ბორჯიების იდუმალი და სკანდალური საგვარეულო


ბორჯიები იყვნენ ესპანური წარმოშობის იტალიური დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენლები.  ცნობილია, რომ ეს ოჯახი გარყვნილი წესებით მართავდა ე.წ. პაპობის ინსტიტუტს რენესანსის პერიოდში. სხვათაშორის, ისინი მიჩნეულნი არიან, როგორც ისტორიის პირველი კრიმინალური ოჯახი“ და იტალიური მაფიის წინამორბედნი. ოჯახის მეთაური როდრიგო ბორჯია (1431-1503) გახდა ეკლესიის ეპისკოპოსი, კარდინალი და კანცლერი. მოგვიანებით ის აირჩიეს რომის პაპად, მან აირჩია სახელი ალექსანდრე VI და შეინარჩუნა ეს პოზიცია მინიმუმ თერთმეტი წელი. ბორჯიების ოჯახის სხვა წარმომადგენლები იყვნენ: ლუკრეცია ბორჯია და ცეზარე ბორჯია — შესაბამისად როდრიგო ბორჯიას ქალიშვილი და ვაჟი. ამ ოჯახის წინააღმდეგ წაყენებული ბევრი ბრალდებიდან რამოდენიმე არის: ინცესტი, ღალატი, მკვლელობა და სკანდალი.

ბორჯიების საგვარეულოს ყველაზე ცნობილი წარმომადგენლების გარდაცვალებიდან თითქმის 5 საუკუნეზე მეტი გავიდა და ამის მიუხედავად, მათ დღემდე იდუმალისა და შემაძრწუნებელის აჩრდილი სდევთ თან. ისინი რომს მე-15-16 საუკუნეებში აკონტროლობდნენ. მათ შორის რომის 2 პაპი, რამდენიმე კარდინალი და  ჰერცოგები იყვნენ. ტიტულები , ზღაპრული სიმდიდრე და განუზომელი ძალაუფლება ჰქონდათ. სასახლეები რომში, ტოსკანაში, ფლორენციაში, ფერარაში. ფუფუნებით ცხოვრობდნენ და გართობაც უყვარდათ, თანაც ნიჭიერები და განათლებულები იყვნენ, ხელოვნებასაც მფარველობდნენ. მათ შორის ყველაზე ცნობილ როდრიგო ბორჯიაზე-შემდგომში რომის პაპ ალექსანდრე მეექვსეზე – და მის უკანონო შვილებზე, ცეზარესა და ლუკრეციაზე ლეგენდები დადის. მათი ყველაზე მეტად ეშინოდათ და სძულდათ კიდეც. იმ ხანად ბორჯიების საწამლავის მხოლოდ ხსენებაც კი შიშის ზარს  გვრიდათ. ალექსანდრე მეექვსემ, ერთგული ალქიმიკოსების წყალობით, ძლიერი და სუსტად მოქმედი შხაპების მთელი წყება შექმნა. მათი სახელგანთქმული საწამლავიანი ღვინო მოქმედებას მხოლოდ თვეების შემდეგ იწყებდა. ამ საწამლავებით სარგებლობდნენ როგორც რომის პაპი, ისე მისი შვილები. მათი უსუნო და უგემო შხამი, წვრილი კრისტალებით, ფოროსის მარმარილოს ჰგავდა.

მშვენიერი ლუკრეცია

მშვენიერ, ქერათმიან, ნატიფ ლუკრეციას ისტორიაში ყველაზე გარყვნილი, ფატალური და ვნებიანი ქალის რეპუტაცია აქვს. დარწმუნებით არავის შეუძლია თქმა, ნამდვილად ჰქონდა თუ არა მას ოთახში სუნამოებითა და საწამლავებით სავსე ფლაკონები მამაკაცთა საცდუნებლად და მოსაკლავად, ნამდვილად იყო თუ არა მისთვის მამაკაცის მოკვლის საყვარელი საშუალება დარიშხანით სავსე ბეჭდით ჩხვლეტა, თუ იგი მხოლოდ მამისა და ძმის რეპუტაციისა და მათი პოლიტიკური ინტრიგების მსხვერპლი გახდა. მამა და ძმა, როგორც ცნობილია, ლუკრეციას სილამაზით სარგებლობდნენ. ლუკრეცია კი მართლაც ზღაპრული სილამაზის იყო – საშუალო სიმაღლის, მშვენიერი აღნაგობის, გრძელი სახით, ოქროსფერი თმითა და მწვანე თვალებით, ნებისმიერს მოხიბლავდა. ამ ქალს ძმებთან და მამასთან კავშირი და საყვარლებისა და მტრების მოწამვლაში ადანაშაულებდნენ. ბოლოს კი ისე გარდაიცვალა, როგორც ფერარის ჰერცოგის ღვთისნიერსა და პატივსაცემ მეუღლეს შეეფერებოდა.

ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ლუკრეციას არასწორად აფასებენ. მას არასოდეს არავინ მოუწამლავს, უჭკვიანესი ქალი და სახელმწიფო მოღვაწე იყო, რომელიც პაპის არყოფნისას ვატიკანსაც კი მართავდა. ბორჯიების საწამლავზე მითი კი, ექსპერტების თქმით, გაცილებით გვიან, მეცხრამეტე საუკუნეში შეიქმნა. ეს მთლიანად მწერლების დამსახურებაა. ამ ოჯახის წევრებს რომაული ტრაგედიების გმირების მსგავსი ცხოვრება ჰქონდათ, იმდენად საინტერესო, რომ მათზე ყოველთვის ბევრს წერდნენ, მათ შორის ალექსანდრე დიუმა, ვიქტორ ჰიუგო და მაკიაველიც კი. ბორჯიებზე ფილმები და ტელესერიალებია გადაღებული, პიესები და საოპერო წარმოდგენებია დადგმული. ისტორიკოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ მათი რეპუტაცია, როგორც კაცისმკვლელების და შეუბრალებელი ჯალათებისა მეტისმეტად გაზვიადებულია, ხოლო მაკიაველი როდრიგო ბორჯიას სახელმწიფო ხელმძღვანელის იდეალადაც კი მიაჩნდა. ამობენ რომის პაპი იგი ხმების მოსყიდვით გახდაო. კათოლიკური ეკლესია, მისი მოღვაწეობის უდავო მიღწევების აღიარების მიუხედავად, ალექსანდრე მეექვსეს ერთმნიშვნელოვნად ვერ აფასებს.

ბორჯიები ესპანელი დიდგვაროვნები იყვნენ. როდრიგო იქ დაიბადა. რომში მაშინ გადავიდა, როდესაც მისი ბიძა რომის პაპი კალისტ მეექვსე გახდა. 25 წლის როდრიგო, ბიძის დაჟინებული თხოვნით, ვატიკანში დასახლდა და სულ მალე კარდინალი გახდა. ბიძა მალე გარდაეცვალა. თვითონ ძალზე ორგანიზებული და ნიჭიერი იყო და ამიტომ კარიერა სწრაფად გაიკეთა. მას საკმაოდ ბევრი ნაკლიც ჰქონდა. სრულიად თავშეუკავებელი იყო ჭამა-სმასა და გართობაში, ბანქოს თამაში და ქალებიც უყვარდა. შეუჩერებლად, განუწყვეტლივ ლაპარაკობდა. თავისი მანკიერი მახრეების დამალვას აუცილებლობად არ თვლიდა. მიზნის მისაღწევად არანაირ გზას არ ერიდებოდა. რომის პაპიც ამის წყალობით გახდა.

რომაელებს ახალი, ენერგიული პაპი მოსწონდათ. მან ქალაქში წესრიგი აღადგინა, თავისი განათლებით კმაყოფილი არ იყო და ამიტომ ლიტერატურას, მეცნიერებას და ხელოვნებას სწავლობდა. კარდინალობის პერიოდში 2 წიგნი დაწერა, რომის უნივერსიტეტიც განაახლა, პროფესორებსაც კარგად უხდიდა. კერ კიდევ კარდინალობისას სასულიერო პირისთვის შეუფერებელი ცხოვრება ჰქონდა. მრავალი საყვარელი ჰყავდა და ორგიებს აწყობდა. ეს ყველაფერი კი პაპის რეზიდენციაში ხდებოდა და მასში პაპის შვილები – ცეზარე და ლუკრეცია – მონაწილეობდნენ. როდრიგო მშვენიერ სასახლეში ცხოვრობდა და არანაირ სიამოვნებას არ იკლებდა. მას სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა ერთ რომაელ ქალთან, ვანოზა კატანისთან და მასთან 4 შვილი შეეძინა: ხუანი, ცეზარე, ლუკრეცია და ჟოფრე.

ლუკრეციას ბავშვობაზე არაფერია ცნობილი. მხოლოდ ის, რომ მას დედაც ანებივრებდა და მამაც. გოგონას იმ დროისათვის შესანიშნავი განათლება მისცეს: პოეზია, მუსიკა, ენები და ხელოვნება შეასწავლეს.  გარდა ამისა, მამამ ალქიმიაშიც განსწავლა, რაც როგორც ამბობენ მომავალში გამოადგა კიდეც. გოგონა თავისი ოჯახის ცხოვრებით ცხოვრობდა, ესწრებოდა წვეულებებსა და ორგიებს.. მამამ და ძმამ იგი სამჯერ გაათხოვეს და სამივეჯერ – პოლიტიკური და მატერიალური მოსაზრებით, საჭიროების შემთხვევაში არც მისი ქმრისა თუ

საყვარლის მოკვლას ერიდებოდნენ.

ლუკრეცია ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო, როდესაც მამამ მისთვის შესაფერის საქმროს ძიება დაიწყო. პირველად ერთი ესპანელი წარჩინებული შეურჩიეს, მაგრამ შემდეგ დაიწუნეს და როდრიგომ ნიშნობა გააუქმა. გოგონასთვის შესაფერისად მხოლოდ პეზაროს გრაფი, ჯოვანის სფორცა ჩათვალეს და 13 წლის ლუკრეცია მისი ცოლი გახდა. მამამ დიდებული ქორწილი გადაუხადა. ამ ამბის აღსანიშნავად სასახლეში პიესაც კი დადგეს. ამ ქორწინებით პაპი უმდიდრეს მილანელ ოჯახს დაუნათესავდა. ლუკრეციასა და ჯოვანის ერთმანეთი შეუყვარდათ, მაგრამ გავიდა ხანი და სფორცას ოჯახთან ნათესაობამ ბორჯიებისათვის უწინდებული მნიშვნელობა დაკარგა. ამიტომ სიძის თავიდან მოცილება განიზრახეს. ამის შესახებ ცეზარემ ლუკრეციას თვითონ შეატყობინა. ცეზარე ასეთ საქმეებში განსაკუთრებით შეუბრალებელი იყო. ლუკრეციამ მოასწრო ქმრის გაფრთხილება და ჯოვანიმ რომიდან გაქცევა მოახერხა. სიკვდილს კი გადაურჩა, მაგრამ ბორჯიებმა მოსთხოვეს, ქმარი იმპოტენტად გამოეცხადებინა და ქორწინება გაეუქმებინა. ჯოვანის ბიძა, კარდინალი ასკანიო სფორცა, ამ ამბავმა აღაშფოთა. ვატიკანში სწორედ მაშინ დაიწყეს მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ ლუკრეციას მამასთან და ძმასთან ჰქონდა კავშირი და ისინი ყველანაირად მანიპულირებდნენ ამ ქალით. ბოლოს და ბოლოს სფორცას იმპოტენცია აღიარებინეს, ლუკრეცია კი მოანასტერში გადაიყვანეს.

სულ მალე გაირკვა, რომ ლუკრეცია ორსულად იყო. მის საყვარლად ესპანელი ჯენტლმენი , პედრო კალდერონი დაასახელეს. დიდი სკანდალი ატყდა.  ლუკრეციას მონაწილეობა მიაღებინეს გარკვეულ ცერემონიალში და მას შემდეგ ვატიკანმა ქალწულად გამოაცხადა. ცეზარემ შურისძიება გადაწყვიტა. კალდერონი ციხეში ჩასვეს, 2 დღეში კი მისი გვამი მდინარეში იპოვეს. ამ ურთიერთობის შედეგად ლუკრეციას  ვაჟი, ჯოვანი შეეძინა. მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ვიდრე ბიჭუნას 3 წელი არ შეუსრულდა. შემდეგ ბორჯიებმა იგი ცეზარეს უკანონო შვილად გამოაცხადედს.

ცეზარე ბორჯია

ამასობაში 17  წლის ლუკრეციას ახალი საქმრო შეურჩიეს – ნაპოლის მეფის ძმისშვილი, არაგონელი პრინცი, 17 წლის ალფონსო. ერთმანეთი უყვარდათ, რომსა და ნაპოლს შორის მოგზაურობდნენ. იმხანად ლუკრეცია უკვე ერეოდა პოლიტიკაში, მამასთან ერთად მიღებებს ესწრებოდა, ბრძანებებსაც ხელს აწერდა და დამნაშავეებსაც სჯიდა. იგი ვატიკანის ძვირფას სასახლეში ცხოვრობდა. დღისით მამამისის საყვარელ სანახაობას – ხარების ბრძოლას უყურებდა, ღამით მეჯლისებსა და მასკარადებს აწყობდა.

უეცრად პოლიტიკური ვითარება შეიცვალა. ბორჯიების არაგონელი პრინცი აღარ სჭირდებოდათ, თან ცეზარე, ქმარზე უგონოდ შეყვარებულ ლუკრეციაზეც. ეჭვიანობდა და პრინც ალფონსოზე შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო. დიდი მცდელობის მიუხედავად, პრინცი ვერ მოკლეს. მან სახლამდე მიაღწია. მძიმედ დაჭრილი მოგვიანებით საკუთარ ლოგინში გაგუდეს.

ლუკრეციას მესამე და უკანასკნელი ქმარი ფერარეს ჰერცოგი იყო – მკაცრი, ძლიერი და სიტყვაძუნწი მამაკაცი. მას ასტროლოგია, მუსიკა და საროსკიპოები უფრო აინტერესებდა, მაგრამ ახალშერთულმა ცოლმა დაატყვევა. პირველად ლუკრეციას შერთვა არც უნდოდა, რადგან იმხანად ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ქვრივისთვის შეუფერებლად იქცეოდა და გართობას არ იკლებდა. ბორჯიებმა მას ფასდაუდებელი მზითვი შესთავაზეს და ამის შემდეგ ჰერცოგმა იგი შეირთო.  ლუკრეციას მასთან 4 შვილი შეეძინა. იგი მოყვარულ ცოლად და სანიმუშო დედად იქცა. მართალია ქმარი უყვარდა, მაგრამ საკმაოდ ბევრი რომანიც ჰქონდა. მათ შორის, ერთი, ყველაზე გახმაურებული პოეტ ბემბოსთან. იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა ეს ურთიერთობა მხოლოდ პლატონური იყო. მიუხედავად ამისა ქმარმა აიძულა, პოეტი სასახლიდან დაეთხოვა. ბემბო ვენეციაში გადასახლდა და ლუკრეციას ნაღვლიან წერილებს იქედან წერდა. მალე მათ შორის ეს ურთიერთობაც დასრულდა.

ამასობაში 77 წლის პაპი ალექსანდრე მეექვსე გარდაიცვალა, როგორც ამბობენ , იგი საკუთარი საწამლავით მოწამლეს. ამ ამბავმა ცეზარე გაანადგურა,. იგი კარდინალი და უძლიერესი პიროვნება იყო. ყველაზე მეტად ნადიმები უყვარდა, თუმცა როგორც მასპინძელი არავის მოსწონდა. მისი სამხედრო და პოლიტიკური ინტრიგებით აღსავსე ცოვრება 1507 წელს დასრულდა. ლუკრეცია კი 38 წლისა, მეხუთე ბავშვზე მშობიარობას გადაჰყვა.

ბორჯიების სახელგანთქმული საწამლავები

ლეგენდის მიხედვით, ბორჯიების ნადიმები მოლოდ იმით იყო განთქმული, რომ მათზე ერთი-ორი ადამიანის სიკვდილი ჩვეულებრივი  იყო. ზედაპირული შეფასებით, მათ სულ მცირე 50-70 კაცი ნამდვილად ჰყავდათ მოწამლული. გავრცელებული აზრის მიხედვით, პაპის საყვარელი მომაკვდინებელი შხამი კანტარელა იყო. მას სხვადასხვა კერძს სრულიად შეუმჩნევლად უმატებდნენ.  დიუმა ამ საწამლავის შექმნის ისტორიას შემდეგნაირად მოგვითხრობს. იგი ირწმუნება, რომ ბორჯიებმა დარიშხანის ძლიერი დოზა დათვს გადააყლაპეს, როგორც კი საწამლავმა იმოქმედა, ცხოველს პირიდან დუჟი წამოუვიდა. იგი ვერცხლის ჭურჭელში შეინახეს, საგულდაგულოდ იცავდნენ და საჭირო შემთხვევაში დაუფიქრებლად იყენებდნენ. სხვა ცნობის მიხედვით კი, ბორჯიები იმ დროის იტალიელი წარჩინებულებისგან დიდად არ განსხვავდებოდნენ, არც უკეთესები იყვნენ და არც უარესები. თვითონ არავის წამლავდნენ, მაგრამ ხელისუფლების სათავეში იდგნენ და მტრებს უფრთხოდნენ. მე-15-16 საუკუნეებში საწამლავი პოლიტიკური მტრების თავიდან მოცილების ყველაზე საინტერესო და გავრცელებული გზა იყო. ბორჯიებს ამის ეშინოდათ და კერძებს პირველად დაქირავებულ ხალხს ასინჯებდნენ. ზოგიერთი საწამლავი ამოქმედებას გვიან იწყებდა და ამიტომ ისინი, როგორც წესი, შედეგს 1 საათი მაინც ელოდნენ. სადილად მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ სხდებოდნენ. ამბობდნენ , რომ ამის გამო მათ ცხელი კერძი არასოდეს უჭამიათ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: