საქ-ო XIს-ში, გიორგი I და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენათა ჯაჭვი


გიორგი პირველი მთელი ცხოვრების განმავლობაში დაპირისპირებული იყო ბიზანტიასთან. მეფე დღემდე პოპულარულია საზოგადოებაში, რამეთუ ის კონსტანტინე გამსახურდიას უკვდავი რომანის „დიდოსტატის მარჯვენის“ პერსონაჟია.

გიორგი პირველზე საუბრისას, ყველა შემთხვევაში, მკითხველის თვალწინ ამოტივტივდება დიდი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენას“ გმირი – მეფე გიორგი. ბუნებრივია, ამ ნაწარმოებმა გარკვეული სტერეოტიპური წარმოდგენა შექმნა გიორგი პირველის შესახებ. დღეს ქართველთა უმრავლესობას სჯერა, რომ ეს მეფე იყო მექალთანე, გულზვიადი, ისეთი, როგორიც რომანშია დახატული.

გამსახურდია წლების განმავლობაში მუშაობდა არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო არქივებში, რათა შეესწავლა მეთერთმეტე საუკუნე, როგორც ეპოქა. მან ამ დიდ ეპოქას ორი ნაწარმოები მიუძღვნა. ასე რომ, ის ძალიან კარგი მცოდნეა ამ პერიოდისა და მშვენივრად უწყის, რომ, მაგალითად, მცხეთაში აფხაზ მეფეებს არასდროს უცხოვრიათ; რომ აფხაზ მეფეთა ინტერესების სფერო არაგვის ხეობა, იმ ფორმით როგორც ეს დახატულია რომანში, არასოდეს ყოფილა. მეტიც, არაგვის ხეობა გიორგი პირველის გავლენის სფეროში არასდროს შედიოდა. საზღვარი აფხაზთა და კახეთ-ჰერეთის სამეფოებს შორის გადიოდა მდინარე ქსანზე, არაგვის ხეობა კახეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. მცხეთა ითვლებოდა კათოლიკოს პატრიარქის ქალაქად და ტერიტორიულად ის მოქცეული იყო კახეთ-ჰერეთის გავლენის ქვეშ და შეუძლებელია, მასში გიორგი პირველს ეცხოვრა, რაც შესანიშნავად იცის კონსტანტინე გამსახურდიამ, მაგრამ, სჭირდება, რომ აჩვენოს, როგორი უნდა იყოს ურთიერთობა ხელისუფალსა და შემოქმედს შორის. მას თავისი ჩანაფიქრისთვის გიორგი პირველი სწორედ რომ მცხეთაში სჭირდება, სწორედ იმ ადგილას, სადაც შენდება სვეტიცხოვლის ტაძარი. აქედანაც კარგად ჩანს, რომ ჩანაფიქრი დიდი მწერლისა აბსოლუტურად სხვა იყო, ვიდრე ის, რომ ადეკვატურად გაეცოცხლებინა მეთერთმეტე საუკუნის რეალური გმირები.

სინამდვილეში რა მოხდა?

დავიწყოთ იმით, მართლა შეიძლება თუ არა ხელი მოეჭრათ არსუკიძისთვის. ამ კითხვის გარშემო დღემდე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. არსებობს ცნობილი ხალხური ლექსი: ხეკორძულას წყალი მისვამს, მცხეთა ისე ამიგია, დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია.“ ამ ლექსმა წარმოშვა აზრი, რომ ტაძრის აღმშენებელი დაუჭერიათ და ხელი მოუჭრიათ მისთვის. ამაზეა აგებული რომანის მთავარი ფაბულაც. დავიწყოთ იმით, რომ სვეტიცხოვლის ტაძარზე არის ორი წარწერა. ერთია აღმოსავლეთ ფასადზე, სადაც ვკითხულობთ: ადიდენ ღმერთმან, ქრისტესმიერ მელქისედეკ ქართლისა კათოლიკოზი, ამინ! აღეშენა ესე წმიდაი ეკლესიაი ხელითა გლახაკისა მონისა მათისა არსუკიძისათა.“ მეორე ადგილას, უკვე ჩრდილოეთ კედელზე, წერია: ხელი მონისა არსუკიძისა ღმერთმა შეუნდოს.” იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ტაძრის აღმშენებელი, მის მიერ აგებულ ტაძრის ფასადზე გამოსახულ ორ წარწერაში მოიხსენიება. მაშინ, როდესაც სხვა ტაძრის აღმშენებელთა ვინაობები ჩვენ, ფაქტობრივად, არ ვიცით. თუ არსუკიძე იქნებოდა კათოლიკოს-პატრიარქისა და აფხაზთა მეფის მიერ შერისხული; თუ ის იქნებოდა ადამიანი ხელმოჭრილი და განდევნილი, როგორ შეიძლებოდა მისი მოხსენიება ტაძრის ფასადზე, მით უმეტეს – კათოლიკოს-პატრიარქის გვერდით?! ასეთი რამ ყოვლად წარმოუდგენელია.

გიორგი პირველი წარმოგვიდგენია, როგორც მექალთანე, გულბოროტი, გულზვიადი პიროვნება. სინამდვილეში როგორი იყო იგი?

გიორგი პირველს ჰყავდა მეუღლე – მარიამი. ის საკმაოდ ადრეულ ასაკში უნდა დაქორწინებულიყო. მეფე გიორგის მარიამთან ოთხი შვილი შეეძინა. დამეთანხმებით, წარმოუდგენელია, რომ ადამიანს არ უყვარდეს მეუღლე და მასთან ოთხი შვილი იყოლიოს. მათი შვილები იყვნენ: ბაგრატი, გურანდუხტი, მართა და კატა. მარიამმა და გიორგიმ საკმაოდ დიდხანს იცხოვრეს ერთად და გაიყარნენ მხოლოდ გიორგის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე. მარიამი საკმაოდ აქტიური ქალბატონი იყო და, თავის მხრივ, ტრაგიკული პიროვნებაც, რომელმაც დიდხანს იცოცხლა და თითქმის ყველა გარდაეცვალა: ყოფილი მეუღლე, შვილები, ორი შვილიშვილი. თურმე, როდესაც იგი მომაკვდავ ბაგრატ მეოთხესთან მისულა, ბაგრატს უთქვამს: დედა, შენ ყველა ჩვენ წაგვიმძღვარეო. ამ ამბის შემდეგ მარიამმა კიდევ კარგა ხანს იცოცხლა.

მეფე გიორგი იყო ყველაზე შეუპოვარი მონარქი, რომელიც არასოდეს დარიდებია ბიზანტიის დიდ იმპერიას, რომელსაც მან მიაყენა თითქმის იმის ტოლფასი დარტყმა, როგორც განახორციელეს ბულგარელებმა ბალკანეთში. გიორგი პირველი სიცოცხლის ბოლომდე ცდილობს, შექმნას ანტიბიზანტიური კოალიცია. ამ მიზანს იგი საკუთარ ოჯახსაც კი ანაცვალებს. სიცოცხლის ბოლოს ის გაეყარა მარიამ დედოფალს და ცოლად შეირთო ოვსთა მეფის ასული ალდე. ასე იმიტომ მოიქცა, რომ ოვსთა მეფის ძალები გამოეყენებინა ბიზანტიელთა წინააღმდეგ და კიდევ ერთი დარტყმა მიეყენებინა მათთვის. მეფე მუდამ აქტიურ სამხედრო მოქმედებებშია.

ბუნებრივია, ასეთ ადამიანს დროსტარებისა და რომანში ასახული მსგავსი ქმედებებისთვის ნამდვილად არ ეცალა. როგორი იყო გიორგი პირველის პოლიტიკური კურსი?

ის ცდილობს ანისის სამეფოზე თავისი გავლენა გაავრცელოს. ჩადის იქ და ანისის მეფის – გაგიკის შვილებს შეარიგებს. მეფე გიორგი კავკასიის პოლიტიკაში საკმაოდ აქტიურ როლს ასრულებს. მეფე გიორგი მამამისის პოლიტიკის აქტიური გამგრძელებელია, თუმცა, სამხედრო რიტორიკის უფრო მეტად მოყვარული. მამამისს, ბაგრატ მესამეს, არასდროს გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი ბიზანტიის წინააღმდეგ, გიორგი კი პირიქით იყო. ის პირველი ამხედრდა ბიზანტიის წინააღმდეგ. მეფე გიორგი რადიკალური ზომების მიღების მომხრე იყო მამამისის – ბაგრატ მესამისაგან განსხვავებით.

სანამ მეფე გიორგი დაიწყებდა ბიზანტიელთა წინააღმდეგ ბრძოლას, მანამ ბიზანტიის იმპერიაში ასეთი სურათი იყო: ბიზანტია მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისიდან იბრძვის ბალკანეთში. ბასილ მეორე ბულგართმმუსვრელი ცდილობდა, ბულგარელების სამეფო საერთოდ გაეუქმებინა. იმდენად დიდი იყო სურვილი, რომ მან ერთხელ, სამხედრო მოქმედებების დროს, ტყვედ ჩავარდნილ 14 ათას მეომარს ასეთი განაჩენი გამოუტანა: თოთხმეტივე ათასს თვალები დასთხარა, მათ შორის ყოველ მეასეს ცალი თვალი დაუტოვა. ბულგარეთის დიდი არმია ბრმების არმიად აქცია და იარაღაყრილი ბრმა მეომრები უკან გაგზავნა ბულგარეთში. როდესაც დაინახა მეფემ, თუ როგორ მოჰყავდა ყოველ მეასე ცალთვალას ბრმების ასეული, გული გაუსკდა და მოკვდა. ასეთი ადამიანი იყო ბასილ მეორე. სწორედ მისგან გათავისუფლებას ცდილობს გიორგი პირველი. ამისთვის ის ფარულად უკავშირდება ბასილის პოლიტიკით უკმაყოფილო ბიზანტიელ დიდებულებს და ეგვიპტის სულთან ალ ჰაქიმს.

როგორც ცნობილია, მათ დასახეს გეგმა, როგორი იყო ის?

იმ შემთხვევაში, თუ ბიზანტიელები დაიწყებდნენ საქართველოს წინააღმდეგ შეტევას, ალ ჰაქიმს სამხრეთიდან უნდა დაერტყა მათთვის. ამ შემთხვევაში ბიზანტია ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდებოდა. ეს იყო საკმაოდ თამამი და შორს მიმავალი გეგმა. როდესაც ბასილ მეორემ საბოლოოდ დაამარცხა ბულგარელები და შემოიერთა მათი სამეფო, ის დაბრუნდა კონსტანტინეპოლში და გადაწყვიტა საქართველოს დასჯა. თუმცა, მანამდე, ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ალ ჰაქიმი სანადიროდ გავიდა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა და იმის შემდეგ აღარც გამოჩენილა. ერთ-ერთი ვარაუდით, დღევანდელი ტერმინით რომ ვთქვათ, კეისარმა ქილერები მიუგზავნა ალ ჰაქიმს, რომელთაც თავისი საქმე შეასრულეს და გიორგი პირველის გეგმები არიეს. ასე აღმოჩნდა გიორგი პირველი პირისპირ ბიზანტიელთა წინააღმდეგ.

რა იყო გიორგი პირველისა და ბიზანტიის დაპირისპირების მთავარი მიზეზი?

ქართველ მეფეებს უჭირდათ, უმტკივნეულოდ დაეთმოთ დავით კურაპალატის მამული, იმერ ტაოს სამეფო, რომელიც ბიზანტიელებმა მიითვისეს. ამაზე თავის დროზე პროტესტი განაცხადეს მამა-შვილმა – გურგენმა და ბაგრატ მესამემ, გიორგის ბაბუამ და მამამ, მაგრამ მოხერხდა მხოლოდ ამ ტერიტორიის ნაწილის დაბრუნება. გიორგის კი მთლიანად უნდოდა იმიერტაო დაებრუნებინა. ამან გამოიწვია ის ცნობილი დიდი კონფრონტაცია, რაც საქართველო-ბიზანტიის 1021-1022 წლების ომში გადაიზარდა. ბიზანტიის იმპერატორი ბასილ მეორე ბულგართმმუსვრელი უშუალოდ იყო ჩამოსული საქართველოში და მონაწილეობდა სამხედრო მოქმედებებში. თრიალეთამდე მოარბია ბასილმა საქართველოს ტერიტორია. გიორგიმ ორჯერ გადაიხადა დიდი ბრძოლა სწორედ ამ პერიოდში, მაგრამ, სამწუხაროდ, ორჯერვე დამარცხდა. თუმცა, მეფე გიორგი არ შეეგუა ამ დამარცხებას და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სიცოცხლის ბოლო წლებში ანტიბიზანტიური კოალიციის შექმნის მცდელობა ჰქონდა.

როდის გარდაიცვალა მეფე გიორგი?

მეფე გიორგი თრიალეთში ყოფნისას, მოულოდნელად გარდაიცვალა. ბევრი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ მის წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, რომლის შედეგადაც გიორგი პირველი მოწამლეს. შეიძლება, ასეც ვივარაუდოთ. თუმცა, შესაძლოა, განუწყვეტელმა ლაშქრობებმა მისი ჯანმრთელობა შეარყია და ეს გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. სავარაუდოდ, მეფე გიორგი 31 წლის ასაკში უნდა გარდაცვლილიყო.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: