენი” 1781 წელს ჩამოყალიბდა.

დღესდღეობით არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში საკმაოდ ბევრი დრუიდული ორდენი თუ ორგანიზაცია არსებობს, რომლებიც სამ მილიონამდე წევრს ითვლიან. ასე რომ, დრუიდები დღესაც არსებობენ და ინარჩუნებენ საკუთარ იერ-სახეს, რიტუალებსა თუ ცხოვრების წესს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: