იყო თუ არა შაჰის მიერ ნაწამები ქეთევან დედოფალი მისი სიყვარულის ობიექტი(პროფესორი გოჩა საითიძე)


1624 წელს ქეთევან დედოფალი, შაჰ-აბას პირველის ბრძანებით, წამებით მოკლეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შაჰი შეყვარებული ყოფილა ქეთევან დედოფალზე და ცოლობაზე უარის თქმის შემდეგ ამ გზით იძია შური. ამ და სხვა ვერსიებზე, აგრეთვე, იმაზე, თუ რა ბედი ეწია შემდგომში დედოფლის წმიდა ნაწილებს, გვესაუბრება ისტორიკოსი, პროფესორი გოჩა საითიძე:

ქეთევან დედოფალი დაიბადა 1575 წელს, ქართლის დიდი თავადის – აშოთან მუხრანბატონის ოჯახში. 14 წლის ასაკში იგი ცოლად შერთეს კახეთის მეფის, ალექსანდრე მეორის ვაჟს – დავითს. 1601 წლის ოქტომბერში უფლისწულმა დავითმა ალექსანდრე მეორე აიძულა, ტახტიდან გადამდგარიყო და ბერად აღკვეცილიყო, რის შემდეგაც თავად შეუდგა სამეფოს მმართველობას. მომავალ წელს დავით პირველი მოულოდნელად გარდაიცვალა. დაქვრივებულ ქეთევან დედოფალს დარჩა ქალ-ვაჟი: თეიმურაზი და ელენე. კახეთის სამეფო ტახტზე ალექსანდრე მეორე დაბრუნდა. თუმცა, არც მას ეწერა დიდი დღე: 1605 წლის 12 მარტს ირანში, შაჰ-აბას პირველის კარზე აღზრდილმა და გამაჰმადიანებულმა კონსტანტინე მირზამ ღალატით მოკლა მამა – მეფე ალექსანდრე და სამეფო ტახტი დაიკავა. ამის შემდეგ კი გადაწყვიტა, ცოლად შეერთო თავისი რძალი. აღნიშნული ქმედებით მან მხოლოდ ქეთევანის კი არა, მთელი კახეთის დაუფლება მოიწადინა. აღშფოთებულმა დედოფალმა მაშინვე აუწყა ყოველივე კახეთის დიდებულებს. თავადებმა დაიჩოქეს მის წინაშე და ერთგულება შეჰფიცეს, თანაც, შეჰპირდნენ, რომ კონსტანტინეს ამ თავხედობას არ აპატიებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინეს ზურგს თვით შაჰ-აბასი უმაგრებდა, მისი მეფობა კახეთში მაინც ძალზე ხანმოკლე გამოდგა. შეიკრიბა სახალხო ლაშქარი და 1605 წლის 18 ოქტომბერს ბელაქნის წყალთან გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც ქართველების გამარჯვებით დასრულდა – მოღალატე კონსტანტინე-მირზა ბრძოლაში მოკლეს.

– როგორ მოიქცა ირანის შაჰი, როდესაც ეს ამბავი შეიტყო?

– შაჰს ძალიან ეწყინა ეს ამბავი, მაგრამ არ შეიმჩნია და თქვა, მამის მკვლელი მეტსაც იმსახურებდაო“. აბას პირველი დარწმუნდა, რომ ოსმალეთთან 1603 წელს დაწყებული ომის პირობებში კახეთის მაჰმადიანურ სახანოდ გადაქცევის ცდა სახიფათო საქმე იყო და მოხერხებულად დაიხია უკან. 1606 წლის გაზაფხულზე მას ქეთევანის ელჩები ეახლნენ, ერთგულება გამოუცხადეს და მეფედ 16 წლის თეიმურაზის დამტკიცება სთხოვეს. აბასმა კახეთი თეიმურაზ პირველს უბოძა, იგი გულუხვად დაასაჩუქრა და დიდი ბრწყინვალებით სამშობლოში გამოისტუმრა. ვინაიდან თეიმურაზ პირველი სრულებით ახალგაზრდა იყო, ქვეყანას, ფაქტობრივად, ქეთევან დედოფალი განაგებდა. 1612 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის ზავი დაიდო. შაჰ-აბასმა მშვიდობა ქართლსა და კახეთში თავისი ბატონობის განსამტკიცებლად გამოიყენა: მან, უპირველეს ყოვლისა, კახეთი ამოიღო მიზანში, მოულოდნელად გაჩნდა განჯაში და თეიმურაზს, როგორც მოსაზღვრე და ვასალური ქვეყნის მეთაურს, მძევლები მოსთხოვა.

– ვინ გაგზავნეს მძევლებად?

– ასეთ პიროვნებად საბჭომ ერთხმად დაასახელა თეიმურაზ მეფის დედა – ქეთევან დედოფალი, მას ელჩობისათვის უნდა ეხელმძღვანელა. დედოფალს თან გააყოლეს ორი შვილიშვილი – თეიმურაზის ანგელოზივით ლამაზი ვაჟები. ქეთევანმა შაჰს თხოვნით მიმართა, არ დაესაჯა მისი შვილი თეიმურაზი, ეპატიებინა მისთვის შეცოდებანი და ჯარითურთ უკან გაბრუნებულიყო. რადგან შაჰ-აბასს კახეთზე ლაშქრობა ჰქონდა გადაწყვეტილი, ქეთევან დედოფალი შვილიშვილებითურთ დააპატიმრა და ქალაქ აშრაფში გაგზავნა, სადაც ისინი 1617 წლამდე იმყოფებოდნენ, შემდეგ კი ქეთევანი შირაზში გადაიყვანეს. 1618 წელს თეიმურაზ პირველმა რუსეთში გაგზავნა ელჩი ხარიტონი. კახეთის დევნილი მეფის ერთ-ერთი სათხოვარი რუსეთის მეფის – მიხეილ თევდორეს ძისადმი შემდეგი შინაარსის იყო: უბრძანე, შაჰს მისწერონ, რომ დედაჩემი და შვილები დამიბრუნოს, თუ არა და, შენთან, რუსეთში გამოგზავნოსო.

– რა შედეგი მოჰყვა რუსეთის მეფის შუამავლობას?

– შაჰ-აბასმა თეიმურაზის ორივე ვაჟი დაასაჭურისა.

– ცნობილია, რომ ტყვეობისას ქეთევან დედოფალი გაიცნო პორტუგალიელმა მისიონერმა ამბროზიო დუშ ანჟუშმა, რომელიც ბევრ ცნობას გვაწვდის მის შესახებ.

– დუშ ანჟუშს მოეპოვება ძვირფასი ცნობები შირაზი ტყვეობაში მყოფი ქართველი გვირგვინოსნის შესახებ. მისი თქმით, „ეს ღვთისმოსავი ქალბატონი ტანდაბალი გახლდათ. დაახლოებით ორმოცი წლისა უნდა ყოფილიყო, ხელთ მლოცველის ჯოხი ეპყრა. ქვრივივით შავად მოსილს, თავ-კისერიც მოშავო საბურველით დაეფარა. მეტად პირმშვენიერი და უაღრესად დარბაისელი, არა მარტო სამეფოს, არამედ მთელი სუვერენული იმპერიის დედოფლობის ღირსი იყო. არაჩვეულებრივად წმიდა და სასიამოვნო, განსაკუთრებულ სიხარულს ჰგვრიდა ყველას, ვინც ერთხელ მაინც იხილავდა. მისი ლამაზი, დიდი, შავი თვალები ირეკლავდნენ იმას, რაც მის სულში ხდებოდა“.

1624 წელს შაჰმა შირაზის ბეგლარბეგის, გამაჰმადიანებული ქართველი სახელმწიფო მოღვაწის – იმამ ყული ხან უნდილაძის პირით, ქეთევან დედოფალს გამაჰმადიანება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიკვდილით დასჯით დაემუქრა. სპარსელების მიერ დატყვევებული სხვა დიდგვაროვანი ქართველი მანდილოსნებიც იყვნენ სპარსელთა ქვეყანაში. მათი შვილებიც სპარსელთა მიერ ტყვეებად იყვნენ წაყვანილნი და დიდი ხელმწიფის – შაჰ-აბას პირველის მსახურებად იყვნენ გამწესებულნი. ისინი, თავიანთი დიდგვაროვნობის გამო, ყოველთვის შაჰს ემსახურებოდნენ და მის წინაშე იდგნენ. ერთ დღეს შაჰმა ამ მსახურებთან რაღაც სიტყვაზე ჩამოაგდო საუბარი და გამოსაცდელად ასე მიმართა: „რატომ აძლევთ თქვენ დედებს უფლებას, დარჩნენ ქრისტიანები, რისი დასასრულიც წარწყმედაა, რატომ არ მიაღებინებთ მაჰმადის რჯულს და სარწმუნოებას, რომლის ბოლო სასუფეველის მშვენიერებაა?“. მსახურებმა უპასუხეს: ხშირად ვეუბნებით, მაგრამ მაჰმადის რჯულს არ იღებენო. რატომ? – იკითხა შაჰმა. მსახურები შიშისაგან დაიბნენ, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა უპასუხა: „ცოდნით კი არა, უმეცრებით არ იღებენ მაჰმადიანობას. როდესაც ვეუბნებით ჩვენს დედებს, გამაჰმადიანდითო, ისინი გვპასუხობენ: თუ თეიმურაზის დედა ქრისტიანია, ჩვენ რატომღა უნდა გავმაჰმადიანდეთო?“ ცბიერმა შაჰ-აბასმა გულში დაიმარხა ეს სიტყვები, რამდენიმე დღის შემდეგ კი ერთ-ერთი თავისი დიდებული გაგზავნა, რომ მას ან გაეცვლევინებინა დედოფლისათვის ქრისტიანული სარწმუნოება მაჰმადის რჯულზე, ან ბოროტი სიკვდილით დაეღუპა იგი.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია იმისა, თუ რატომ აწამა შაჰმა ქეთევან დედოფალი. ეს ვერსია მეჩვიდმეტე საუკუნის ცნობილ ფრანგ მოგზაურს, ჟან შარდენსა და ამავე საუკუნეში საქართველოში მოღვაწე იტალიელ კათოლიკე მისიონერს – დონ კრისტოფორო დე კასტელს ეკუთვნით. მათი თქმით, შაჰ-აბას პირველს შეუყვარდა ქართველი დედოფალი და ცოლობაზე უარის თქმის შემდეგ, იგი მის მიმართ შურისძიების გრძნობამ შეიპყრო.

ჟან შარდენის თქმით, დედოფალი ხანდაზმული იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ საკმაოდ ლამაზი უნდა ყოფილიყო. პირველი დანახვისთანავე აბასს შეუყვარდა დედოფალი, ან, შესაძლებელია, თავი მოაჩვენა მიჯნურად და მაჰმადიანობის მიღება და ცოლობა შესთავაზა. ქართველი ქალისთვის დამახასიათებელი, საოცრად ურყევი სიმტკიცითა და გამბედაობით, დედოფალმა უარი განუცხადა ხელმწიფეს, უფრო თავის ღვთისმოსაობისა და უბიწოების, ვიდრე იმის გამო, რომ სპარსეთის დედოფლების კარჩაკეტილი ცხოვრება ეზიზღებოდა. უარით გაწბილებულმა აბასმა, ან კიდევ, შესაძლოა, ეს მხოლოდ საბაბი იყო, დედოფალი დაატყვევა.

რაც შეეხება კასტელს, იგი აღნიშნავს: „შაჰ-აბასი, როდესაც პირისპირ ნახა დედოფალი, ძლიერმა ცეცხლოვანმა სურვილმა და ვნებიანმა წვამ შეიპყრო. სიყვარულით დამთვრალმა მოსინჯა დედოფლის კდემამოსილება. მლიქვნელობით, დაპირებითა და მოტყუებით გააგებინეს ქეთევანს, რომ, თუ უარყოფდა ქრისტიანულ სარწმუნოებას, სპარსეთის სამეფო გვირგვინს მიიღებდა. ეს დაპირება არაფრად უღირდა დედოფალს და მან არაერთგზის მისცა გადაწყვეტილი პასუხი: თუკი შესაძლებელი იქნება, ვისურვებდი ათასჯერ სიკვდილს, ვიდრე უარვყო ქრისტიანული სარწმუნოება და დავთმო სათნოებაო. ამის გამო ხელმწიფე ძლიერ განრისხდა და ბრძანა, შეუბრალებლად გაეშოლტათ დედოფალი, სანამ მათრახის ქვეშ სული არ ამოხდებოდა, რაც ასევე აღსრულდა კიდეც“.

პირადად მე შაჰის სიყვარულისა არ მჯერა და შარდენისა და კასტელის ცნობები არარეალურად მიმაჩნია. ჩემი აზრით, შაჰისთვის ქეთევანი საშიში იყო, როგორც უაღრესად გავლენიანი სახელმწიფო ფიგურა საქართველოში, რომლის უბრალო ყიზილბაშურ სახანოდ გადაქცევა ჰქონდა მას მტკიცედ გადაწყვეტილი. აბას პირველის ვარაუდით, დედოფლის გამაჰმადიანება ქართველების სულიერ მდგომარეობაზე ძალიან იმოქმედებდა და ისინი მორალურად დაეცემოდნენ.

ამბროზიო დუშ ანჟუშის ცნობით, დედოფალი გააოცა და ააღელვა ამ მოულოდნელმა ცნობამ, მაგრამ, ყველაზე მეტად გასაოცარი ის თავდაჭერა გახლდათ, რომლითაც შაჰის მსაჯულებს უპასუხა, რომ, შეუძლიათ, შეასრულონ თავიანთი ხელმწიფის დანაბარები; რომ თავისი

ღმერთის წყალობითა და შემწეობით იგი მზად არის, ყოველგვარი წამება აიტანოს; რომ იგი დაიცავს და შეინარჩუნებს თავის სარწმუნოებას, რომელიც ჭეშმარიტად მიაჩნია და დარწმუნებულია მაჰმადის რელიგიის სიყალბეში. თან, დასძინა: შაჰს შეუძლია, ბევრი ჭრილობა მიაყენოს ჩემს სხეულს, ამით ჩემს სულს მხოლოდ სიკეთეს მოუტანსო.

– როდის ეწამა ქეთევან დედოფალი?

1624 წლის 12 სექტემბერს, შირაზში, საჯაროდ, საშინელი წამებით მოკლეს ქეთევან დედოფალი. სიკვდილით დასჯილი დედოფალი ძალიან შეეცოდათ შირაზის მცხოვრებლებს, ისინი ტიროდნენ, მაგრამ ვერავინ ეკარებოდა მის ნეშტს შაჰის რისხვის შიშით. დედოფლის წამებას ესწრებოდა მამა ამბროზიო დუშ ანჟუში, რომელმაც გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ მისი საფლავიც აღმოაჩინა. შემდეგ დუშ ანჟუშმა ქეთევანის ცხედარი ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენა, რათა იქ უკეთ ყოფილიყო დაცული. 1626 წლის მარტში, შაჰის ბრძანებით, ისპაჰანის მონასტრის ავგუსტინელი ბერები დააპატიმრეს და შირაზში გადაიყვანეს. მონასტრის წინამძღვარმა, მანოელ და მადრე დე დეუსმა, გადაწყვიტა, თან ერთადერთი განძი – წმიდა დედოფლის სხეული წაეღო. ბერები ათი თვის განმავლობაში შირაზის ციხეში ჰყავდათ გამოკეტილი. 1627 წლის თებერვალში მათ ისპაჰანის მონასტერში დაბრუნების უფლება მისცეს. ისინიც დაუყოვნებლივ წამოვიდნენ და თან წამოიღეს წამებულის ცხედარი.

– როგორია ქეთევან წამებულის წმიდა ნაწილების შემდგომი ბედი?

– 1626 წელს, როცა თეიმურაზ პირველი შაჰს შეურიგდა, მან დედის ნეშტის გამოგზავნა სთხოვა. აბას პირველმა ნება დართო თეიმურაზს, ქეთევანის ცხედარი საქართველოში წაესვენებინა, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ სეფიანთა კარზე არ იცოდნენ, სად ინახებოდა დედოფლის ნეშტი. შაჰი ქართლ-კახეთის მეფეს ატყობინებდა, რომ ცხედარი კათოლიკე მისიონერებმა მოიპარეს, მაგრამ არ ვიცით, ავგუსტინელებმა მოიმოქმედეს ეს თუ ფეხშიშველა კარმელიტებმაო.

როდესაც ავგუსტინელმა მისიონერებმა თეიმურაზ პირველის სათხოვარის შესახებ შეიტყვეს, ბერების მეთაურის ბრძანებით, საქართველოში თეიმურაზ პირველთან გამოემგზავრნენ ამბროზიო დუშ ანჟუში და სებასტიანო დე იეზუსი.თან წავიღეთ წმიდანის თავი, რათა მისი საშუალებით დაგვეყოლიებინა დედოფლის ძე, თეიმურაზი, ნება დაერთო მისიონი დაგვეარსებინა მის ქვეყანაში“, – წერს დუშ ანჟუში. მან თეიმურაზს შეატყობინა, რომ ჩამოიტანა დედოფლის წმიდა ნაწილები – თავის ქალის ნაწილი, აგრეთვე, წამებულის ფეხი, რომელსაც ისევ ეტყობოდა მარწუხების კვალი“. მეფემ უთხრა, მთელი მსოფლიოს განძიც რომ ჩამოგეტანათ, ჩემთვის დედაჩემის ცხედრის ჩამოსვენებას ვერ შეედრებოდაო. მეორე დღეს, დედოფლის წმიდა ნაწილები ალავერდის ტაძარში, საკურთხეველში, საღმრთო ტრაპეზის ქვეშ დაასვენეს.

მეჩვიდმეტე საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს თეიმურაზ პირველმა ზავის დასადებად ირანში მთავარეპისკოპოსი იოანე მიავლინა. ამ უკანასკნელმა წარმატებით შეასრულა დავალება. გარდა ამისა, მან ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტრიდან წამოიღო ქეთევან დედოფლის სხვა წმიდა ნაწილებიც, რომლებიც ასევე ალავერდში დაასვენეს.

ქეთევან დედოფლის წმიდა ნაწილები ალავერდის ტაძარში, საღმრთო ტრაპეზის ქვეშ, 1723 წლამდე ინახებოდა. რაც შეეხება სპარსეთში, ისპაჰანში, ავგუსტინელი მამების მონასტერში შემონახულ ნაწილებს, მათი კვალი დაიკარგა. როგორც რუსეთის ძველი აქტების ცენტრალურ სახელმწიფო არქივში დაცული მასალებიდან ირკვევა, თეიმურაზ პირველს ალავერდში არსებული ნეშტის ნაწილიდან მცირედი რელიკვია რუსეთის მეფისთვის გაუგზავნია. ჩვენთვის უცნობია ქეთევან წამებულის რუსეთში გაგზავნილი წმიდა ნაწილების შემდგომი ბედი. რაც შეეხება ალავერდში დარჩენილ წმიდა ნაწილებს, ისინი დაიკარგა 1723 წელს, როდესაც კახეთის სამეფოს ოსმალები და ლეკები დაესხნენ თავს. მეფე კონსტანტინე მეორე – მაჰმად ყული ხანმა, თავი ქიზიყს შეაფარა, ხოლო მისმა ძმამ, თეიმურაზმა – ანანურს. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ცხენი, რომელსაც დედოფლის წმიდა ნაწილები გადაჰქონდა, ჩავარდა „არაგუსა შინა და წარიღო ნაწილნი იგი და დაიკარგა ქეთევან დედოფლის ნაწილითურთ“.

საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმიდა ნაწილები ევროპასა და აზიაშიც წაასვენეს. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, დანამდვილებით შეგვიძლია, ვამტკიცოთ, რომ ისინი მოხვდა გოასა (ინდოეთში, ავგუსტინელთა მონასტერში) და რომში, სავარაუდოდ – ნამიურსა (ბელგია) და საფრანგეთში.

როგორც აღვნიშნე, 1627 წლისთვის წმიდა მოწამის ნეშტი მთლიანად ინახებოდა ისპაჰანის ავგუსტინელ ბერთა მონასტერში, საიდანაც მისი ნაწილი კათოლიკე მისიონერებმა 1628 წელს თეიმურაზ პირველს გაუგზავნეს. ამავე დროს, გოაში გაემგზავრა ისპაჰანის მონასტრის წინამძღვარი მანოელ და მადრე დე დეუსი, რომელმაც თან „წმიდა დედოფლის მარჯვენა ხელი ხორცითურთ და მკლავის ძვალი გოას მონასტრის ბერებისა და მთხოვნელთა სანუგეშოდ წაიღო“. მალე გოას მონასტერში ისპაჰანიდან გაიგზავნა კიდევ ერთი სიწმიდე – დედოფლის ქვედა ყბა ხორცისა და კბილების გარეშე.

1628 წელს გოაში ჩატანილი წმიდა ნაწილები დაცული და თაყვანცემული იყო ა გრასას მონასტერში. სამწუხაროდ, მეოცე საუკუნეში ა გრასას მონასტრის კოშკი ჩამოინგრა და მთელი შენობა ნანგრევებად აქცია. მონასტერი მიატოვეს. ქეთევან დედოფლის წმიდა ნაწილები დაიკარგა. მათ ინდოეთში სხვადასხვა დროს ეძებდნენ სამეცნიერო ექსპედიციები რევაზ თაბუკაშვილისა და ვაჟა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, თუმცა მათი მოძიება ვერ მოახერხეს. საბოლოოდ, დიდი აღმოჩენა მაინც მოხდა – 2006 წლის ზაფხულში, ინდოელმა არქეოლოგმა ნეზამუდინ ტაჰირმა გოას გრასას მონასტერში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიაკვლია ქეთევან დედოფლის წმიდა ნაწილებს, რითაც ქართველთა არაერთი თაობის სანუკვარი ოცნება ასრულდა.

გარდა ამისა, როგორც ვთქვი, ქეთევან დედოფლის წმიდა ნაწილები ევროპაშიც აღმოჩნდა. მეჩვიდმეტე საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს, ავგუსტინელ მისიონერებს წმიდანის ნეშტის რომელიმე ნაწილის გაგზავნა, როგორც რელიკვიისა, სთხოვა ცნობილმა იტალიელმა მოგზაურმა, პიეტრო დელა ვალემ. ბერებმა მას თხოვნა შეუსრულეს: გოას მონასტრიდან წამოღებული, ჩვენ მიერ ზემოთ უკვე მოხსენიებული სიწმიდე – დედოფლის ქვედა ყბა ხორცისა და კბილების გარეშე – თეათინელმა ბერმა, დონ პიეტრო ავიტაბილემ, 1631 წლის 5 ივნისს, რომში, პიეტრო დელა ვალეს გადასცა, რაც ამ უკანასკნელმა საგანგებო ხელწერილით დაადასტურა. ამჟამად უცნობია, თუ რა ბედი ეწია პიეტრო დელა ვალეს ოჯახში დაცულ წმიდა ნაწილებს.

1914 წელს გაზეთ „სახალხო ფურცლის“ ერთ-ერთ ნომერში დაიბეჭდა ბელგიის ქალაქ ნამიურის ხედი ციხესიმაგრით, რომელსაც შემდეგი წარწერა ჰქონდა: „ბელგიელების ციხე ნამიური: შენობების წინა რიგში მოსჩანს ტაძარი, სადაც ქეთევან წამებულია დასაფლავებული“. არსებობს ცნობა, რომლის მიხედვითაც, თითქოს, 1845 წელს დედოფლის წმიდა ნაწილები ნამიურში ინახებოდა. ზემოხსენებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა ნინო სალიამ გადაწყვიტა, ბელგიაში ქეთევან წამებულის წმიდა ნაწილებისთვის მიეგნო, მაგრამ, როგორც თავად აღნიშნავს, 1973 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში, „ნამიურში ამ რელიკვიების ძებნა უშედეგოდ დამთავრდა“.

ლისაბონში მოღვაწე სომეხმა მეცნიერმა, რობერტო გულბენკიანმა, რომელიც წლების განმავლობაში იკვლევდა ავგუსტინელ მისიონერთა საქმიანობას, 1972 წელს გამოცემულ მონოგრაფიაში პირველად გამოაქვეყნა ქეთევან დედოფალთან დაკავშირებული რამდენიმე სურათი. ისინი ავტორმა აღმოაჩინა ლისაბონის ა გრასას ყოფილ მონასტერში (აღნიშნული მონასტერი დიდი ხნის წინ სამხედრო ყაზარმად გადააკეთეს). მის ერთ-ერთ დარბაზში აღმოჩნდა 30 მეტრი სიგრძისა და 8 მეტრი სიგანის პანო, რომელზეც გამოსახულია ქეთევან დედოფალთან დაკავშირებული სამი სცენა: 1) ავგუსტინელ მამათა მიერ ქეთევანის კათოლიკედ მოქცევის მომენტი; 2) ქეთევან დედოფლის წამების სცენა; 3) მამა ამბროზიო დუშ ანჟუში 1628 წელს ქეთევანის ნეშტის ნაწილებს გადასცემს თეიმურაზ პირველს. აქვე საჭიროდ მიმაჩნია, განვმარტო, რომ ქეთევანს არასდროს უღიარებია კათოლიკური სარწმუნოება, რაზეც მკაფიოდ და გარკვევით მიუთითებდა თვითონ ამბროზიო დუშ ანჟუში 1640 წელს რომში გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში: სავარაუდოა, რომ დედოფალი ზეცაშია და ღვთის დიდებით ხარობს. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნულ წეს-ჩვეულებებს მისდევდა, იგი დიდი სიყვარულით ეკიდებოდა წმიდა კათოლიკურ ეკლესიასა და ყველა ლათინელს“.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: