რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერა


რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდა კათოლიკოს-პატრიარქი იოანე IV საფარელი, მოწვეულ იყო 1103 . წმ. კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის უშუალო ინიციატივით. წმ. მეფეს მიაჩნდა, რომ ღვთისთვის მოსაწონი არ იქნებოდა საქართველოს მაშინდელ ეკლესიაში და ერში არსებული მდგომარეობა, ვინაიდან გამრავლებული იყო ცოდვა და ნაწილი ღვთისმსახურები, ნაცვლად ერში ქადაგებისა და მათთვის ღირსეული მაგალითის მიცემისა, ყოველგვარ უკუღმართობაში იყვნენ ჩართულნი. ამიტომაც, დავით აღმაშენებელმა, შემოიკრიბა რა ჩვენი ეკლესიის დიდი მღვდელთმთავრები, მტკიცე ხელით შეუდგა წესრიგის დამყარებას საქართველოს ეკლესიაში. სწორედ ამისთვის იქნა მიღებული ეს ძეგლისწერაც.

რუის-ურბნისის საეკლესიო ძეგლისწერა ერთ-ერთი საუკეთესოა სასულიერო ხასიათის ქართული სამართლის წყაროებს შორის. ძეგლისწერას ივანე ჯავახიშვილი 4, ხოლო კორნელი კეკელიძე 3 ნაწილად ჰყოფს. განსხვავება მათ შორის ისაა, რომ დავითის შესხმას და ქართველ მოღვაწეთა მრავალჟამიერსა და მოსახსენებელს ჯავახიშვილი ცალ-ცალკე ნაწილებად განიხილავს, ხოლო კეკელიძე კი მათ ტერმინ სინოდიკონის“ ქვეშ აერთიანებს. ამგვარად, რუის-ურბნისის ძეგლისწერა შედგება:

ა) შესავლის,

ბ) კანონების,

გ) დავითის შესხმისა და

დ) ქართველ მოღვაწეთა მრავალჟამიერისა და მოსახსენებ-ლისაგან.

ივანე ჯავახიშვილი ვარაუდობდა, რომ წმ. დავით მეფის თანამედროვე დიდი ქართველი საეკლესიო მოღვაწე არსენ იყალთოელი უნდა ყოფილიყო კრების მდივანი და აქედან, შესაძლოა, ტექსტის ავტორიც.

ძეგლისწერის შესავალში მოთხრობილია: ადამიანის გაჩენა, მისი განდევნა სამოთხიდან, ღვთის მიერ მოსეს ხელით ადამიანებისთვის სჯულის მიცემა, ასევე ქრისტეს განხორციელება, მისი წამება, აღდგომა და ამაღლება და საქართველოს გაქრისტიანება. ძეგლის შესავალში აღიარებულია სამეფო ხელისუფლების ღვთიური წარმოშობა. რუის-ურბნისის ძეგლისწერა განარჩევდა სამართალს, როგორც ბუნებითს, ე.ი. ღვთიურს, ისე დაწერილს, ანუ კანონს. უპირატესობას, რასაკვირველია, ღვთისგან ბოძებულ სამართალს ანიჭებდა, თანაც თვლიდა, რომ დაწერილი სჯული საღვთო სჯულის შესაბამისი უნდა ყოფილიყო.

შესავალს მოსდევს საკუთრივ დადგენილებანი, ანუ საეკლესიო კრების გადაწყვეტილებები. ივ. ჯავახიშვილს და კ.კეკელიძეს გააჩნდათ მოსაზრება, რომ ძეგლი 15 მუხლად იყოფა, ხოლო ი.დოლიძე მას 16 მუხლად ჰყოფდა. რაც შეეხება მუხლების შინაარსს, მათ ჩვენ დაწვრილებით ქვემოთ განვიხილავთ.

დადგენილებების შემდეგ მოცემულია შესხმა „კეთილად მსახურისა და ღȠივდაცულისა მეფისა ჩუ ნისა დავითისი. შესხმა საკმაოდ დიდია და მასში წმ. დავით IV განდიდებულია შედარებებით. არსენ იყალთოელი აღნიშნავს, რომ მეფე დავითი არის: საჩინო, ვითარცა მზე ვარსკვლავთა შორის… ღვთის სახე, ვითარცა სიყვარული სათნოებათა შორის… ბრძენ, ვითარცა სოლომონ მეფეთა შორის… მშვიდ, ვითარცა დავით ცხებულთა შორის.“ შესხმა საკმაოდ ვრცელია. მას მოსდევს მრავალჟამიერი ცოცხალთა და მოსახსენებელი გარდაცვალებულთა. როგორც აღვნიშნეთ, კორნელი კეკელიძე დავითის შესხმას და მოსახსენებელს ძეგლისწერის ერთ ნაწილად თვლიდა და მას სინოდიკონს“ უწოდებდა. სინოდიკონი, კეკელიძისვე განმარტებით, იყო ბიზანტიაში 843წ. ხატმებრძოლებზე მართლმადიდებელი ეკლესიის გამარჯვების ნიშნად შემოღებული განსაკუთრებული საეკლესიო მსახურება, რომლის დროსაც ქებას უძღვნიდნენ ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის მებრძოლთ.

ახლა განვიხილოთ რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მიერ მიღებული დადგენილებები:

1)პირველი მუხლით განიკვეთნენ უღირსი მღვდელმთავრები. აქვეა განმარტებული, რომ უღირსი არს ის ღვთისმსახური, რომელსაც ხორცი სულისთვის არ დაუთრგუნავს და არ არის შესაბამისი ასაკის მქონე.

2)მეორე მუხლმა მოაწესრიგა ღვთისმსახურისთვის საჭირო ასაკი. კერძოდ: წიგნის მკითხველისთვის – 8 წელი, დიაკვნისთვის – 25, მღვდლისთვის – 30 და მღვდელმთავრისთვის – 35. ამ მუხლშივეა მითითებული, რომ ხელდასხმა უნდა ხდებოდეს თანმიმდევრობით, უმცირესიდან უპირატეს ხარისხზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში 1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული ადგილობრივი კრების მიერ მიღებული „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დე-ბულების“ VII თავის §4 1-ლი პუნქტი ადასტურებს რუის-ურბნისის ძეგლისწერის მოთხოვნას, კერძოდ კი მღვდელ-მთავრისთვის საჭირო ასაკს – 35 წელს.

3)მესამე მუხლში მითითებულია, რომ ხელდასხმა და ეკლესიის კურთხევა უნდა ჩატარდეს გიორგი მთაწმინდლის განწესების მიხედვით.

4)მეოთხე მუხლი კრძალავს ხელდასხმას ქრთამით, საფასით, ან ძღვენით, ანუ ე.წ. სიმონიას. როგორც ცნობილია, სიმონი იყო ის მოგვი, რომელმაც ქრისტეს წმიდა მოციქულებს სთხოვა მიეყიდათ მისთვის ღვთივმომადლებული კურნების და სასწაულის მოხდენის უნარი.

5)მეხუთე მუხლში მითითებულია, რომ ეკლესიის ქონება და ჭურჭელი, ნაყიდი იქნება ეს თუ შემოწირული, უნდა იქნეს მოხმარებული მხოლოდ საჭიროების მიხედვით და ძეგლისწერით მისი გასხვისება, თვით ტყვეთა გამოსყიდვის მიზნითაც კი სასტიკად აიკრძალა.

6)მეექვსე მუხლით დადგინდა, რომ ქორწინება, მონათვლა და მონაზვნად განწესება უნდა მოხდეს მხოლოდ ეკლესიის მიერ განსაზღვრული წესით. აქვეა აღნიშნული, რომ ქორწინება უნდა შესრულდეს ეკლესიაში და შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ, ე.ი. ადამიანს ორჯერ ჰქონდა ქორწინების უფლება.

7)მეშვიდე მუხლმა დაადგინა მექორწილეთა ასაკი, კერძოდ 12 წელი. აიკრძალა მცირეწლოვანთა ჯვრისწერა.

8)მერვე მუხლში მითითებულია, რომ მღვდელმთავრებად უნდა შეირჩენ ეკლესიის ის მსახურნი, რომელნიც გათვითცნობიერებულნი არიან საქრისტიანო წესებში, ანუ როგორც „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დებულებაშია“ მითითებული უნდა ჰქონდეს შესაფერისი საღვთისმეტყველო განათლება.

9)მეცხრე მუხლი აწესრიგებს მოძღვართა რიცხვს მონასტერში. აღნიშნულია, რომ დიდ მონასტრებს უნდა ჰყავდეთ 2 მოძღვარი, ხოლო პატარებს – მხოლოდ ერთი. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოში არსებობდა მოძღვართა უფროსის, ანუ მოძღვართმოძღვრის თანამდებობა, რომელიც, ისიდორე დოლიძის მოსაზრებით, გელათის აკადემიის რექტორი იყო და ფრიად საპატიო სახელოდ ითვლებოდა.

10)მეათე მუხლი კრძალავს მონასტერში ერისკაცთა მიერ ვაჭრობას, ასევე მონასტრის ტერიტორიაზე არასაეკლესიო მიზნით შეკრებას, ვინაიდან მონასტერი არის ღვთის ტაძარი სამლოცველო სახლი და ბერულ წმიდა ცხოვრებას უწესობა, არ შეშვენის.

11)მეთერთმეტე მუხლში განმარტებულია, თუ ვის მიერ, როგორ და სად უნდა სრულდებოდეს პარაკლისი, პანაშვიდი და საღვთო ლიტურგია, ჟამისწირვა.

12)მეთორმეტე მუხლით აღიარებულია სომხური ეკლესიის მწვალებლობა. ამიტომ, აღნიშნულ მუხლში მითითებულია, რომ თუ სომეხი მოექცევა ჭეშმარიტ სჯულზე ის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა მიიღოს, როგორც წარმართი.

13)მეცამეტე მუხლმა აკრძალა მართლმადიდებელისა და წარმართის ჯვრისწერა.

14)მეთოთხმეტე მუხლით დაუშვებლად გამოცხადდა წარმომადგენლობითი ქორწინება. ასეთი ქორწინების დროს მომავალი მეუღლეები სხვადასხვა ეკლესიებში იწერდნენ ჯვარს ერთსადაიმავე დროს. ხოლო ადგილზე მათ ნაცვლად წარმომადგენლები იყვნენ. მუხლში მითითებულია, რომ ჯვრისწერა არის ერთ-ერთი წმიდა საიდუმლო და არა რაღაც ხელშეკრულება, რომელიც შეიძლება წარმომადგენლების მეშვეობითაც გაფორმდეს.

15)მეთხუთმეტე მუხლი ეხება სხვადასხვა ცოდვებს და მოცემულია მათი განმარტება. კერძოდ, მუხლში ნახსენებია კაციკვლა, მრუშობა, ცრუ ფიცი, შური, მტრობა, კერპთმსახურება. განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი მამათმავლობას, ანუ სოდომურ ცოდვას, როგორც უმძიმეს დანაშაულს, რომელიც „წინაუკუმო ბუნებისა შესცვალებს ბუნებითსა ძალსა თვისსა“. რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მონაწილენი მიუთითებენ აღნიშნული ცოდვის მომაკვდინებელ ხასიათზე, რომელმაც შეიძლება ქვეყანა დაღუპოს.

დასასრულს უნდა ითქვას, რომ რუის-ურბნისის საეკლესიო კრების დადგენილებანი ჩაურთეს სჯულისკანონში. მანამდე კი დადგენილებანი გაკრული იყო სვეტიცხოვლისა და რუისის ეკლესიის სვეტებზე, რათა მრევლი გასცნობოდა მათ. სხვათაშორის, აქედან მომდინარეობს მათი სახელწოდება – ძეგლისწერა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: