გიორგი მაზნიაშვილი (1871-1937)


დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს გენერალი, ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. საქართველოს უკანასკნელი დაუმარცხებელი გენერალი…

გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა 1871 წელს კასპის რაიონის სოფ. სასირეთში. წარმოშობით მათი გვარი მესხეთიდან ყოფილა, რასაც თურქების მიერ შედგენილი „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარიც“ ადასტურებს. მამა, ივანე მაზნიაშვილი, გიორგის სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა და რადგანაც ეს პატარა გიორგის სურვილიც იყო, იგი თბილისის იუნკერთა სასწავლებელში შეიყვანეს. სასწავლებლის წარმატებით დასრულების შემდეგ გიორგიმ მეფის არმიაში დაიწყო სამსახური. თავი გამოიჩინა რუსეთ–იაპონიის 1904–1905 წლების ომში.

შემდეგ იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში, სადაც დაიჭრა და პეტერბურგის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. აქ მას თავად იმპერატორის ქალიშვილები უვლიდნენ. ლაზარეთში გენერალი იმპერატორმა ნიკოლოზ II–ინახულა და იმპერიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გიორგის ჯვარი გადასცა, შემდეგ გმირობისა და მამაცობისათვის საგანგებო სამხედრო იარაღით – ოქროსვადიანი ხმლით დააჯილდოვა. იმპერატორი იმდენად დიდ პატივს სცემდა მაზნიაშვილს, რომ სასახლეში მიიწვია და მისი ქალიშვილი ანეტაც მოანათლინა.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთის არმია დაიშალა. გენერალი მაზნიაშვილი თავისი 60 ქართველი მებრძოლით სამშობლოში დაბრუნდა. აქ მან შექმნა ორი ეროვნული დივიზია. საქართველოში მეტად მძიმე ვითარება დახვდა: ქაოსი, არეულობა, მტერი ყოველი მხრიდან შემოდიოდა: სამხრეთიდან მოიწევდნენ თურქი ასკერები, სამხრეთ–დასავლეთიდან სომეხი დაშნაკები და აზერბაიჯანელი მუსავატები, ბაქოდან და მამისონის უღელტეხილიდან რუსები შემოჭრილიყვნენ, რომლებსაც ორჯონიკიძე, კიროვი და გეგეჭკორი მოუძღოდნენ. ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში საქართველოს მთავრობის ერთადერთი იმედი გიორგი მაზნიაშვილი იყო.

1918 წელს კავკასიის კომისარიატმა მას დაავალა თბილისის დაცვა დემორალიზებული და თურქეთის ფრონტიდან ქაოსურად უკანდახეული რუსული ნაწილებისაგან, რომლებსაც თბილისის აღება სურდათ. მაზნიაშვილმა ამ საფრთხის არიდება ჯავშანმატარებლითა და ქართველ მუსლიმთა კავალერიის პოლკით შეძლო. 1918 წელს რუსეთმა ბრესტის ზავით თურქეთს გადასცა ქართული მიწები მათ შორის აჭარა. თურქეთმა ეს არ იკმარა და გურიასაც შეუტია.

„მამებო, ძმებო, შვილებო! უჭირს სამშობლოს, გვართმევენ ბათუმს, მთელ სამხრეთ საქართველოს! თქვენს ოზურგეთს!… ისევ თქვენი მჭადით, ცულითა და ნაჯახით უნდა დაუხვდეთ მტერს და სძლიოთ!“ ამ მოწოდების შემდეგ მაზნიაშვილმა სახალხო ლაშქრის, პარტიზანებისა და საჯარისო ნაწილების დახმარებით არა მარტო გურია გამოსტაცა ხელიდან თურქებს, არამედ მოიპოვა რა გამარჯვება ჩოლოქის ბრძოლაში, ბათუმიც გაათავისუფლა.

1918 წლის აპრილში აფხაზეთიდან მაზნიაშვილთან დელეგაცია მივიდა, რომელმაც სთხოვა, მტრისგან გაეთავისუფლებინა აფხაზეთი. ამავე წლის 18 ივნისს იგი აფხაზეთის გენერალ–გუბერნატორად და საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად დაინიშნა. ქართული ჯარით, სახალხო გვარდიითა და კავალერიით, რომელშიც 300 აფხაზი ირიცხებოდა, მაზნიაშვილმა იოლად ჩაახშო პრობოლშევიკური აჯანყება, შემდეგ კი თეთრგვარდიელებისგანაც გაათავისუფლა აფხაზეთი (გაგრა, სოჭი და ტუაფსე). 1918 წლის ოქტომბერში იგი იყო თბილისის გენერალ–გუბერნატორი. ამავე წელს სომხეთ–საქართველოს ომის დროს წარმატებით დაიცვა საქართველოს სამხრეთი საზღვარი და წარმატებით უკუაქცია გენერალ კანაიანის ჯარები საქართველოს საზღვრებიდან, შემდეგ კი სრულმასშტაბიანი შტურმით აიღო შულავერი და რამდენიმე სოფელი. 1919 წელს ის მსახურობდა ახალციხე-ახალქალაქის გენერალ-გუბერნატორად. 1920 წლის ოქტომბერში თბილისის კომენდანტად გადმოვიდა.

1921 წლის თებერვალში იცავდა ფონიჭალის რაიონს XI ბოლშევიკური არმიის ნაწილებისგან მაგრამ… ბოლშევიკებმა თბილისი აიღეს. იმავე წლის მარტში თურქებმა, ქიაზიმ ბეის წინამძღოლობით, ბათუმი კვლავ დაიკავეს. ქართველმა ბოლშევიკებმა დახმარება მაზნიაშვილს სთხოვეს. თქვენ იცით, რომ კანონგარეშედ იყავით გამოცხადებული და ყველა კომუნისტს ჰქონდა უფლება მოეკალით, მაგრამ არ მოგკლავთ. მენშევიკების გენერალო, ოღონდ იბრძოლეთ ჩვენთან ერთად! – ასე მიმართა მას შეხვედრისას სერგო ორჯონიკიძემ.

მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი!“

ასეთი იყო მაზნიაშვილის პასუხი. მან სასწრაფოდ შეიმუშავა ბრძოლის გეგმა და ბათუმის მისადგომებთან სასტიკი ბრძოლა გააჩაღა. 9 ათასი თოფიდან მხოლოდ 183 აღმოჩნდა გამოსადეგი.

გენერალი გაოცებას ვერ მალავდა, თუმცა 4 დღეში მან მაინც მოახერხა, რომ ბათუმსა და მის ოლქში მტრის არც ერთი ჯარისკაცი აღარ ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, 1923 წელს, წითელი ტერორის დროს, მაზნიაშვილი დააპატიმრეს და ირანში გადაასახლეს. დიდხანს იყო ემიგრაციაში, ცილისწამება და უსამართლო ბრალდებები მის წინააღმდეგ არ წყდებოდა: ბრალს სდებდნენ, თითქოს მან აცნობა საბჭოთა ხელისუფლებას 1924 წლის აჯანყების შესახებ, მის სახელს იყენებდნენ სხვადასხვა ავანტურის დროს, მაგრამ სამშობლოს გარეთ ცხოვრება მას მაინც არ შეეძლო, ამიტომ მხოლოდ ერთს ითხოვდა– საქართველოში დაბრუნების უფლება მიეცათ! ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ მან შეძლო დაბრუნება, დასახლდა მშობლიურ სოფელში, ჩამოშორდა ყოველგვარ პოლიტიკურ საქმიანობას და გლეხურ მეურნეობას მიჰყო ხელი. მოაგვარა სოფელში სასმელი წყლის პრობლემა, ააშენა სკოლა, მაგრამ არ დასცალდა მშვიდი ცხოვრება. 1937 წლის მასობრივი ტერორის დროს მაზნიაშვილი თავის უფროს ვაჟთან – ვანოსთან ერთად დააპატიმრეს და ყოველგვარი გასამართლების გარეშე ორივე დახვრიტეს. სამშობლოს მხურველე სიყვარულით გულანთებული კიდევ ერთი პატრიოტის სიცოცხლე დასრულდა ისე, რომ შთამომავლობამ მისი საფლავის ადგილსამყოფელიც არ იცის.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: