დრო, დრო და ისევ დრო…


ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მიჩნდება შეგრძნება, რომ დრო სულ უფრო და უფრო სწრაფად გადის, ირგვლივ ყველაფერი ძალიან აჩქარდა და ადამიანების უმრავლესობა ამ აჩქარებულ რიტმს ფეხს ვერ უწყობს…. რომ როგორც კი რაიმე იდეა გაგიჩნდება, მაშინვე თუ არ განახორციელებ, მერე ვეღარ მოასწრებ… რომ არაფერი არ უნდა გადადო ხვალისთვის, რადგან ეს უკვე დაკარგულს ნიშნავს და რომ საერთოდ, სჯობია არცერთი წუთი არ დაკარგო უქმად, მერე სანანებლად რომ არ გაგიხდეს….

ხანდახან ყველაფერი ისე მეჩქარება, რომ მეშინია და მერე ფიქრებს რომ გავყვები კიდევ უფრო მიპყრობს შიში…. ცრუმორწმუნე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მაინც გამკრავს ხოლმე ფიქრი, რომ იმ ადამიანებმა სულსწრაფები რომ იყვნენ დიდხანს ვერ იცოცხლეს და ცუდია მე ყოველთვის ყველაფერი რომ მეჩქარება….

ჩემი აივნიდან ეკლესიის გუმბათი და ჯვარი მოჩანს. ცაზე ყოველთვის ძალიან ბევრი ვარსკვლავია და ჭრიჭინების უცნაური ხმები ისმის, ხოდა ასეთ დროს, არაფერი ჯობია იჯდე ღამით აივანზე დადგმულ ძველებურ რკინის საწოლზე და ათა თემაზე იჭორაო…

ღამით ეკლესიაც განათებულია და ჯვარიც. ეკლესია მამშვიდებს, მაგრამ ჯვარს რომ ვხედავ უფრო მიპყრობს შიში, ეს ალბათ იმიტომ, რომ იმ ახალგაზრდამ, ვისი ინიციატივითაც  ჩემი სახლის მოპირდაპირე გორაზე ჯვარი დააბრძანეს, მერე თავი მოიკლა. ამიტომაც როგორც კი ჯვარს დავინახავ, სულ მგონია რომ იქიდან სიკვდილი მიყურებს. მერე უფრო ვგრძნობ რა ძალიან ახლოს ვართ მასთან და რა ძალიან ცუდია ხანდახან მთელი დღეები  ისე რომ გადის, რომ  ჩვენ არაფერს ვაკეთებთ….

ასეთ ღამეებში კიდევ მგონია ხოლმე რომ ჩვენ ბევრ დღეებსა და ღამეებში კი არა ერთ დიდ დღესა და ღამეში ვცხოვრობთ; ბევრ დროსა და ფულს ვხარჯავთ სისულელეებში და ყველაზე მთავარი ყოველთვის გვავიწყდება… რომ ძალიან ხშირად ბევრი რამ გვეზარება და მერე თავი რომ გავიმართლოთ, პირველ რიგში, საკუთარი სინდისის წინაშე, ათას მიზეზს ვიგონებთ..  ხოდა სისულელეა ასე ცხოვრება, არაფერი უნდა გადადო ხვალისთვის, იმიტომ რომ დრო მართლაც აჩქარდა და მე სულაც არაფერი მეჩვენება; რომ იმ ადამიანებისთვის განსაკუთრებით ძვირფასია დრო, შენი დახმარების იმედი რომ აქვთ და შენ უბრალოდ უფლება არ გაქვს აჯანჯლებდე რაღაცეებს; რომ უბრალოდ გადადებულს არაფერს აქვს ისეთი “გემო“, როგორიც უნდა ჰქონდეს წესით და რომ დაკარგულ წლებს, თვეებს, დღეებსა და საათებს ვერასოდეს დაიბრუნებ და რომ საერთოდ დაკარგულს ვერასოდეს ვერაფერს დაიბრუნებ და ამიტომ არ უნდა დაკარგო….

ხანდახან რომ ვუფიქრდები, მგონია, რომ ძალიან დიდი ხანია ვცხოვრობ, მაგრამ ზოგჯერ მგონია, რომ ყველაფერი უეცრად მოხდა, თითქოს გაჩერებაზე ავტობუსმა ჩაგიქროლა და არ გაჩერებულა. ჩაგიქროლა… და კიდევ მოგიწევს ლოდინი, ეს დამღლელი ლოდინი, ფიქრობ იმაზე თუ რისი გაკეთება შეგეძლო ამ დროში, მაგრამ შენ დგახარ და ელოდები, შენ და დრო ხდებით განუყრელი… დრო არის იარაღი რომელსაც არ ელევა ტყვიები, ჩვენ მივდივართ ის კი რჩება! ადამიანები ალბათ ვერასდროს ვერ ჩავწვდებით დროის აზრს და მსვლელობას, ის ხომ ყველასთვის საკუთარია, ყველასთვის უნიკალურია.

დიდი ხნის განმავლობაში მეც და კიდევ ძალიან ბევრს გვეგონა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ 3 განზომილებიან სამყაროში, მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ჩვენ 4 განზომილებიან სამყაროში ვცხოვრობთ. სიგრძე, სიგანე და სიმაღლე ქმნის სივრცეს, მაგრამ ეს სივრცე არის ილუზია იქ ხომ არაფერი არ იქნება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. დრო კი ამ ილუზიას რეალობად აქცევს, რეალობას რომელშიც ამ პოსტს კითხულობთ.

დროზე არის დაყრდნობილი ყველა ფიზიკური კანონი.

კარგად რომ გავერკვიოთ მის მნიშვნელობაში, ჩვენ უნდა დავამსხვრიოთ მექანიკური დროს მცნება, რადგან დრო ყველგან ერთნაირი დინებით არ მიდის.  სამყაროს გაჩენიდან დღემდე კოლოსალური დრო არის გასული, მაგრამ ეს ყველაფერი უსასრულო წერტილია, რომელსაც საზღვრები არ აქვს, დრო ხომ მარად და უსასრულოდ დაითვლის საკუთარ თავს ისე, როგორც უსასრულოდ დაითვლება რიცხვები. მეცნიერების ვარაუდით სამყარო 15-14 მილიარდი წლის წინ გაჩნდა და დაახლოებით 50 მილიარდი წელი კიდევ იარსებებს. ეს ყველაფერი, რათქმაუნდა, ვარაუდით.

დროში მოგზაურობა ადამიანისთვის მიუღწეველ ოცნებად რჩება, მაგრამ ბოლო დროს მეცნიერები აბობოქრდნენ და აცხადებენ, რომ დროში მოგზაურიბა სრულებით შესაძლებელია. უფრო მეტიც, ჩვენ ყველანი დროში ვმოგზაურობთ, გვინდა ეს ჩვენ თუ არა. ბოლო ცდებით და დაკვირვებებით დადგინდა, რომ დრო მით უფრო ნელდება, რაც უფრო დიდი სიჩქარით მოძრაობს სხეული და რაც უფრო დიდია გრავიტაციის გავლენა. ანუ ადამიანი, რომელიც დადის, ის მომავალში მოგზაურობს სულ რაღაც წამის მემილიონედებით, მაგრამ მაინც დროში მოგზაურობს.

რატომ ნელდება დრო მოძრაობის დროს?

ამ კითხვის გასაცემად გაგახსენებთ სინათლის სიჩქარის (300 000 კმ/წმ) ლიმიტს, ანუ ვერაფერი ვერ განავითარებს სინათლის სიჩარეზე მაღალ, ან ტოლ სიჩქარეს. ამ დებულებაზე დაყრდნობით აგიხსნით თუ რატომ ნელდება დრო მოძრაობისას. წარმოიდგინეთ მატარებელი მიქრის სინათლის სიჩქარით, თქვენ კი ხართ მგზავრი, რომლისთვისაც დრო ჩვეულებრივი მსვლელობით მიდის. ამ დროს ადექით და გაირბინეთ მატარებელში, თქვენი სიჩქარე დაემატება სინათლის სიჩქარეს და ჯამში გადააჭარბებს სინათლის სიჩქარეს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს მიერ დასმულ დებულებას. ამიტომ ბუნება არ გვაძლევს ამის უფლებას და დრო ნელდება, რაც უფრო დიდი სიჩქარით ვმოძრაობთ. თუ იმ მატარებელმა სინათლის სიჩქარე განავითარა, გარეთა სამყაროსთან შედარებით მატარებელში დრო მთლიანად შენელდება, გარეთა სამყაროსთვის მატარებელმა თუ 100 წელი იმგზავრა, მატარებლის მგზავრებისთვის სულ რათაც რამდენიმე წუთია გასული, თითქოს არც კი უმგზავრიათ. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ არ მოხდეს ზემო აღნიშნული წესის თუ კანონის დარღვევა. ჩვენი გალაქტიკა მოძრაობს 25 000 კმ/წთ სიჩქარით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დროში ვმოგზაურობთ ანუ დრო შენელებულია.

ნუთუ ახლოს ვართ დროში მოგზაურობასთან?

ეს ყველაფერი მომავალზე, მაგრამ წარსულში მოგზაურობა არის შესაძლებელი?

წარსულში მოგზაურობა უფრო რთულია… უბრალოდ დროის გადახვევა შეუძლებელია, რადგან დრო კომპიუტერი არ არის, რომ დაიმახსოვროს ყველაფერი და შემდეგ გადაახვიო. წარსულში მოგზაურობაც ფიზიკის კანონებით უნდა შევძლოთ. მაგრამ მეცნიერები ფიქრობენ, რომ წარსულში მოგზაურობა შეუძლებელია, რადგან თუ ჩვენ ამას შევძლებთ წარმოიშვება პარადოქსი, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ დავარღვევთ იმ თანმიმდევრობას, რაც წარსულსა და მომავალს აკავშირებს. ვთქვათ წარსულში ვიმოგზაურეთ და ვნახეთ ჩვენი ბაბუა, რომელსაც ძალიან ვგევართ, მან კი რომ დაინახა თავისი ორეული საწყალს გული გაუსკდა, ანუ ჩვენ მოვკალით წინაპარი რომელის არ არსებობა ჩვენს არ არსებობასაც ნიშნავს. ეს უაზრობაა დამეთანხმებით. მაგრამ არსებობს კიდევ მრავალი მეცნიერი რომლებსაც სხვადასხვა შეხედულება აქვთ წარსულში მოგზაურობაზე.

არის კიდევ ასეთი ჰიპოტეზა, რომ ბუნება არ დაუშვებს იმას, რომ ჩვენ ასე მარტივად გადავიდეთ წარსულში და რაც გვინდა ვაკეთოთ, მოხდება ასეთი რამ, ვისაც ფილმი “დე ჟა ვუ” აქვს ნანახი ადვილად მიხვდება. ვთქვათ, მომავალში ვიღაცას მოუნდა რომ წარსულში დაბრუნდეს და ჩერნობილის კატასტროფის შესახებ უამბოს იმ კაცს, რომლის გამოც მართლა მოხდა ეს ტრაგედია. ეს კაცი მომავლიდან მივიდა ჩერნობილში მომუშავესთან რომელსაც უნდა ჩაეძინოს და ეუბნება, იცი რაა შენ ეხლა ჩაგეძინება და რეაქტორი აფეთქდება, მე კიდევ მომავლიდან ვარ. ჩერნობილის მუშა რომ ვიყო მე მაგარს დავცინებდი და მაინც თავს დავდებდი და დავიძინებდი. ის კაცი, რომელსაც მომავლის შეცვლა უნდოდა, რაც არ უნდა ეცადოს ამას, ვერ მოახერხებს. შეიძლება ეს ყველაფერი სწორედ ამ მომავლის კაცის ბრალია, ის რომ არ გამოჩენილიყო, არ ჩაეძინებოდა იმ მუშას.

არსებობს კიდევ სხვა თეორიაც, რომელიც მთლად წარსულში მოგზაურობა არ არის. ამ თეორიის მიხედვით, ჩვენ წარსულში კი არა, პარალელურ სამყაროში ვიმოგზაურებთ ანუ ჩვენთვის მსგავს სიტუაციაში, სადაც 1 რაღაც არის განსხვავებული. მაგალითად, იქ მე არ ვარ, დანარჩენი კი აბსოლუტურად იდენტურია. ანუ ჩვენ ვმოგზაურობთ პარალელური სამყაროს წარსულში.

ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი თეორია, თუ როგორ არის შესაძლებელი წარსულში მოგზაურობა ფიზიკური კანონების სრული დაცვით.

ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს, ჩვენ კი რაღა დაგვრჩენია ვიჯდეთ და ველოდოთ სანამ სხვებს სული არ ამოხდებათ ამის ამოხსნაში, ხოლო ჩვენ დაველოდოთ… ისევ ლოდინიიიიი… ოხხ როგორ ვერ ვიტან!

მითი ყველაზე იდუმალი და ამავე დროს ყველაზე გამჭვირვალე მსოფლმხედველობრივი დეკლამაციაა, რისი გამოთქმაც კაცობრიობამ შეძლო თავისი ტრანსცედენტური წარსულის შესახებ. მითი იწყებს სამყაროს და სამყარო მითშივე გასრულდება, მასშია განფენილი კოსმოსის და წინარეკოსმიური, ყველა რეალისტური თუ მისტიური რეალია. თუმცა აქ შეუძლებელია საგანთა და მოვლენათა შეფასება ნამდვილობის ნიშნით, რაკი ჩვენეული „რეალობები” არ ემთხვევა მითოსურ „რეალობებს“. ღვთიურ სიბრძნეგამოტარებული მითი თავად გადაალაგებს საგნებს და მოვლენებს, მიუჩენს მხოლოდ მათთვის განკუთვნილ ადგილს და სტატუსს, მიგვანიშნებს მითიურ სამყაროზე, როგორც ყოფიერების ერთადერთ რეალურ და უნივერსალურ ფორმაზე, ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ მისი „აჩრდილებია”. სინამდვილის სპეციფიური აღქმა და გაგება მითს გამოარჩევს ყველა დანარჩენი აზროვნების სისტემებისაგან. არქაული ადამიანი, რომლის აზროვნების ერთადერთ ფორმას მითოსური აზროვნება წარმოადგენდა, მისთვის სამყარო მხოლოდ მითიური შეიძლებოდა ყოფილიყო, ანუ იმგვარი, როგორადაც მისი ყოფიერება ყოველი აღქმაგაგების ჯერზე მითის მითოშემოქმედებითი უწყვეტი ტენდენციით გადამუშავდებოდა და უკან ბრუნდებოდა ყოფიერების ახალი ფორმით. ეს თვისობრივად ახალ სამყაროს, ახალ ყოფიერებას ნიშნავდა, და მართლაც, როგორც წერს ო. ფრეიდენბერგი, „სამყარო, დანახული პირველყოფილი ადამიანის მიერ, მისი სუბიექტური ცნობიერებით ხელახლა იქმნება, როგორც მეორე დამოუკიდებელი, ობიექტური ყოფიერება, რომელიც ამიერიდან, რეალური ცნობიერებისათვის შეუმჩნეველი სინამდვილის გვერდით იწყებს საწინააღმდეგო ცხოვრებას“ (ფრეიდენბერგი 1978:21). მაგრამ ეს არ ნიშნავს ადამიანის სინამდვილისაგან მოწყვეტას, პირიქით, ეს უფრო დიდ, უფრო ნამდვილ რეალობაში გადასვლას გულისხმობს, რაკი მხოლოდ აქ, მითში შეიძლება სასიცოცხლო უნივერსალური მოდელების პოვნა, მხოლოდ მითი იძლევა იმ მარადიულ „რეალობებს“, რომლებიც არსებობენ მარადისობაში, არსებობენ სამყაროში დროისა და სივრცის მიღმა, ანუ „არადროსა“ და „არასივრცეში“

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: