იერუსალიმის ჯვრის მონასტერი


XI საუკუნის შუა წლებში პალესტინაში მდგომარეობა ნაწილობრივ შეიცვალა, შეიქმნა ერთგვარი პირობები სამონასტრო ცხოვრებისათვის. იმ დროისათვის ქართველი მოღვაწეები მრავლად იყვნენ იერუსალიმისა თუ მისი შემოგარენის ეკლესია-მონასტრებში, მაგრამ არ არსებობდა მძლავრი ცენტრი, რომელიც უხელმძღვანელებდა პალესტინის სავანეებში გაფანტულ ქართველობას. სათავეში ჩაუდგებოდა და ორგანიზებულად წარმართავდა მის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას. ასეთი ცენტრის არ არსებობა მწვავედ იგრძნობოდა, მით უფრო, რომ საჭირო იყო წინაპრების ღვაწლის წარმოჩენა და ქართველთა უფლებების დაცვა ე.წ. წმიდა ადგილებზე. ამასთანავე, საქართველოს პოლიტიკურმა აღმავლობამ განაპირობა ქართველ მეფე-დიდებულთა მეტი ყურადღება პალესტინისა და იქ მოღვაწე ქართველთა ბედისადმი. ყოველივე ამან მოამწიფა საკითხი ახალი სავანის დაარსებისა და, მართლაც, იერუსალიმის ახლოს აშენდა ჯვრის მონასტერი, სადაც თავი მოიყარა ქართველთა დიდმა ჯგუფმა. იგი იქცა პალესტინელი ქართველების მთავარ შესაკრებ პუნქტად და პილიგრიმთა საიმედო თავშესაფრად, იერუსალიმისა და მისი სანახების სავანეებში მოსახლე ქართველთა რელიგიური და კულტურული მოღვაწეობის ცენტრად, მწიგნობრულ-შემოქმედებითი მუშაობის მნიშვნელოვან კერად.

ჯვრის მონასტერი ადრე იერუსალიმიდან ოდნავ მოშორებით იდგა, სამხრეთ-დასავლეთ მხარეს, ახლა კი ქალაქის გაზრდის შედეგად მის ტერიტორიაზეა, ახალ კვარტალთა შუაგულში, ზეთისხილის ბაღნარში.

ჯვრის მონასტერი არის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლი პალესტინაში. იგი არსებითად მთელი ციხე-ქალაქია, რომელიც მაღალი ზღუდით არის შემოზღუდული. ზღუდის შიგნით მოთავსებულია მეტად რთულ ნაგებობათა კომპლექსი სამ და ოთხ სართულად, მრავალრიცხოვანი სათავსებით, რომელთა რაოდენობა დღესაც ორას სამოცდაათს აღწევს. მონასტრის ძირითად ტაძარს უჭირავს ფართობი 27,5მx15,2მ ზომისა (418 კვ. მეტრი). იგი წარმოადგენს ოთხ სვეტზე დაყრდნობილ თაღებს და ბოლოვდება გუმბათით. სვეტების განია დაახლოებით 1,42მx1,43მ. მონასტერი ერთ დროს მთლიანად დაფარული ყოფილა ფრესკებით.“

ადგილი, სადაც ჯვრის მონასტერი აშენდა, მიჩნეული იყო წმიდა ადგილად, რადგან ცნობილი გადმოცემით, რომელიც სხვადასხვა ვარიანტითაა გავრცელებული ქრისტიანულ სამყაროში, იქაური ხისგან გააკეთეს ჯვარი, რომელზეც აცვეს ქრისტე. ეს გადმოცემა იერუსალიმელ ქართველთა წრეში ადრევე გავრცელდა. ამას მოწმობს ჯვრის მონასტრის დამაარსებლის მინაწერი (1038 წ.) ერთ ხელნაწერზე: „ღირს ვიქმენ მე, გლახაკი და ფრიად ცოდვილი გიორგი-პროხორე, სახელად ოდენ მღდელი, ხოლო საქმითა არა ღირსი, რომლითა შემძლებელ ვიქმენ უძლურებითა და სიგლახაკითა შემითა აღშენებად წმიდისა ამას ცხოველსმყოფელისა ჯუარისა ადგილისა“. ჩვენთვის საინტერესო საკითხზე ესაა უძველესი წერილობითი ცნობა ქართულ წყაროებში. შემდეგ ხანაში გადმოცემა ჯვრის მონასტრის ადგილზე (სხვადასხვა ვარიანტით) არაერთი ქართველის ჩანაწერებში გვხვდება. დასავლურ წყაროებში იგი ცნობილია XII საუკუნიდან. კარგად იცნობენ მას სლავი მოღვაწენიც. საგულისხმოა, რომ ამ გადმოცემამ ჩვენს დრომდეც მოაღწია. უცილობელია, ამ გადმოცემამ შეუწყო ხელი ჯვრის მონასტრის პოპულარობას; იგი პალესტინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიწმიდედ ითვლებოდა და მრავლად იზიდავდა პილიგრიმებს, რომელთა ჩანაწერებში უხვად ვხვდებით ცნობებს პალესტინელ ქართველთა ცხოვრება-მოღვაწეობაზე.

ჯვრის მონასტრის ადგილის შესახებ გავრცელებული გადმოცემა და ცნობები ახალი ქართული სავანის დაარსების ისტორიაზე შედარებით სრული სახით შემოგვინახა ტ.გაბაშვილმა. მის „მიმოსვლაში“ ვკითხულობთ: „უკეთუ გენებოს ცნობად, თუ ქართველნი ვითარ იპყრობდნენ იერუსალიმს, ესრეთ ვპოვენით მუნ წერილთა შინა. რამეთუ პირველი ქრისტიანე ქმნილი მეფე საქართველოსა მირიან ხოსროიანი ნინოს მიერ წარმოვლენილ არს, მეფე კონსტანტინე უხილავს და იერუსალიმად მისრულ არს და ჯვარისა მონასტრის ადგილი მას უშოვნია. რამეთუ ესე არს ადგილი იგი, რამეთუ ლოთ სამი ხე – სარო, ფიჭვი და ნაძვი – დანერგვა სასწაულად, უკეთუ მიეტეოს ცოდვა იგი, და სამივე ერთ ხე დიდ აღმოხდა. ამისა შემდგომად მოსჭრა იგი სოლომონ შენებასა ტაძრისასა, არამედ უქმად გამოჩნდა სახმარება მისი მუნ, და მდებარე იყო საჯდომად კაცთა გარე. ხოლო ჯვარცმასა უფლისასა, განგებითა ზენათათა მას ზედა აცვეს უფალი. რამეთუ მონაკვეთი ხისა მის ძირი ქვეშე წმიდისა ტრაპეზისა დღესამომდე ჩანს. ხოლო ამისა შემდგომად სულიერი ვინმე მონაზონი შავთელი, სახელად პროხორე, მოსრულ არს მონასტერსა და ლავრასა წმიდისა საბასსა დაყუდებულა. და მეფესა საქართველოსასა ბაგრატ კურაპალატს საფასე დიდძალი წარმოუცემია ღირსისა პროხორესათვის, რათამცა ჯვარის მონასტერი აღაშენა, და მას აღუშენებია ჯვარის მონასტერი შესაკრებად ქართველთათვის“.

თავის დროზე ამ წმიდა ადგილის ქართველთათვის დასამტკიცებლად ფრიად უღვაწია დიდ ქართველ ხელმწიფეს ვახტნაგ გორგასალს.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ წმიდა პროხორე მონასტრის დაარსებისთანავე ზრუნავდა არა მხოლოდ ცალკეულ თხზულებათა გადაწერაზე, ახალი ხელნაწერების დამზადებაზე, არამედ პალესტინის გამოჩენილ მოღვაწეთა „ცხოვრებათა“ კრებულის შედგენაზე. სწორედ მისი თაოსნობით გაჩნდა „პალესტინის პატერიკის“ ქართული ნუსხა, რომელიც ლონდონშია დაცული.

წმიდა პროხორე მის მიერ დამზადებულსა თუ მოგებულ ხელნაწერს ჯვარს სწირავდა და ამით საფუძველს უყრიდა იქაურ წიგნსაცავს. მისი თანამედროვენი საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ პროხორემ „ჯუარსა შინა დასხნა ყოველნივე შუენიერნი და კეთილნი წიგნნი საღმრთონი“.

ამრიგად, ჯვრის მონასტერში გახშირდა ხელნაწერთა გამრავლება. გარდა დასახელებულისა, ცნობილია კიდევ რამდენიმე ხელნაწერი, რომელიც ჯვარში დამზადდა პროხორეს სიცოცხლეში. შეიძლება დავიმოწმოთ, მაგალითად, გაბრიელ საყვარელის მიერ 1061 წელს „მონასტერსა წმიდისა ჯუარისასა, მამობასა გიორგისასა“ გადაწერილი პარაკლიტონი, მის მიერვე გადაწერილი (1062 წ.) ოთხთავი, რომელიც „სალოცავად სულისა მოძღურისა გიორგი-პროხორესსსა და მამისა გიორგისა“ მოუგია ჯვრის დეკანოზს დანიელს, და სხვ.

ხელნაწერთა გამრავლება და ზოგჯერ ორიგინალურ-შემოქმედებითი საქმიანობაც შეინიშნება წმიდა პროხორეს გარდაცვალების შემდგომ ხანაშიც. მაგალითად, მიქაელ დვალმა, რომელიც ზემოთ უკვე მოვიხსენიეთ როგორც ხელნაწერთა დამზადების მონაწილე, პროხორეს გარდაცვალების შემდეგ გადაწერა ჟამნი.

XI საუკუნის მეორე ნახევარში, 1066 წლის ახლოს, ჯვრის მონასტერში დამზადდა სვინაქსარი, რომელიც ცნობილია როგორც აღაპებით, ისე ქართველ მოღვაწეთა სვინაქსარული „წამება-ცხოვრების“ ტექსტებით. იგი გადაწერილია ჯვრის კრებულისათვის; მასში ადრევე შეიტანეს „პროხორეს ცხოვრება“ და პირველი აღაპი. შემდეგ იგი მონასტრის სააღაპე წიგნად იქცა. გვიან ხანაში (XV ს.) მასში შეიტანეს სხვა ქართველ მოღვაწეთა – წმიდა ლუკასა და ნიკოლოზის სვინაქსარული „წამებანიც“.

ამრიგად, ჯვრის მონასტერი დაარსებისთანავე იქცა ქარველ მწიგნობართა მნიშვნელობან საკურებულოდ, ქართველთა კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის კერად. უკვე პროხორეს წინამძღვრობის პერიოდში გაჩაღდა იქ ღვთივსულიერი ლიტერატურული საქმიანობა, რომელიც წარმატებით გრძელდებოდა მრავალი წლის მანძილზე, რასაც თვალნათლივ წარმოაჩენს და ადასტურებს იქაურ ხელნაწერთა კოლექცია. მაგრამ, მიუხედავად აღნიშნულისა, მაინც შესამჩნევია, რომ იერუსალიმელ ქართველთა შემოქმედებითი მუშაობა რამდენადმე შეზღუდული იყო. ჯვრის სავანე ძირთადად კალიგრაფთა კერას წარმოადგენდა; ის ადრინდელ ქართულ სავანეებს, რასაკვირველია, სარგძნობლად ჩამორჩებოდა. საერთოდ პალესტინელ ქართველთა კულტურულ-ლიტერატურული საქმიანობა ძველებური (VIII-X სს.) მასშტაბისა და გაქანებისა აღარ იყო. ქვემოთ ვნახავთ, რომ გიორგი-პროხორეს მომდევნო ხანაში იერუსალიმელი ქართველები ეკონომიკურად და უფლებრივად ძლიერდებიან, სავანეთა რიცხვი იზრდება და მწიგნობრები განაგრძნობენ ლიტერატურულ საქმიანობას, მაგრამ პალესტინის ქართულ კოლონიას მაინც აღარ ძალუძს ძველი დიდების შენარჩუნება. ამის მიზეზი იყო, ერთი მხრივ, მაჰმადიანურ გარემოცვაში მომწყვდეული იერუსალიმის მოწყვეტა ბიზანტიის კულტურული ცენტრებისაგან, მეორე მხრივ, ქართულ-ბიზანტიური სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობის გაცხოველება, რასაც შედეგად მოჰყვა საკუთრივ ბიზანტიის ტერიტორიაზე, თუ მისი გავლენის სფეროში ქართული სავანეების აღმოცენება და იქ ქართველთა შემოქმედებითი ცენტრების გადანაცვლება.

მიუხედავად იმისა, რომ პალესტინის, კერძოდ, იერუსალიმის ქართულ კოლონიას აღარ ჰქონდა ძველებური დიდი კულტურული მნიშვნელობა, ქართველ მოღვაწეთა სწრაფვა იქაური სავენეებისაკენ მაინც შესამჩნევი იყო. საგულისხმოა, რომ მგზავრობის საშიშროება, პოლიტიკური არეულობა და გაუთავებელი ბრძოლა, რაც გამუდმებით მიმდინარეობდა მრავალი წლის მანძილზე, ვერ აფრთხობდა ქართველ პილიგრიმებს, ვერ ანელებდა ქართველთა ინტერესს იერუსალიმისადმი.

ჯვრის მონასტერი გადაურჩა ლათინებს. ეს განაპირობა არა მხოლოდ ამ მონასტრის იერუსალიმის გარეთ მდებარეობამ, არამედ საქართველოს პოლიტიკურმა აღმავლობამ და ჩვენი წინაპრების თავგანწირულმა ბრძოლამ მაჰმადიანთა წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა თურქ-სელჩუკთა თუ სხვათა ძალების შესუსტება და საქართველოს ავტორიტეტის ზრდა საერთაშორისო არენაზე.

ჯვაროსანთა პირველმა ლაშქრობამ გარკვეული გავლენა მოახდინა ქართველთა ცხოვრებაზე როგორც იერუსალიმში, ისე საკუთრივ საქართველოში. მას უთუოდ დიდი სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისათვის. შემთხვევითი არაა, რომ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი მაჰმადიანთაგან იერუსალიმისა და ანტიოქიის განთავისუფლების აღნიშვნის შემდეგ უშუალოდ მოგვითხრობს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე: „გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალიმი და ანტიოქია, და შეწევნითა ღმრთისათა მოეშენა ქვეყანა ქართლისა, განძლიერდა დავით და განამრავლნა სპანი. და არღარა მისცა სულტანსა ხარაჯა, და თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს ქართლს“.

ჯვაროსანთა წარმატებამ ხელი შეუწყო დავით აღმაშენებლის გაძლიერებას, ხოლო, თავის მხრივ, ქართველთა ბრძოლა მაჰამდიანურ სამყაროსთან ჯვაროსნებისათვის მხარდაჭერასა და დახმარებას წარმოადგენდა. საგულისხმოა ფრანგი გოტიეს აღტაცება დიდგორის ომში (1121 წ.) ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვების გამო. მართლაც, დიდგორის ომში ქართველთა გამარჯვება ჯვაროსნებისათვის დახმარების გაწევასაც ნიშნავდა. საქართველოს გამარჯვება განმათავისუფლებელ ომში, რომელსაც თურქ-სელჩუკთა ძალების შესუსტება მოჰყვა, ხელს უმართავდა ჯვაროსნებს ახლო აღმოსავლეთში. ამიტომაც ჯვაროსანთა თავკაცები საქართველოს თავის მოკავშირედ მიიჩნევდნენ და მასთან უშუალო კონტაქტის დამყარებასა და დაახლოებას ცდილობდნენ. საგულისხმოა, რომ დავით აღმაშენებლის თავგანწირულმა და საარაკო ბრძოლამ მაჰმადიანთა მპყრობელობისაგან სამშობლოს დაცვისა და გაძლიერებისათვის განაპირობა მასზე ლეგენდების შექმნა და გავრცელება ჯვაროსანთა შორის.

დავით აღმაშენებელი არა მარტო მაჰმადიან მტრებს ებრძოდა, არამედ, საერთოდ, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ახლო აღმოსავლეთს. მას ამოძრავებდა როგორც სახელმწიფოებრივ-პოლიტიური, ისე კულტურულ-საგანმანათლებლო მიზანი – ქართველთა უფლებების დაცვა-წარმოჩენა წმიდა მიწაზე. მისთვის სავსებით ნათელი იყო, თუ რაოდენ დიდი კულტურულ-პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა უცხოეთში არსებულ ქართულ საეკლესიო კოლონიებს. მემატიანის ცნობით, დავითმა „ლავრანი და საკრებულონი და მონასტერნი არა თვისთა ოდენ სამეფოთა, არამედ საბერძნეთისნიცა, მთაწმიდისა და ბორღალეთისანი, მერმეცა ასურეთისა და კვიპრისა, შავისა მთისა, პალესტინისანი, აღავსნა კეთილითა, უფროსღა საფლავი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი. და მყოფნი იერუსალემისანი თვითოფერთა მიერ შესაწირავთა განამდიდრნა“.

ახლო აღმოსავლეთში ჯვაროსანთა ლაშქრობამ და მაჰმადიანთა შევიწროებამ, ერთი მხრივ, და დავით აღმაშენებლის დროინდელი საქართველოს ძლიერებამ და საერთაშორისო ავტორიტეტმა, მეორე მხრივ, განაპირობა იერუსალიმელ ქართველ მოღვაწეთა მდგომარეობის გაუმჯობესება. თურქ-სელჩუკთა მიერ იერუსალიმის აღების შემდეგ დარბეული და ნაწილობრივ დანგრეული ჯვრის ტაძარი აღდგა, განახლდა და მოიხატა. ქართველთა სავანეში სამონასტრო ცხოვრება გამოცოცხლდა. ყოველივე ეს იყო ბუნებრივი შედეგი დავით აღმაშენებლის მზრუნველობისა და მშვენიერი დემონსტრაცია საქართველოს პოლიტიკური ძლიერებისა.

XII საუკუნის დამდეგიდან მოგვეპოვება ორი არაქართული მოღვაწის ცნობები ჯვრის მონასტერზე. 1102-1103 წლებში ჯვარი ინახულა, ეკლესია, დაზიანებული სენაკები და მინაშენები დაათვალიერა მოგზაურმა ზევულფმა. რუსმა მოღვაწემ დანიელ წინამძღვარმა, რომელიც 1106-1108 წლებში იყო იერუსალიმში, ჯვარი ნახა აღდგენილი, განახლებული და მოხატული.

საქართველოდან მიღებული შეწირულობებით აღდგენილ-განახლებულ სავანეში მომრავლდნენ ქართველი სასულიერო მოღვაწენი. სამონასტრო ცხოვრების გამოცოცხლების კვალდაკვალ გაიშალა ჯვრის ქართველ მწიგნობართა საქმიანობა, მომრავლდნენ კალიგრაფები, გაგრძელდა ხელნაწერთა დამზადება.

ტრადიციული გადმოცემით, ამ პერიოდში ჯვარში მოღვაწეობდა არა მხოლოდ კალიგრაფთა ჯგუფი, არამედ ისეთი ცნობილი მწერალი და მოაზროვნე, როგორიცაა არსენ იყალთოელი (XI-XII სს.).

ჯვაროსანთა ბატონობა იერუსალიმში დიდხანს არ გაგრძელებულა. XII საუკუნის მეორე ნახევარში, 70-იანი წლებიდან, ახლო აღმოსავლეთში ვითარება არსებითად შეიცვალა. ეგვიპტის, სირიის ნაწილისა და მესოპოტამიის შეერთების შედეგად შეიქმნა ერთი მძლავრი სახელმწიფო, რომლის ცენტრი ეგვიპტეში იმყოფებოდა. ჯვაროსნებს ნაცვლად ცალკეული სამთავრო-საამიროებისა დაუპირისპირდა დიდი სახელმწიფო, რომელსაც სათავეში ალ-აიუბ სალაჰ ად-დინი (სალადინი) ედგა (1171-1193). გაძლიერებულმა სულთანმა დაისახა სირია-პალესტინიდან ჯვაროსნების გაძევება. სალადინის გაძლიერება მძიმე და საშიშ მდგომარეობას უქმნიდა იერუსალიმელ ჯვაროსნებს და აიძულებდა მათ თავდაცვითი ღონისძიებების გატარებას, რაც, თავის მხრივ, იწვევდა გადასახადების ზრდას. იერუსალიმის მეფის ბალდუინ მეოთხის (1173-1185) მიერ დაწესებული ყოველწლიური გადასახადები (1177 წ., 1182 წ.) ჯვრის ტაძარსაც მძიმედ დააწვა. ბალდუინმა ჯვარს ზვრების ნაწილიც კი წაართვა.

სალადინმა დიდძალ ჯარს მოუყარა თავი და 1187 წელს აიღო იერუსალიმი. ქრისტიანობა კვლავ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჯვაროსნებმა მესამე ლაშქრობა წამოიწყეს (1189 წ.), მაგრამ დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს; აიღეს აკრა და იგი იერუსალიმის სამეფოს სატახტო ქალაქად გამოაცხადეს (იერუსალიმი კვლავ სალადინს ეპყრა), ხოლო 1192 წლის ზავით ანტიოქიის სამთავრო შეინარჩუნეს.

მაჰმადიანთა გარემოცვაში მოხვედრილ ჯვრის მონასტერს ქართველი მოღვაწენი შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ. ამ დახმარებამ განსაკუთრებული სახე მიიღო იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს სათავეში თამარ მეფე (1184-1213) იდგა. მაგრამ, ვიდრე ამ პერიოდზე დავიწყებდეთ საუბარს, გვსურს ორიოდე სიტყვა ვთქვათ თამარის ერთ გამოჩენილ თანამოღვაწეზე, რომელიც სწორედ თამარის გამეფების წინა წლებში ყოფილა იერუსალიმში. ესაა XII საუკუნის ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ცნობილი მწერალი ნიკოლოზ გულაბერისძე. იგი დაახლოებით 1150-1178 წლებში ქართულ ეკლესიას მეთაურობდა, შემდეგ „სიმდაბლისა ძალით ეჯმნა ქართლისა კათალიკოზობისაგან“ და წავიდა იერუსალიმს, სადაც დარჩა 1184 წლამდე, ვიდრე თამარმა არ „აღმოუწოდა წმიდით ქალაქით“. როგორც ჩანს, 1178-1184 წლები მან იერუსალიმში გაატარა და ჯვრის მონასტრის სასარგებლოდ გარკვეული ნაბიჯები გადადგა: მონასტრისეული ვენახი დაიხსნა – „უკუმოისყიდა“ და სხვა დახმარებაც აღმოუჩინა. არ არის გამორიცხული, რომ ნიკოლოზ გულაბერისძე იერუსალიმში მწიგნობრულ-შემოქმედებით საქმიანობასაც ეწეოდა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: