Archangel (part I)


მთავარანგელოზი ან არქანგელოზი დაწინაურებული ან მაღალი რანგის ანგელოზია. ისინი რამდენიმე რელიგიურ ტრადიციაში მოიხსენიებიან, მათ შორის ქრისტიანობაში, ისლამში, იუდაიზმსა და ზოროასტრიზმში. სიტყვა არქანგელოზი მომდინარეობს ბერძნულიდან arche (მმართველი ან წყარო) და angelos (მაცნე).

ანგელოზთა იერარქია

ანგელოზთა დასნი სამ იერარქიად განიყოფებიან. უმაღლეს იერარქიას შეადგენენ: სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. ყოვლადწმიდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან სერაბიმნი (ანთებულნი, ცეცხლოვანნი) ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ალით აღაგზნებენ. სერაბიმთა შემდგომ უფალთან დგანან ქერუბიმნი, რომელთა სახელი ნიშნავს: სიბრძნის გარდამოსვლას, განათლებას. ქერუბიმებს მოსდევენ საყდარნი, რომლებიც ღვთის მართლმსაჯულებას ემსახურებიან.

ანგელოზთა საშუალო იერარქიას შეადგენენ: უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი. უფლებანი ანგელოზთა მომდევნო დასებზე მეუფებენ, ღვთისგან დადგენილ მიწიერ ხელისუფალთ ბრძნულ მართვა-განმგებლობაში შეეწევიან, გვეხმარებიან ცოდვილ გულისთქმათა დაოკებაში. ძალნი ღვთის ნებით უფლის რჩეულებზე მორჩილებას, მოთმინებას, საკვირველთქმედების და განჭვრეტის მადლს გარდამოავლენენ. ხელმწიფებანი ადამიანებს ეშმაკის საცდურთაგან განარიდებენ და ბოროტ გულისთქმებთან ბრძოლაში ეხმარებიან, განამტკიცებენ და იცავენ მოსაგრეებს. უმდაბლესი იერარქია მოიცავს სამ დასს: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.

საწყისნი მთავარანგელოზებს აღძრავენ ღვთის ბრძანებათა შესრულებისათვის. საწყისებს დავალებული აქვთ სამყაროს განმგებლობა, ქვეყნების, ხალხებისა და ტომების დაცვა. ისინი ადამიანებს ასწავლიან, რომ ყველას თავისი ღირსების შესაფერი პატივი მიაგონ.

მთავარანგელოზნი უფლის ნებას გვაუწყებენ. გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს.

ანგელოზნი ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან. ისინი ღვთის განგებულებას გვამცნობენ. არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან შეგვეწიონ.

მთავარანგელოზებსაც აქვთ განსაკუთრებული დავალება უფლისაგან:

1. მთავარანგელოზი მიქაელი არის მძლეველი ყველა მტრული ძალისა, მფარველი ყოველგვარი განსაცდელისა და ბოროტი ცოდვებისაგან.

2. მთავარანგელოზი გაბრიელი კი არის სიმაგრე ღვთისა და კეთილი მაცნე ღვთის საიდუმლოსი.

3. მთავარანგელოზი რაფაელი სნეულებათა მკურნალი და გზაზე დამაყენებელია.

4. მთავარანგელოზი ურიელი უცოდინართა განმანათლებელი და ლოცვის სურვილის აღმძვრელია.

5. მთავარანგელოზი იეგუდიელი მგზავრობის მფარველი და გაჭირვებულთა შემწეა.

6. მთავარანგელოზი ვარაქიელი კაცთა შუამავალია უფლის წინაშე, მათთვის უფლისგან მადლის გამომთხოვნელი; მფარველი სულიერი და ხორციელი სიწმინდისა.

7. მთავარანგელოზი სელაფიელი სნეულებათაგან მკურნალი და კაცთათვის მლოცველია ღვთის წინაშე.

8. მთავარანგელოზი იერომიელი ადამიანთა გულებში ღვთისადმი სიყვარულის აღმძვრელია.

9. მთავარანგელოზი ტახნილი შემწე და მფარველია უბედურებათა და თავდასხმათაგან.

იუდაიზმში

ებრაული ბიბლიის (ძველი აღთქმა) კანონიკურ წერილებში რაიმე პირდაპირი მინიშნება არქანგელოზებზე არ არსებობს. უფრო მეტიც თავად ანგელოზებიც კი უცხოა გარდა შედარებით გვიანდელი წყაროებისა, როგორიცაა დანიელის წიგნი. ყველაზე ადრეული მინიშნებები არქანგელოზებზე არის აღთქმათა შორის პერიოდის ლიტერატურაში (მაგ. 4 ესდრას 4.36). შესაბამისად ვარაუდობენ, რომ ებრაელთა ინტერესი ანგელოზთა მიმართ განვითარდა მათი ბაბილონელთა ტყვეობაში ყოფნის დროს. რაბინი შიმონ ბენ ლაკშ ტიბერიელის (230–270) თანახმად ანგელოზთა ყველა სპეციფიური სახელები ებრაელთა მიერ ბაბილონიდანი იყო მოტანილი და ზოგიერთი თანამედროვე კომენტატორის მტკიცებით ანგელოზთა იერარქიის დეტალები ძირითადად ზოროასტრული წარმოშობის უნდა იყოს. რაბინული ტრადიციისა და კაბალას მიხედვით მთავარგანგელოზთა რიცხვად მიღებულია შვიდი: მიქაელი, რაფაელი, გაბრიელი, ურიელი, სარიელი, რაგელი და რემიელი (ან რამიელი). ზოგიერთ წყაროში არქანგელოზთა რიცხვში ასევე არიან: ზადკიელი, ჯოფიელი, ჰანიელი და ხამუელი.

ქრისტიანობაში

ახალი აღთქმა იშვიათად ახსენებს ანგელოზებს, და მხოლოდ ორჯერ ახსენებს მთავარანგელოზებს, მიქაელს იუდას 1:9 (სადაც გაკვრით არის ნახსენები ებრაული ლეგენდიდან) და თესალონიელთა 4:16, რომლის მიხედვით “არქანგელოზის ხმა” ამცნობს ქვეყნიერებას ქრისტეს დაბრუნებას. პოპულარული რწმენის მიუხედავად გაბრიელი სახარებებში მთავარანგელოზად ნახსენები არსადაა.

გვიანდელ ქრისტიანულ ტრადიციაში ჩნდება სამი არქანგელოზი: მიქაელი, გაბრიელი და რაფაელი (ხანდახან ურიელია ნახსენები როგორც მეოთხე). აღმოსავლეთ ორთოდოქსული ტრადიციით შვიდი მთავარანგელოზია. ურიელი მათ რიცხვშია, ხოლო დანარჩენი სამია: სელაფიელი, იეგუდიელი და ვარახიელი. ზოგჯერ სატანა მოიაზრება როგორც დაცემული მთავარანგელოზი, რომლის თავდაპირველი სახელი იყო ლუციფერი. ზოგიერთი პროტესტანტი მთავარანგელოზად მხოლოდ მიქაელს აღიარებს, ვინაიდ მხოლოდ ის არის გარკვევით ნახსენები ბიბლიაში. პროტესტანტულ ბიბლიაში რაფაელი საერთოდ არ მოიხსენიება და ამგვარად ცნობილი არ არის. თუმცა რაფაელი ნახსენებია ტობიტის წიგნში – ერთ-ერთი დეუტეროკანონიკური წიგნი. ამ ტექსტში რაფელი დახმარებისთვის მოევლინება ტობიტს, კურნავს რა მას და მის შვილს სიბრმავისგან და განდევნის დემონს, რომელიც მათ მოკვლას უპირებდა.

იეჰოვას მოწმეებს სწამთ რომ იესო ქრისტე ფაქტიურად ხორცშესხმული მთავარანგელოზი მიქაელი იყო. ამ მოსაზრებით მიქაელი არის პირველი და უდიდესი ღმერთის ქმნილებათაგან. ეს ეწინაარმდეგება პროტესტანტულ მოსაზრებას, რომლის მიხედვით მთავარანგელოზი მიქაელი ანგელოზი არ არის, არამედ უშობელი ღვთაებრივი ძეა ღმერთის. ამავე მოსაზრებით “არქანგელოზი” ნიშნავს “ანგელოზთა მთავარს” და არა “მთავარ ანგელოზს” და ამგვარად ის მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს.

მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში, ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა. ლაოდიკიის კრებამ დაგმო და უარყო ანგელოზებისადმი ღვთაებრივი პატივის მიგება და დაამტკიცა მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა.

დღესასწაული აღინიშნება მარტიდან (საიდანაც ძველად წელიწადის ათვლას იწყებდნენ) მეცხრე თვეს – ნოემბერში (ხსენება- 8 (21) ნოემბერი), რაც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება. თვის მერვე დღე მიგვანიშნებს ყოველთა უხორცოთა ზეცისა ძალთა შეკრებაზე „დღესა მერვესა“, როგორც წმიდა მამები უწოდებენ უფლის მეორედ მოსვლასა და საშინელ სამსჯავროს. წმიდა მამები სამყაროს არსებობის ხანას სიმბოლურად შესაქმის შვიდ დღეს უკავშირებენ, შვიდი ათასწლეულის შემდეგ („რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე“; ფს. 89, 4) კი უნდა დადგეს „დღე მერვე“, „რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსთა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა“ (მთ. 25, 31).

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: